ელისო ჩაფიძე - ჩვენ წავალთ იმისკენ, რომ, შესაძლოა, ახალი კანდიდატურების განაცხადები მიიღოს კომისიამ

2013.12.28 ავტორი: TS

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კონკურსში ახალი კონკურსანტების ჩართვას არ გამორიცხავს.

„უმრავლესობაში ჯერ კიდევ გრძელდება კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, ვინ შეიძლება წარვადგინოთ საკონკურსო კომისიის მიერ შემოთავაზებული 27 კანდიდატიდან. ასევე, უმრავლესობის მიღმა დარჩენილმა 17-მა დეპუტატმაც უნდა შეძლოს შეთანხმება ერთ კანდიდატზე. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, პარლამენტის თავმჯდომარემ, შესაძლოა, კვლავ სთხოვოს კომისიას დამატებითი განცხადებების მიღება,“- განაცხადა ელისო ჩაფიძემ TSpress-თან საუბარში.


მისივე თქმით, ახალი განაცხადების მიღებასთან დაკავშირებით საუბრები აქტუალური საზოგადოების ნაწილის მოსაზრების გამო გახდა, რადგან გამოითქვა წუხილი, რომ კონკურსის შესახებ დროულად ბევრმა ვერ შეიტყო.



„მართალია, ეს საჩივრები ცოტა უცნაურად მიმაჩნია, მაგრამ, როგორც ჩანს, რეალურად, ჩვენ წავალთ იმისკენ, რომ შესაძლოა, ახალი კანდიდატურების განაცხადები და კონცეფციები მიიღოს კომისიამ,“- განმარტა ჩაფიძემ.



„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი ეკა ციმაკურიძე კი TSpress-თან საუბრისას განმარტავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დარჩენილი 6 კანდიდატი კვლავ საკონკურსო კომისიის მიერ დასახელებული 27 კანდიდატიდან უნდა შეირჩეს.



„დარჩენილი კვოტები 27 კანდიდატის სიიდან უნდა შეირჩეს. კანონით საპარლამენტო კენჭისყრის დროს ჩავარდნილი კანდიდატურების კვლავ დასახელება შესაძლებელია. ერთი და იგივე კანდიდატი შეიძლება ორჯერ იყოს დასახელებული. უფლებამოსილ პირებს სულ 3-ჯერ შეუძლიათ განახორციელონ წარდგენა. თუ პარლამენტმა სამივეჯერ უარი თქვა კანდიდატების დამტკიცებაზე, ამის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება, ხელახალი კონკურსი გაიმართოს,“- განაცხადა ეკა ციმაკურიძემ.



პარლამენტის გადაწყვეტილებით, დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მხოლოდ 3 წევრი - მარინა მუსხელიშვილი, ქეთევან მსხილაძე და ნათელა სახოკია - დამტკიცდა, 6 ადგილი კი ვაკანტური დარჩა.



მარინა მუსხელიშვილი საკონკურსო კომისიის მიერ დასახელებული 27 კანდიდატიდან სახალხო დამცველმა შეარჩია, ქეთევან მსხილაძე - „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ნათელა სახოკია კი „ქართულმა ოცნებამ“. პარლამენტმა ნდობა არ გამოუცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ დასახელებულ კანდიდატს - გენო გელაძეს და „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე კანდიდატს - ნინია კაკაბაძეს.



დეპუტატებმა 4 ადგილი ვაკანტური კენჭისყრამდე დატოვეს. საპარლამენტო უმრავლესობამ და უმცირესობამ მათთვის კანონით დადგენილი 3-3 კანდიდატი არ წარადგინეს, რის შედეგადაც სხდომაზე 9 კანდიდატის ნაცვლად საკანონმდებლო ორგანომ კენჭი მხოლოდ 6 კანდიდატს უყარა.



შეგახსენებთ: საკონკურსო ვადებში სამეურვეო საბჭოს წევრობაზე განაცხადი 68 კანდიდატმა შეიტანა. მათგან საკონკურსო კომისიამ პირველ ეტაპზე 35, შემდეგ კი 27 კანდიდატი შეარჩია. 27-კაციანი სიიდან ფავორიტების შერჩევა გაუჭირდა პარლამენტს, რასაც საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება მოყვა. ორგანიზაციამ „კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ განცხადება გაავრცელა და ყურადღება სამეურვეო საბჭოს წევრების შერჩევის პროცესის გამჭვირვალობაზე გაამახვილა.



საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის საკითხზე სპეციალური განცხადება გაავრცელა აშშ-ის საელჩომაც.

 

სამეურვეო საბჭოს 6 წევრის დამტკიცების მიზნით პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, შესაძლოა, იანვარში დაინიშნოს.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED