„გახსოვდეთ, რომ პროკურატურა ყაჩაღის ხელშია“ - ადვოკატმა ვანო მერაბიშვილის წერილი ტელეეთერში წაიკითხა

2013.12.24 ავტორი: TS

ვანო მერაბიშვილის ადვოკატი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილის მიერ ციხიდან გატაცებასთან დაკავშირებით განცხადების ერთი კვირის წინ გაკეთების მიუხედავად, ამ საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა და დღეს საუბარია იმის შესახებ, რომ საკითხზე მოკვლევა ხორციელდება.

კახიძის განმარტებით, საქართველოში „მოკვლევა“, როგორც მოქმედება, 2006 წლიდან აღარ არსებობს და მის ნაცვლად არსებობს „ინფორმაცია დანაშაულის შესახებ“ და დაუყოვნებლივ, სავალდებულო წესით გამოძიების დაწყება. ადვოკატმა „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას ვანო მერაბიშვილის წერილზეც ისაუბრა.

 

„დღეს 24 დეკემბერია, უკვე 10 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც მე მატროსოვის ციხიდან გამიტაცეს და 1 კვირა მას შემდეგ, რაც მე ამის შესახებ საჯაროდ განვაცხადე. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა ვალდებული იყო, ჩემი განცხადების შემდეგ გამოძიება დაეწყო, ეს დღემდე არ გაკეთებულა.

 

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, ვინც გამოძიების დაწყება მოითხოვა, ყველასთვის ცხადია, რომ მათი განცხადებები არა კონკრეტულად ჩემი, არამედ, კანონის უზენაესობის დაცვას ემსახურება. დღეს საპარლამენტო უმრავლესობამ უარი თქვა საგამოძიებო კომისიის შექმნაზეც.

 

მთავრობამ განაცხადა, რომ საქმეს სასჯელაღსრულების გენინსპექციაც გამოიძიებს, თუმცა, შემთხვევიდან 10 დღის თავზე, მე არავინ დამკავშირებია და ამ ფაქტის ირგვლივ ინფორმაცია არ მოუთხოვია. როგორც სასჯელაღსრულების მინისტრის განცხადებიდან შევიტყვე, ჯერ ვიდეოფირებიც არ არის ამოღებული. მეტიც, პროკურატურამ და სასჯელაღსრულების სამინისტრომ არ იციან, ფირები საერთოდ არსებობს თუ არა.

 

მე მინდა ვთხოვო საზოგადოებას, ნუ მისცემთ ივანიშვილს საშუალებას, მიაფუჩეჩოს ეს საქმე და გვერდი აუაროს კითხვებზე პირდაპირი პასუხების გაცემას. ამით არა მხოლოდ ჩემს, არამედ, პირველ რიგში თქვენს უფლებებს დაიცავთ, გახსოვდეთ, რომ პროკურატურა ყაჩაღის ხელშია,“- აღნიშნულია მერაბიშვილის წერილში, რომელიც ოთარ კახიძემ პირდაპირ ეთერში წაიკითხა.

 

შეგახსენებთ: ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გასულ კვირაში სასამართლო სხდომაზე მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ზეწოლაში დაადანაშაულა. "პარასკევს, გვიან ღამით, შაბათს დილას 2-ის ნახევარზე გამომიყვანეს ციხიდან, ჩამსვეს მანქანაში თავზე გადამახურეს ჩემივე მოსაცმელი და წამიყვანეს ჩემი ვარაუდით სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. იმ კაბინეტში დამხვდა ორი ადამიანი. პირადად მთავარი პროკურორი ფარცხალაძე დამემუქრა, რომ თუ "ვითანამშრომლებდი" ზურაბ ჟვანიას საქმეზე და ასევე მივაწვდიდი ინფორმაციას სააკაშვილის "ნაშოვნი ფულის" ადგილსამყოფელზე, ქვეყნიდან გასვლის შანსს მომცემდა , წინააღმდეგ შემთხვევაში, ციხეში გამიუარესდებოდა პირობები და ჩემს პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ მეგობრებსაც დაიჭერდნენ", - განაცხადა მერაბიშვილმა.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED