კახა კოჟორიძე - ფარცხალაძის მთავარ პროკურორად დარჩენა მიუღებელია

2013.12.24 ავტორი: TS

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ მთავარი პროკურორი მის წინააღმდეგ გავრცელებული ინფორმაციების შემდეგ თანამდებობაზე არ უნდა დარჩეს.

„არ მგონია, რომ გერმანიის სასამართლოს გაუგებარი გადაწყვეტილება გამოეტანოს. თუ შეცდომა იყო და სხვაში აერიათ, გერმანიის კანონმდებლობა აძლევდა მას საშუალებას, გაესაჩივრებინა გადაწყვეტილება და დაედასტურებინა, რომ ეს გაუგებრობა იყო... იმ ინფორმაციითაც კი, რაც ამ ეტაპზე მან აღიარა, ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის თუ იურისტისთვის, ისევე, როგორც საიას-თვის, მიუღებელი იქნება, რომ მან გააგრძელოს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მუშაობა,“- განაცხადა კოჟორიძემ ინგა გრიგოლიას გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“.

 

მისივე თქმით, პროკურორის მიერ დღეს გავრცელებული განცხადებით საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხი ვერ გაეცა და დამატებითი კითხვებიც გაჩნდა. კოჟორიძე განმარტავს, რომ ფარცხალაძის წარსულის შესახებ ორი კვირის წინ შეიტყო და საია მის გახმაურებამდე ინფორმაციის გადამოწმებას ელოდებოდა.

 

„ვფიქრობ ამ ფაქტის შესახებ არ იცოდა არც იუსტიციის მინისტრმა და არც პრემიერ-მინისტრმა. არ მგონია, რომ არსებული ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში მათ ეს გადაწყვეტილება მიეღოთ,“- განაცხადა კოჟორიძემ.

 

საია-ს ხელმძღვანელის განმარტებით, ფარცხალაძის მთავარ პროკურორად დანიშვნის გამო პასუხისმგებლობა იუსტიციის მინისტრსა და პრემიერ-მინისტრსაც ეკისრება.

 

შეგახსენებთ: გიგი უგულავამ 23 დეკემბერს განაცხადა, რომ, საქართველოს მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გასამართლებულია აუგსბურგის რაიონული სასამართლოს მიერ გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 249-ე და 252-ე მუხლებით ყაჩაღური ქურდობისთვის.

 

„ოთარ ფარცხალაძეს მიესაჯა ძირითადი სასჯელი პატიმრობა 1 წელი და 3 თვე აუგსბურგის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა პასიური საარჩევნო უფლებისა და გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა. დამატებითი სასჯელი ძალაშია 2016 წლის 22 აგვისტომდე. განაჩენი კანონიერ ძალაში 2001 წლის 14 მარტს შევიდა.“ უგულავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დღეს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული განცხადებით უპასუხა მთავარმა პროკურორმა. „2000 წელს ნამდვილად ვიმყოფებოდი გერმანიაში, სადაც ინციდენტი შემემთხვა გერმანიის პოლიციასთან. სამართალდამცველს, რომელსაც მოგვიანებით დადგინდა რომ ინფორმაცია ჰქონდა სხვა პირის მიერ ჩადენილ დანაშაულზე, მოუვიდა შეცდომა, მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მოხდა კონფლიქტი. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ ინციდენტის ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლომ დამიდგინა პოლიციელთან შელაპარაკების ბრალეულეობა. მინდა განვაცხადო, რომ ამ ინციდენტს ჩემი ქვეყნიდან დეპორტი და სხვა იძულებითი ღონისძიებები არ მოჰყოლია, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ჩემს უდანაშაულობას. ასევე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ მას შემდეგ საქმიანი და პირადი ვიზიტით არაერთხელ ვიმყოფებოდი გერმანიაში და ქვეყანაში შესვლისა და მისი დატოვების დროს არანაირი სახის პრობლემა არ შემქმნია,“- განმარტა ფარცხალაძემ. მან პროკურატურის ვებგვერდზე საკუთარი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლიც გამოაქვეყნა.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED