მამუკა ჟღენტი - საუბარი იყო იმაზე, რომ ფარცხალაძის ბიოგრაფიაში გარკვეული სახის კრიმინალური ჩანაწერი არსებობდა

2013.12.24 ავტორი: TS

საქართველოს ყოფილი ელჩი ევროსაბჭოში მამუკა ჟღენტი აცხადებს, რომ მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის წარსულის შესახებ ინფორმაცია გერმანელი პარტნიორებისგან ჰქონდა, თუმცა დაზუსტებით არ იცოდა, რა ტიპის კრიმინალურ შემთხვევაზე იყო საუბარი.

„არასწორია ინფორმაცია, რომ იქ იყო საუბარი ნასამართლეობაზე. უბრალოდ, საუბარი იყო იმაზე, რომ მის ბიოგრაფიაში გარკვეული სახის კრიმინალური ჩანაწერი არსებობდა. ამის თაობაზე ჩვენს გერმანელ პარტნიორებს გარკვეული ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა, მათ არ დაუზუსტებიათ, რა ინფორმაციაზე იყო საუბარი. და ვერც ვერავინ დადებდა თავს ამაზე, მოგეხსენებათ, ამ ტიპის ინფორმაცია გერმანიაში საკმაოდ დაფარულია და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია ბევრი ნორმით არის დაცული,“- განაცხადა მამუკა ჟღენტმა ინგა გრიგოლიას გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“.

 

მისივე თქმით, დაზუსტებით არ იცის, რომელ კრიმინალურ შემთხვევაზე მოუყვნენ მას გერმანელი პარტნიორები და არის თუ არ ეს ის შემთხვევა, რაზეც თბილისის უფლებაშეჩერებულმა მერმა გიგი უგულავამ საჯაროდ ისაუბრა.

 

ჟღენტის განცხადებით, ასევე გაჟონა ინფორმაციამ, რომ ოთარ ფარცხალაძის შესახებ გარკვეული კითხვები ფინანსურ პოლიციაში მისი მუშაობის პერიოდშიც გაჩნდა. „როგორც ვიცი, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით იყო საუბარი, დეტალები არ ვიცი,“- განაცხადა მამუკა ჟღენტმა.

 

შეგახსენებთ: გიგი უგულავამ 23 დეკემბერს განაცხადა, რომ: "საქართველოს მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გასამართლებულია აუგსბურგის რაიონული სასამართლოს მიერ გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 249-ე და 252-ე მუხლებით ყაჩაღური ქურდობისთვის. ოთარ ფარცხალაძეს მიესაჯა ძირითადი სასჯელი პატიმრობა 1 წელი და 3 თვე აუგსბურგის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა პასიური საარჩევნო უფლებისა და გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა. დამატებითი სასჯელი ძალაშია 2016 წლის 22 აგვისტომდე. განაჩენი კანონიერ ძალაში 2001 წლის 14 მარტს შევიდა.

 

უგულავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დღეს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული განცხადებით უპასუხა მთავარმა პროკურორმა:

 

„2000 წელს ნამდვილად ვიმყოფებოდი გერმანიაში, სადაც ინციდენტი შემემთხვა გერმანიის პოლიციასთან. სამართალდამცველს, რომელსაც მოგვიანებით დადგინდა, რომ ინფორმაცია ჰქონდა სხვა პირის მიერ ჩადენილ დანაშაულზე, მოუვიდა შეცდომა, მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მოხდა კონფლიქტი. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ ინციდენტის ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლომ დამიდგინა პოლიციელთან შელაპარაკების ბრალეულეობა. მინდა განვაცხადო, რომ ამ ინციდენტს ჩემი ქვეყნიდან დეპორტი და სხვა იძულებითი ღონისძიებები არ მოჰყოლია, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ჩემს უდანაშაულობას. ასევე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ მას შემდეგ საქმიანი და პირადი ვიზიტით არაერთხელ ვიმყოფებოდი გერმანიაში და ქვეყანაში შესვლისა და მისი დატოვების დროს არანაირი სახის პრობლემა არ შემქმნია,“- განმარტა ფარცხალაძემ. მან პროკურატურის ვებგვერდზე საკუთარი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლიც გამოაქვეყნა.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED