„უდიპლომო“, „ნასამართლევი“, თუ ორივე ერთად?

2013.12.24 ავტორი: TS

„უდიპლომო“, „ნასამართლევი“, თუ ორივე ერთად?- საზოგადოებას ამგვარი ვარაუდები მთავარი პროკურორის მისამართით გაუჩნდა. ქვეყნის მთავარი ბრალმდებლის განათლება საეჭვოდ  ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა გასულ კვირაში მიიჩნია და ფარცხალაძისგან დიპლომისა და საშუალო განათლების ატესტატის საჯაროდ გამოქვეყნება მოითხოვა, მერის უფლებამოსილებაშეჩერებულმა გიგი უგულავამ კი დღეს მისი ნასამართლეობის შესახებ განცხადება გააკეთა.

მთავარ პროკურორს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები, ამ დრომდე არ გამოუმზეურებია. საზოგადოების ნაწილის კითხვებზე პირველადი პასუხები მთავარი პროკურორის პრესსამსახურის უფროსმა თემურ დოლიძემ გასცა. დოლიძის მტკიცებით, ფარცხალაძე განსაკუთრებული ნიჭის გამო სკოლაში „გადაახტუნეს“ და დროზე ადრე უმაღლესი სასწავლებლის დასრულებაც ასე მოახერხა - 1976 წელს დაბადებულმა მთავარმა პროკურორმა, ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული საკუთარი პერსონალური მონაცემების თანახმად, უნივერსიტეტი 1995 წელს დაასრულა - 19 წლის ასაკში.

 

მთავარი პროკურორის განათლების საკითხი, ამჯერად, მისი სავარაუდო ნასამართლევობის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ გადაფარა. თბილისის მერის თანამდებობიდან სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე გადაყენებულმა გიგი უგულავამ  „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მაყურებელს სკანდალური ამბავი მოუყვა.

 

მისი მტკიცებით:  "საქართველოს მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გასამართლებულია აუგსბურგის რაიონული სასამართლოს მიერ გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 249-ე და 252-ე მუხლებით ყაჩაღური ქურდობისთვის. ოთარ ფარცხალაძეს მიესაჯა ძირითადი სასჯელი პატიმრობა 1 წელი და 3 თვე აუგსბურგის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. 

 

დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა პასიური საარჩევნო უფლებისა და გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა. დამატებითი სასჯელი ძალაშია 2016 წლის 22 აგვისტომდე. განაჩენი კანონიერ ძალაში 2001 წლის 14 მარტს შევიდა.“

 

უგულავას ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ფარცხალაძესთვის უფლებამოსილების შეჩერებაა - თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებულ მერს სურს ფარცხალაძეს მისი მსგავსი სტატუსი ჰქონდეს.

 

„ბატონ ფარცხალაძესთან დაკავშირებით განცხადება მართლაც დასაფიქრებელია. ვფიქრობ, რომ სიმართლე უნდა დადგინდეს უახლოეს მომავალში. თუ ეს მართალია მაშინ ჩემი პოზიციაა, რომ საქართველოს მთავარი პროკურორი ყაჩაღობისთვის ნასამართლევი არ უნდა იყოს, რამდენი წელიც არ უნდა იყოს გასული და ფორმალურად თანამდებობაზე მისი დანიშვნის შესაძლებლობის მიუხედავად. სიმართლის დადგენა მარტივია, გერმანიის მთავრობა არ დააყოვნებს, რომ უპასუხოს საქართელოს მთავრობის მიმართვას ამ საკითხთან დაკავშირებით. ასევე გერმანიაში საქართველოს საელჩოს საკონსულოს განყოფილებას სავარაუდოდ ექნებოდა აღნიშნული ფაქტი აღრიცხული. მოკლედ, სიმართლის დადგენა მარტივი იქნება სურვილის არსებობის შემთხვევაში,“- წერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე კი „ინტერპრესნიუსთან“ განმარტავს, რომ გიგი უგულავას მიერ გავრცელებული ინფორმაციები, თუნდაც ის ნამდვილი იყოს, მთავარ პროკურორს თანამდებობის დაკავებას არ უკრძალავს.

 

"რომ დავუშვათ, რომ ეს ინფორმაცია არის ნამდვილი, იმ პერიოდიდან, 2001 წლიდან არის იმხელა პერიოდი გასული, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ნასამართლეობა გაქარწყლებულად ჩაითვლება და თანამდებობის დაკავების დაბრკოლება აღარ იქნება. ანუ, სამართლებრივად მას ამ თანამდებობის დაკავების უფლება აქვს", - განმარტა კოჟორიძემ. 

 

სააგენტო „ნიუს.ჯი-ს“ ინფორმაციით, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ეკა ბესელიამ ასეთი კომენტარი გააკეთა:

 

"რადგან მთავარმა პროკურორმა წინ წამოწია ისეთი საქმეები, რომელთა გახსნაზეც მოთხოვნა იყო. მაგალითად, ჟვანიას საქმე. ოთარ ფარცხალაძე თანამდებობაზე არ დანიშნულა "ქართული ოცნების" მიერ. ის მაღალ თანამდებობებს იკავებდა "ნაციონალების" დროს და მე მინდა ვკითხო გიგი უგულავას, მაშინ რატომ არ დაინტერესდა ფარცხალაძის წარსულით“.

 

ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არც უგულავასი და არც მისი განცხადებების არ სჯერათ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებზე, პასუხი თავად მთავარმა პროკურორმა უნდა გასცეს.

 

ოთარ ფარცხალაძის პრესსამსახური კი განმარტავს, რომ მთავარი პროკურორი საპასუხო განცხადებას, სავარაუდოდ, ხვალ გაავრცელებს. ჯერ უცნობია, ხვალვე ისაუბრებს თუ არა მთავარი პროკურორი საკუთარი განათლების საკითხზეც.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED