სასამართლო გიგი უგულავას თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილებას განმარტავს

2013.12.22 ავტორი: TS

"სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის დასაბუთებული ვარაუდი იმის შესახებ, რომ წარდგენილი ბრალდება პირდაპირ უკავშირდება თბილისის მერის საქმიანობას. გიგი უგულავას თანამდებობაზე დარჩენით ხელი შეეშლება გამოძიებას და საქმეზე მტკიცებულებების მოპოვებას. გამოძიებისთვის ხელშეშლის თავიდან აცილების მიზნით სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენება", - აცხადებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სპიკერ-მოსამართლე ეკა არეშიძე.

მისივე განმარტებით, აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ ბრალდებული არ არის ნასამართლევი, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ჰყავს ოჯახი, მჭიდროდ არის დაკავშირებული სამართალწარმოების ქვეყანასთან, ამასთანავე, გამოძიების პროცესში მას თავი არ აურიდებია სამართალდამცავ ორგანოში და სასამართლოში გამოცხადებისთვის, ხოლო მის მიმართ წარდგენილი ბრალდების ხასიათიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ არ მოხდეს ბრალდებულზე სამსახურებრივად დამოკიდებულ მოწმეებზე ზემოქმედება და მისი მხრიდან მტკიცებულებების მოპოვებისთვის ხელშეშლა, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია ბრალდებულის მიმართ გირაოს გამოყენება.

 

შეგახსენებთ, რომ სასამართლოს განჩინებით, დედაქალაქის მერი თანამდებობიდან გადაყენებულია სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე. 

 

დედაქალაქს მერის ნაცვლად მერის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს. 22 დეკემბრის განჩინებით გიგი უგულავა თანამდებობიდან გადაყენებულია - მის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე. გიგი უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, მოქმედი კანონის თანახმად, თბილისის მერის მოვალეობას ვიცე-მერი სევდია უგრეხელიძე შეასრულებს.

 

თბილისის მერის გადაყენების თაობაზე მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა საქალაქო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და დააკმაყოფილა. თანამდებობიდან გადაყენებამდე გიგი უგულავას სასამართლომ პატიმრობის ნაცვლად აღმკვეთ ღონისძიებად  გირაო შეუფარდა და 30 დღის განმავლობაში 50 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

 

თბილისის მერის წინააღმდე მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებენ თავად გიგი უგულავა და მისი თანაგუნდელები. უგულავას მტკიცებით, თბილისის საქალაქო სასამართლოზე ზეწოლა  შინაგან საქმეთა სამინისტოს გენინსპექციის უფროსის, ზვიად ჯანყარაშვილის მხრიდან განხორციელდა. 

 

"დღეს ღამის პირველ საათზე, სამწუხაროდ, მოხდა ის რასაც ვვარაუდობდით. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, როდესაც მოპასუხე მხარემ უკვე დატოვა სასამართლო, მარტო დარჩენილ მოსამართლე დალი მეტრეველსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანზე მთავრობის ზეწოლამ გაჭრა!


კიდევ ერთხელ დადასტურდა, თუ რა იყო მთავრობის მიზანი: თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის პარალიზება მერის არჩევნებამდე დარჩენილი დროის განმავლობაში.


მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩემს წინააღმდეგ განხორციელებული დევნა წმინდა წყლის პოლიტიკური ხასიათისაა. სამწუხაროდ ამ შემთხვევაში სასამართლოს მძიმე ხვედრი ერგო. იგი ჩართეს პოლიტიკურ პროცესში და თბილისელების 55%-ის მიერ არჩეული მერი უაპელაციოდ, – პასუხის გაცემის შანსის გარეშე გადააყენეს.


მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს კოლეგებს, მერიის თითოეულ თანამშრომელს: მეგობრებო, ბრძოლა არ წყდება! არჩეული მერის თანამდებობიდან გადაყენების მექანიზმი, გარდა არჩევნებისა, კონსტიტუციის თანახმად არ არსებობს და მე ვიბრძოლებ ბოლომდე, რათა არჩევნებზე ხალხის მიერ გამოხატული ნება, ფეხქვეშ არ ითელებოდეს დახურულ კაბინეტებში"-ეს განცხადება უგულავამ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გაავრცელა.

 

გიგი უგულავას ადვოკატი სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. მოსამართლის მიერ აღმკვეთი ღონისძიების ნაცვლად გირაოს შეფარდების გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს ბრალდერბის მხარეც.

 

უგულავას წინააღმდეგ წარმოებულ საქმეზე წინასასამართლო პროცესი 2014 წლის 5 თებერვლისთვის ჩაინიშნა. თბილისი მერის წინააღმდეგ გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე წარმოებს.

 

უფრო კონკრეტულად კი საუბარია დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი ა(ა)იპ "თბილისის განვითარების ფონდისთვის" გამოყოფილი  ათობით მილიონ  საბიუჯეტო  თანხების გაფლანგვაზე. გიგი უგულავასთვის წარდგენილი ბრალდება 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED