ნინო ლომჯარია - მერებისა და გამგებლების არჩევით, ეს ინსტიტუტი უფრო სტაბილური გახდება

2013.12.16 ავტორი: TS

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევა მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს საზოგადოება უშუალოდ არის ჩართული პროცესში და ამ გზით თავად ინსტიტუტი ხდება უფრო სტაბილური.

„მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა ცენტრალურ დონეზე, 69 მუნიციპალიტეტიდან 57-ში გამგებელი შეიცვალა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ინსტიტუტი აბსოლუტურად უსუსური აღმოჩნდა პოლიტიკური მოვლენების წინაშე, რაც მიმდინარეობდა არა ადგილობრივ, არამედ - ცენტრალურ დონეზე,“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ „ტაბულას“ ეთერში სტუმრობისას.

 

მისივე თქმით, იმავე სიტუაციაში აღმოჩნდნენ თვითმმართველი ქალაქების მერებიც, რომლებიც პირდაპირი წესით არ ირჩევიან, თბილისის მერმა კი პოზიცია შეინარჩუნა.

 

„თვითმმართველობის კოდექსის პროექტში ჩადებული ნორმა, რომელიც უნდობლობის გამოცხადებას ეხება, ფაქტობრივად, იმავე მოდელთან გვაახლოებს, რაც გვაქვს გამგებლების შემთხვევაში. დღეს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს თანხმობით შეუძლია, გაათავისუფლოს გამგებელი. შესაბამისად, ნებისმიერი პოლიტიკური ცვლილების პირობებში, რაც ადვილად მოსალოდნელია ქვეყანაში, საკრებულოს კვლავ შეეძლება გამგებელი გადააყენოს თანამდებობიდან, რითაც ის მიდის ხალხის ნების წინააღმდეგ,“- განმარტა ნინო ლომჯარიამ.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტი თვითმმართველობის კოდექსის პროექტზე მსჯელობს. პროექტი საკანონმდებლო ორგანომ პირვცელი მოსმენით უკვე მიიღო. თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით ამ დროისთვის ბევრი შენიშვნა აქვთ როგორც საპარლამენტო უმცირესობას, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და არასაპარლამენტო პოლიტიკურ ძალებს.

 

წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტით, რეგულირდება ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ორგანიზებასთან, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებებთან და მის ორგანოებთან, დედაქალაქის სტატუსთან და მის უფლებამოსილებებთან დაკავშირებული საკითხები.

 

პროექტი ასევე ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობასთან, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან, სახელმწიფო ზედამხედველობასთან, აუდიტთან და პირდაპირ სახელმწიფო მმართველობასთან და მუნიციპალიტეტთა რეგიონულ გაერთიანებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

 

ცვლილების თანახმად, არსებულ 5 თვითმმართველ ქალაქს დაემატება დღევანდელი სამხარეო ცენტრების კიდევ 7 ქალაქი და სულ 12 თვითმმართველი ქალაქი იქნება, სადაც მერები პირდაპირი წესით აირჩევიან.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED