კარვებში მცხოვრებ მიუსაფართა დახმარების პროგრამაში „კათარზისი“ ჩაერთვება

2013.12.15 ავტორი: TS

200-მდე უსახლკარო და 10 ათასამდე მიუღებელ და გასაუმჯობესებელ  პირობებში მცხოვრები,- ასეთია  საქართველოს დედაქალაქში მყოფ ადამიანთა იმ კატეგორიის სტატისტიკა, რომლებსაც დახმარება განსაკუთრებით ზამთრის ცივ დღეებში სჭირდებათ.

ავტოფარეხები, მიტოვებული შენობების ნანგრევები, სადარბაზოები,- ეს კი იმ ადგილების არასრული ჩამონათვალია, სადაც მიუსაფარ ადამიანებს ღამეების გათევა უწევთ.

 

წლებია, თბილისში უსახლკარო ადამიანები  სიცივის გამო იყინებიან. გასულ წელს ორი ასეთი შემთხვევა გახმაურდა.  ტრაგიკული შემთხვევა წელსაც მოხდა - 6 დეკემბერს გარდაცვლილი მამაკაცი ვაგზლის მოედნის ტერიტორიაზე ქუჩაში გამვლელებმა იპოვეს.

 

აღნიშნული ფაქტიდან 4 დღეში მთავრობამ სპეციალური კომისია შექმნა და თბილისში მცხოვრები უსახლკარო ადამიანებისთვის დახმარების პროგრამა აამოქმედა - მოსკოვის გამზირზე კარვები მოაწყო და  საწოლებით, ღუმლებით და შეშით აღჭურვა.

 

მიუსაფართა 7 კარავში ამ დროისთვის 70-მდე ადამიანი, მათ შორის ათამდე მცირეწლოვანი ცხოვრობს. თავშესაფრის  ბინადართა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. უსახლკაროთა უმრავლესობა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ქუჩიდან მოიყვანა. კარვის მცხოვრებთა უმეტესობა შუა ხანს გადაცილებული მამაკაცია. ერთ-ერთ კარავში კი მხოლოდ ქალები და მცირეწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ.

 

სამთავრობო პროგრამის ფარგლებში კარვის მცხოვრებლებს თბილ საწოლში დაძინების საშუალება აქვთ. ისინი დღეში ორჯერ ცხელი კერძებითაც იკვებებიან.

 

„წუხელ მომყვანა პატრულმა. ნასვამი ვიყავი და ქუჩაში მეძინა. ქუჩაში ცხოვრების გამო ჯანმრთელობის პრობლემებიც მაქვს. აქ თბილად გვძინავს, გვაჭმევენ, მაგრამ იქნებ მოგვხედონ და გვიმკურნალონ კიდეც,“- გვითხრა ერთაოზ ჭელიძემ, რომელიც წარმოშობით ხარაგაულიდანაა და თბილისში უკვე წლებია ღია ცის ქვეშ ცხოვრობს.

 

კარავში მოწყობილი საცხოვრებელი პირობებით კმაყოფილია, მაგრამ მთავრობისგან ადვოკატის  გამოყოფას ითხოვს მისი თანაკარაველი.

 

„ვალების გამო ორი  წლის წინ ქუჩაში აღმოვჩნდი. ერთი მანქანა მყავდა შემორჩენილი, ვენდე ადამიანს, მივაქირავე, ბინის ქირის ფული უნდა მოეცა. წავიდა და დაიკარგა. მერე შვიდი თვე ჩავარდნილი ვიყავი და ვეღარ მოვძებნე ის პიროვნება. წლებია არ იძიებენ ჩემს საქმეს. შემოსავლის წყარო და ყველაფერი დავკარგე. ადვოკატი იქნებ დამეხმაროს,“- გვიყვება შუა ხანს გადაცილებული მამაკაცი, რომელიც კარავში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ოთხი დღის წინ მოიყვანა.

 

 „თითოეულ კარავში 12 საწოლია და ამ ეტაპზე 80-მდე ადამიანის შეფარება შეგვიძლია. საჭიროების შემთხვევაში, ახალ კარვებსაც გავშლით. უკვე მზად გვაქვს ორი კარავი, მაგრამ ჯერ არ არის საჭირო. სამშაბათამდე აქ მცხოვრებლებს სოციალურ ჯგუფებად დავყოფთ და მათზე ზრუნვაც ამის მიხედვით გაგრძელდება. ორშაბათ-სამშაბათს უკვე მოწესრიგებული იქნება კვების და სამედიცინო მომსახურების საკითხიც,“- განმარტა TSpress-თან საუბრისას ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, საგანგებო სიტუაციების მართვის განყოფილების ხელმძღვანელმა, ზურა უტიაშვილმა.

 

მისივე თქმით, პირველადი სამედიცინო მომსახურების პრობლემა კარვებში შესახლებულ მოქალაქეებს არც დღეს აქვთ, რადგან კარვების დადგმიდან ამ დრომდე მათ დასახმარებლად ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაქირავებული სამედიცინო ჯგუფი - ცხინვალიდან დევნილი ქურთის საავადმყოფოს ბრიგადა 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.

 

ზურა უტიაშვილის განმარტებით, მომავალი კვირიდან მიუსაფართა მოვლის საქმეში ამ სფეროში გამოცდილი ორგანიზაცია „კათარზისი“ ჩაერთვება და ამ მიზნით ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან ოფიციალური ხელშეკრულებაც გაფორმდება.

 

„დახმარების პროგრამაში ჩაერთვება „კათარზისი“. აქ იქნებიან ასევე ჯანდაცვის სამინისტროდან გაწვეული ალტერნატიული შრომითი სამსახურის წვევამდელებიც, რომლებიც კარავში მცხოვრებლებს მოუვლიან,“- აღნიშნავს ზურა უტიაშვილი.

 

ამ ეტაპზე უსახლკაროთა თავშესაფარი მხოლოდ თბილისში ფუნქციონირებს. საჭიროების შემთხვევაში მთავრობა კარვებს საქართველოს სხვა ქალაქებსა და დასახლებებშიც მოაწყობს.

 

ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ორი დღის წინ ჟურნალისტებთან საუბრის დროს დადო პირობა, რომ ზამთრის პერიოდში სიცივითა და შიმშილით საქართველოში აღარავინ დაზარალდება.

 

ზამთრის პერიოდში, მიუსაფართა პრობლემების მოგვარების მიზნით, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შეიქმნა. ჯგუფს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია ხელმძღვანელობს და მის შემადგენლობაში შედიან: ენერგეტიკის, ჯანდაცვის, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები. უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის საქმიანობას მეთვალყურეობას პირადად პრემიერი ღარიბაშვილი უწევს.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED