საია-ს დასკვნა თვითმმართველობის პროექტზე

2013.12.11 ავტორი: TS

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პარლამენტის თავმჯდომარეს და საპარლამენტო კომიტეტების ხელმძღვანელებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს უგზავნის და პროექტში კონკრეტული ცვლილებების შეტანას სთავაზობს.

საია-ს წარმომადგენლები განმარტავენ, რომ თვითმმართველობის რეფორმას მხარს უჭერენ და კანონპროექტის დადებით მხარედ ისეთი ფაქტორებს ასახელებენ, როგორებიცაა - ყველა მუნიციპალიტეტში მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევა.

 

ამავდროულად, საიას ინტერესის საგანია სააარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები და ის საარჩევნო სისტემა, რომლის მიხედვითაც ჩატარდება თვითმმართველობის არჩევნები. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საქართველოს სინამდვილიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე სამი საარჩევნო სისტემის ვარიანტი განიხილება და სწორედ მასზე უნდა გაიმართოს დისკუსია.

 

საია იმედოვნებს, რომ ნაჩქარევად არ მიიღება საარჩევნო კოდექსის ცვლილებები და საზოგადოებას აზრთა გაცვლა-გამოცვლის და შეჯერების შესაძლებლობა მიეცემა.

 

„გარკვეულ სირთულეებს წარმოშობს ის ფაქტი, რომ არჩევნებამდე 6 თვით ადრე არ არის ცნობილი, რამდენ მუნიციპალიტეტში უნდა ჩატარდეს გამგებლებისა და მერების, ასევე საკრებულოს არჩევნები,“- აღნიშნულია პარლამენტში გაგზავნილ წერილში. საია მიიჩნევს, რომ ერთი მხრივ, რეფორმა ნაჩქარევად არ უნდა განხორციელდეს და მეორე მხრივ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაუმჯობესებულ სამართლებრივ გარემოში უნდა ჩატარდეს.

 

საია პირველი მოსმენისთვის პარლამენტს ყურადღების გამახვილებას ისეთ საკითხებზე სთავაზობს, როგორებიცაა: საზოგადოებრივი საბჭოები და უბნის საბჭოები. არასამთავრობო ორგანიზაციაში აქტუალურად მიაჩნიათ კითხვები: რამდენად საჭიროა ადგილობრივ თვითმმართველობებში საზოგადოების ამ ფორმით მონაწილეობა? რომელი ქვეყნის გამოცდილებები იქნება გამოყენებული? რამდენად რელევანტური იქნება ეს გამოცდილება საქართველოში? საია-ში შიშობენ, რომ არასათანადოდ დაგეგმილმა სიახლეებმა შესაძლოა, მოსახლეობაში იმედგაცრუება გამოიწვიოს და ამით რეალური თვითმმართველობების ჩამოყალიბების პროცესი დაზარალდეს.

 

ორგანიზაციის მიერ საყურადღებოდ მიიჩნევა კანონპროექტში ასახული კიდევ ერთი საკითხი - უბნის საბჭოს თავმჯდომარის საქმიანობა ანაზღაურებადია, საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარის საქმიანობა კი არ არის ანაზღარურებადი. საია მიზანშეწონილად მიიჩნევს, გადაიხედოს გუბერნატორის ინსტიტუტის შენარჩუნების საკითხიც. და თუ გუბერნატორი მაინც დარჩება, ეს თანამდებობა არჩევითი უნდა იყოს, ან წარმომადგენლობითი ორგანოს მეშვეობით დაბალანსდეს. გადასახედია გაერთიანების საბჭოს დაკომპლექტების წესიც და საკრებულოსა და გამგებელს/მერს შორის ურთიერთობის საკითხი, კონკრეტულად კი, მათთვის უნდობლობის გამოცხადების მექანიზმები. პარლამენტისთის მიერ გაგზავნილ წერილში საია ყურადღებას ასევე ამახვილებს თვითმმართველობების ბიუჯეტების საკითხზე.

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ადგილობრივ დონეზე საკრებულოს საბიუჯეტო უფლებამოსილებები სუსტია ისევე, როგორც ცენტრალურ დონეზე პარლამენტის საბიუჯეტო უფლებამოსილებები. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები თვითმმართველობის რეფორმის საკითხზე ფართო დისკუსიის გამართვას მოითხოვენ და იმედოვნებენ, რომ კანონპროექტში დღეს არსებული ხარვეზები მაქსიმალურად აღმოიფხვრება.

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დასკვნა სრული სახით იხილეთ აქ 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED