სახალხო დამცველი - ციხეებში „მაყურებლების“ არსებობის საკითხზე სუბარი თავადაც საუბრობდა

2013.12.10 ავტორი: TS

სახალხო დამცველი უჩა ნანაუაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ციხეებში „მაყურებლების“ არსებობის თემა ახალი არ არის და ამის შესახებ თავად სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბარსაც არაერთხელ უსაუბრია.

მისივე თქმით, ე.წ. ლიდერები სხვა ქვეყნების ციხეებშიც არსებობს და მის მიერ მომზადებულ ანგარიშში ამ თემის ასახვით რამე ახალი არ თქმულა.

 

უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ სოზარ სუბარის განცხადება, თითქოსდა სახალხო დამცველი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის აკაკი მინაშვილის გავლენის ქვეშ მოექცა, უმართებულოა, რადგან, მისივე თქმით, ციხეებში ავტორიტეტების გაჩენის თემაზე საუბრისას მინაშვილის პასუხად, მან თავის დროზე აღნიშნა, რომ სქემა იმგვარად იყო შედგენილი, რომ იქმნებოდა შთაბეჭდილება, მის უკან სოზარ სუბარი კი არა, თავად სახალხო დამცველი იდგა.

 

„ანგარიშში მთელი თავია მიძღვნილი პენიტენციურ სისტემაში მომხდარ დადებით ცვლილებებზე და ამის არადანახვა ნამდვილად არ შეიძლება... მაგრამ არის პრობლემები, რომლის მოსაგვარებლადაც მეტი ძალისხმევაა საჭირო,“- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“.

 

მისივე თქმით, დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ყველაზე დიდი პრობლემა მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის გადავადებაა, ასევე პრობლემურია შეუწყნარებლობის საკითხი.

 

„საუბარია 17 მაისზე, ნიგვზიანის, სამთაწყაროს, წინწყაროსა და ჭელას მოვლენებზე,“- აღნიშნა ნანუაშვილმა.

 

შეგახსენებთ: სახალხო დამცველმა დღეს, 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში წარმოადგინა, რომელშიც სხვა პრობლემებთან ერთად ციხეებში ე.წ. „მაყურებლების“ ინსტიტუტის საკითხზე იყო საუბარი, რასაც სასჯელაღსრულების მინისტრის კრიტიკა მოყვა.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED