დეკანოზი დავით შარაშენიძე - თვითმმართველობის საკითხზე კონსულტაციების მიზნით უამრავი ადამიანი მიდიოდა საპატრიარქოში

2013.12.07 ავტორი: TS

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი დეკანოზი დავით შარაშენიძე აცხადებს, რომ პატრიარქს არც კომპეტანცია და არც საშუალება ჰქონდა საიმისოდ, რომ დეტალურად გაცნობოდა თვითმართველობის კოდექსის პროექტს და პროექტის შესახებ ინფორმაცია მან საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისგან მიიღო.

„ის მუდმივად არის კონტაქტში საზოგადოების სხვადასხვა წევრებთან, მათ შორის, პოლიტანალიტიკოსებთან, სასულიერო პირებთან, ეკლესიის იერარქებთან, ასევე ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. შეგვიძლია კონტრშეკითხვა დავსვათ, არსებობენ დეპუტატები, მათ შორის, უმრავლესობის წევრები, რომელთა პოზიციას ზუსტად ეხმიანება პატრიარქის პოზიცია,“- განაცხადა დავით შარაშენიძემ „მაესტროს“ გადაცემა „პოლიტმეტრში“.

 

მისივე თქმით, თვითმმართველობის საკითხზე კონსულტაციების მიზნით უამრავი ადამიანი მიდიოდა საპატრიარქოში და არ შეიძლება იმის თქმა, რომ პატრიარქმა განცხადება იჩქარა და სათანადოდ ინფორმირებული არ იყო.

 

„ეს იყო სრულიად დროული განცხადება. მოგეხსენებათ, კვირას წირვა არის. წირვის შემდეგ პატრიარქი თავის მოსაზრებებს ქადაგების სახით აწვდის მრევლს და ბუნებრივია, არ შეიძლებოდა ლოდინის რეჟიმში ყოფნა,“- განაცხადა დავით შარაშენიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის კოდექსის პროექტი საკვირაო ქადაგების დროს უარყოფითად შეაფასა საქართველოს პატრიარქმა.

 

"ჩვენი პარლამენტი და ხელისუფლება დღეს განიხილავს და მსჯელობს თვითმმართველობის საკითხზე. ეს მეტად რთული საკითხია. თუ განხორციელდა, ჩვენ მივალთ საქართველოს დაშლისკენ. ჩვენ ამას არასდროს შევეგუებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს არ შესრულდეს. საქართველო იყო და იქნება ერთიანი ერი, ერთიანი ქვეყანა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ძლიერი იყო ხელისუფლება და მის გარშემო მთელი ქვეყანა, ძლიერი იყო საქართველოც. ჩვენი აზრით, ყოველი რაიონი უშუალოდ დაკავშირებული უნდა იყოს ჩვენს ხელისუფლებასთან. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს ის პრობლემები, რომელიც არსებობს რაიონში. ამას არ სჭირდება შუა რგოლი,“- აღნიშნა ილია მეორემ.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED