ფინანსთა მინისტრი - მომავალ წელს საქართველოს მოსახლეობა უფრო მდიდარი იქნება

2013.12.06 ავტორი: TS

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს, რომ მიმდინარე წელს ქვეყანაში ფასები არ გაზრდილა, ეკონომიკა კი 9 თვის განმავლობაში 2%-ით გაიზრდა. ხადურის განმარტებით, წლის დასაწყისში ნავარაუდევი იყო, რომ ფასები 4%-ით, ეკონომიკა კი 6%-ით გაიზრდებოდა.

„ნომინალური შიდა პროდუქტი დაგეგმილს, სამწუხაროდ, ვერ მიუახლოვდა, თუმცა ის უფრო მეტია, ვიდრე იყო 2012 წლის, კიდევ უფრო მეტია, ვიდრე იყო 2011 წლის და 2014 წელს კიდევ უფრო მეტი იქნება, ვიდრე არის 2013 წელს. ანუ მომავალ წელს საქართველოს მოსახლეობა იქნება უფრო მდიდარი, ვიდრე არის დღეს,“- განაცხადა ნოდარ ხადურმა ტელეკომპანია „ტაბულასთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

 

მისივე თქმით, მომავალ წელს საქართველოს ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 29 მილიარდ ლარზე მეტი იქნება და ეს არ არის კარგი მაჩვენებელი, მაგრამ მოქმედმა ხელისუფლებამ ჩაიბარა ქვეყანა, რომელშიც კავკასიაში ყველაზე დაბალი იყო ცხოვრების დონე და ცხოვრების დონის კუთხით შედგენილი ქვეყნების ასეულშიც არ იყო.

 

„ჩავიბარეთ ქვეყანა, სადაც ხელისუფლებას მილიარდ ლარზე მეტი აქვს დახარჯული სამი ადმინისტრაციული შენობის - პრეზიდენტის სასახლის, პარლამენტისა და  თბილისში იუსტიციის სახლის მშენებლობისთვის. ჩვენ ჩავიბარეთ ქვეყანა, სადაც ბიზნესთან ურთიერთობის ფორმა იყო რეკეტი,“- განაცხადა ნოდარ ხადურმა.

 

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის შენელება, მშენებლობების შეჩერებამ გამოიწვია, რაც, ძირითადად, სახელმწიფოს მიერ წამოწყებული გაუაზრებელი პროექტების შეჩერებას უკავშირდება, ქვეყანაში კერძო მშენებლობა კი 12%-ით გაიზარდა.

 

ხადურის თქმით, ოქტომბრისა და ნოემბრის მონაცემები ეკონომიკის ზრდის კუთხით, საინტერესოა და ქვეყანაში ეკონომიკის გაჯანსაღება უკვე დაიწყო.

 

ფინანსთა მინისტრმა ბიუჯეტის დეფიციტის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 3,9%-იანი დეფიციტი ნორმალურია, რადგან ევროპული სტანდარტით დეფიციტის ნიშნული 3% არის განსაზღვრული, ხოლო თუ დეფიციტი ამ ნიშნულს გადასცდება, მთავრობამ შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს.

 

ფინანსთა მინისტრის ინტერვიუ გადაცემაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დეპუტატმა, ზურაბ ჯაფარიძემ შეაფასა.

 

მისი თქმით, ნოდარ ხადურის მიერ ეკონომიკის გაჯანსაღებაზე საუბარი გაუგებარია, რადგან ეკონომიკა რამდენიმე ფაქტორისგან შედგება და გასულ წლებში მთავრობის პოლიტიკა ეკონომიკური მიმართულებით გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე დღეს არის.

 

„იყო ხარვეზები და მათ შორის იყო სამართალდამცავი ორგანოების ზედმეტად მკაცრი დამოკიდებულება ბიზნესის მიმართ, ზედმეტად ბევრი მთავრობის ხარჯები და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული პრობლემები, მაგრამ ყველაფერი სხვა იყო ძალიან სწორი და ამის გამო ეკონომიკური ზრდა იყო მაღალი,“- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

 

მისივე თქმით, დღეს ეკონომიკის დაბალი აქტივობა არასტაბილურობის განცდას უკავშირდება და ბიზნესი ფრთხილობს, რადგან ხელისუფლებაში მყოფი გუნდი ძალიან ეკლექტურია და არავინ იცის, რა მოხდება გარკვეული პერიოდის შემდეგ.

 

„ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო გრძელვადიანი პროექტების დაფინანსება ვალით. ეს არის მთავარი პრობლემა. 1,5 მილიარდიანი ზრდის პირობებში წინა ხელისუფლებამ დაახლოებით ნახევარმილიარდიანი ვალი აიღო. მომავალ წელს კი ეკონომიკის ზრდა დაგეგმილია დაახლოებით ნახევარი მილიარდით, ხელისუფლება კი 1,5 მილიარდიან ვალს იღებს. ანუ ჩვენი ეკონომიკა უფრო ნაკლები ტემპით იზრდება, ვიდრე ჩვენ ვიღებთ ვალებს და ვიწყებთ გრძელვადიანი ვალდებულებების დაფინანსებას ამ ვალით,“- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

 

მისივე თქმით,  მთავრობის მიერ დაგეგმილი 200 მილიონი ლარით ეკონომიკის სტიმულირების გეგმა აბსურდულია და ამ სქემას არსად უმუშავია.

 

„საუბარია იმაზე, რომ მთავრობამ უნდა ისესხოს ფული კომერციული ბანკებისგან, შემდეგ ეს თანხა დადოს დეპოზიტზე ან კომერციულ ბანკებში, შემდეგ ბანკებმა უნდა გასცეს სეხი კერძო  ან იურიდიულ პირებზე, რომლებიც ამ ფულს დაუბრუნებენ მთავრობას და შემდეგ მთავრობა დაუბრუნებს კომერციულ ბანკებს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს პროექტი გრძელვადიანი იქნება, თუ მოკლევადიანი. თავად სქემა არის ძალიან სულელური და სასაცილო,“- განმარტავს ჯაფარიძე.

 

მისივე თქმით, ბიუჯეტში მსგავსი ხარჯები კიდევ არის გაწერილი, ეს პროექტები კი რეალურად ვერ იმუშავებს.   

 

 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED