თვითმმართველობის კოდექსი - საქართველოს დაშლის საფრთხე თუ ქვეყნის ერთიანობის კონცეფცია (საარჩევნო ბიულეტენი N8)

2013.12.05 ავტორი: ეკა ფირცხალავა

მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა დავით ნარმანია თბილისის მერობის კანდიდატად დაასახელა, მინისტრი პირველი დიდი გამოცდის წინაშე აღმოჩნდა. კანონპროექტი, რომელიც მისმა სამინისტრომ პარლამენტს წარუდგინა, თვით საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა გააკრიტიკა, რომლის რეიტინგი („ჯიგრიანი კორკოტასგან“განსხვავებით) NDI-ის ბოლო კვლევების მიხედვით, 94%-ია.

პატრიარქის განცხადებამ რამდენიმე პრობლემა ისევ გამოკვეთა: სახელისუფლებო საქმიანობაში ეკლესიის ჩარევის საკითხი და პასიური ამომრჩევლის პრობლემა, რომელიც ნაკლებად ინტერესდება თუ რა კანონებს იღებენ მისთვის და რომელსაც, კანონპროექტის მიხედვით, საკუთარ თავზე ბევრი პასუხისმგებლობის აღება მოუწევს.


„ხომ არ ჯობდა ერთი საპარლამენტო მანდატი გადაგვეცა პატრიარქისთვის?!“ - იკითხა „ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე, მას შემდეგ, რაც გავრცელდა პატრიარქის მუქარისშემცველი განცხადება: „თვითმმართველობის კანონი თუ განხორციელდა, ეს საქართველოს დაშლა იქნება. ჩვენ მივალთ საქართველოს დაშლისკენ. ჩვენ ამას არასდროს შევეგუებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს არ შესრულდეს. საქართველო იყო და იქნება ერთიანი ერი, ერთიანი ქვეყანა“.

 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014 წლის მაისში უნდა ჩატარდეს და ამიტომ, გასაგებია რატომ ჩქარობს ახალი ხელისუფლება და პარლამანეტი საკანონმდებლო ცვლილებებს, მაგრამ იმავდროულად ძნელია არ დაეთანხმო ილია მეორეს,როდესაც იგი საუბრობს იმის შესახებ, რომ კანონპროექტი „უნდა იყოს განხილული მთელი ერის მიერ. ხალხმა უნდა იმსჯელოს რა არის მისაღები საქართველოსთვის, ამიტომ, არ უნდა ვიჩქაროთ. ხალხი უნდა გაეცნოს თვითმმართველობის ამ კანონს“.

 

პატრიარქის განცხადებიდან 2 დღის შემდეგ დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ „თვითმმართველობის კოდექსის პროექტში რამდენიმე ნორმა შეიცვლება“ და ასევე, უცებ გაირკვა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო თვითმმართველობის კოდექსის განხილვას რეგიონებში იწყებს და პირველი შეხვედრა გორში, ხვალ გაიმართება.

 

დავით ნარმანია პოლიტიკაში არასამთავრობო სექტორიდან მოვიდა. ამიტომ მან, როგორც ყოფილმა „ენჯეოშნიკმა“ ძალიან კარგად იცის, თუ რა მნიშვნელობა აქვს მოქალაქეების იგივე ამომრჩევლების აქტიურ ჩართულობას კანონპროექტების საჯაროდ განხილვაში. მან იცის, რომ კანონის ენა მძიმეა და თუ საკუთარ ამომრჩეველს სიღრმისეულად, პირისპირ შეხვედრისას არ აუხსენი რას აპირებ (რას უპირებ) და შემდეგ არ მოისმინე, გაითვალისწინე მისი რჩევა, მას - როგორც ხელისუფალს, ერთ დღესაც ზუსტად იგივე დაემართება რაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას ერგო.

 

უცნობია, წაიკითხა თუ არა პატრიარქმა და ბევრმა სხვამ, რომლებიც კომენტარებს არ იშურებენ, კანონპროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, რომელიც 300 გვერდზე მეტია, ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრობის დროს ბიძინა ივანიშვილმა მოიწონა და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაეთანხმა კანონპროექტის პარლამენტისთვის განსახილველად წარდგენას. ამ კანონის მიღების შემთხვევაში, ცვლილებები იქნება შესატანი ათობით სხვა კანონშიც.

 

და მაინც, რას ამბობს მრევლი, იგივე ამომრჩეველი ან ამომრჩეველი, რომელიც შესაძლოა არ იყოს მრევლი და რა წერია კანონპროექტში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა ახალი გამოწვევაა საქართველოსთვის და პუნქტებად აყალიბებს საკანონმდებლო მუხლებს:

 

  • გაიზრდება თვითმმართველი ერთეულების რაოდენობა - ამჟამად 69 ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულია, იქნება დაახლოებით 120;
  • თვითმმართველი ქალაქის სტატუსი დამატებით 13 ქალაქს მიენიჭება. მხოლოდ იმ ქალაქებს, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 15 ათასზე მეტია;
  • თვითმმართველი ქალაქების მიმდებარე სოფლებისგან შეიქმნება მუნიციპალიტეტები;
  • მერს და გამგებელს მოსახლეობა, პირდაპირი წესით, 3 წლის ვადით აირჩევს;
  • იზრდება ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური რესურსი - თვითმმართველი ერთეული ტერიტორიაზე რეგისტრრირებული დასაქმებული პირის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის ნაწილი იმავე თვითმმართველ ერთეულს დარჩება; ამასთანავე, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არა საკუთარი შემოსულობის სახით სპეციალურ და მიზნობრივ ტრანსფრებთან ერთად, დამატებით კაპიტალურ ტრანსფერს მიიღებს;
  • იცვლება გუბერნატორის ფუნქციები - თუ დღესდღეობით გუბერნატორი ძირითადად თვითმმართველობის ორგანოებზე სამართლებრივ ზედამხედველობას ახორციელებს, მომავალში მისი უფლებამოსილება იქნება შესაბამისი ტერიტორიის განვითარების სტრატეგიის შექმნა და დამტკიცება და ბევრი საკითხის მართვა;
  • გუბერნატორის ინსტიტუტი შეიცვლის სახელწოდებას და გახდება „მუნიციპალიტეტების რეგიონული გაერთიანება“, რომლებსაც მართვაში გადაეცემათ სხვადასხვა ობიექტები. ობიექტების ნუსხა განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2014 წლის სექტემბრამდე უნდა შეიმუშაოს;
  • „მუნიციპალიტეტის რეგიონულ გაერთიანებებს“ ეყოლებათ კოლეგიური ორგანო და იგი დაკომპლექტება გაერთიანებაში შემავალი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებისგან, რომელსაც უხელმძღვანელებს - გუბერნატორი;
  • სოფლებში შეიქმნება საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც საზოგადოებრივ საწყისებზე იმუშავებს და მისი ძირითადი მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა აქტიური თანამონაწილეობა იქნება;
  •  

„საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია“:

 

  • კანონის პროექტით ადგილობრივი თვითმმართველობის პრივილეგია გამორჩეულად ენიჭება 15 000–ზე მეტი მოსახლეობის მქონე ქალაქებს, მაშინ, როცა ასეთი უფლება სხვა სასოფლო და საქალაქო დასახლებებს არ გააჩნიათ. ამგვარი გადაწყვეტა აშკარად გამოხატავს ავტორთა დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას სხვადასხვა კატეგორიის დასახლებათა მოქალაქეების მიმართ და შეიცავს საქალაქო და საოფლო თემების მოსახლეობის უფლებრივი სეგრეგაციის თვალსაჩინო საფრთხეს.
  • კონსტიტუციის გვერდის ავლით ფაქტიურად ყალიბდება რეგიონული ხელისუფლება, თავისი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანობით. განსაკუთრებით სავალალო და საშიშია, რომ პროექტის მიხედვით რეგიონულ ხელისუფლებას ინსტიტუციურად „ორმაგი“ და წინააღმდეგობრივი ბუნება აქვს: ერთის მხრივ რეგიონის წარმომადგენლობითი ორგანოა რეგიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების საკრებულოებისაგან დაკომპლექტებული რეგიონული საბჭო, მეორეს მხრივ, რეგიონის, როგორც იურიდიული პირის მეთაური და იმავდროულად აღმასრულებელი ორგანო - სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი - ცენტრალური მთავრობის მიერაა დანიშნული და ბუნებრივია, ანგარიშვალდებულია არა საბჭოს არამედ მთავრობის წინაშე. ამით მთლიანად უგულებელყოფილია როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის კონცეფცია (იხ. ქარტიის მე–3 მუხლი), ასევე საქართველოს კონსტიტუციის 1011 მუხლის 1–ელი პუნქტის მოთხოვნა, რომ აღმასრულებელი ორგანოები ანგარიშვალდებულნი უნდა იყვნენ წარმომადგენლობითი ორგანოების წინაშე.
  • ბუნდოვანი და წინააღმდეგობრივია საზოგადოებრივი საბჭოს საკითხის პროექტით შემოთავაზებული გადაწყვეტა, რადგან ეს ე.წ. საზოგადოებრივი საბჭო თვითმმართველობის განხორციელებაში მოქლაქეთა ჩართულობის ქმედითი მექანიზმის ნაცვლად გამგებლის (მერისადმი) უშუალოდ დაქვემდებარებულ კიდევ ერთ დამატებით ორგანოს შექმნას ითვალისწინებს.

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა: „კოდექსის პროექტის მე-7 თავის თანახმად, საქართველოში უნდა ჩამოყალიბდეს ქვემო ქართლის, იმერეთის, სამეგრელოს, გურიის, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, შიდა ქართლის და სამცხე ჯავახეთის რეგიონული საბჭოები, ისევე, როგორც დღეს აქვს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უმაღლესი საბჭო. პროექტის თანახმად, რეგიონის საბჭოებს ეყოლება თავმჯდომარე, მოადგილე, აპარატი და ექნება ეკონომიკური ფუნქციები. რაც შეეხება ტერმინებს, რომ, თურმე, იქ სამცხე-ჯავახეთის საბჭო მხოლოდ საირიგაციო სისტემებზე იმუშავებს, საირიგაციო სისტემებზე სამუშაოდ შეიქმნა თავის დროზე სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიები“.

 

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე: „ჩვენი აზრით, ყოველი რაიონი უშუალოდ დაკავშირებული უნდა იყოს ჩვენს ხელისუფლებასთან. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს ის პრობლემები, რომელიც არსებობს რაიონში. ამას არ სჭირდება შუა რგოლი. ხელისუფლება თვითონ უნდა განიხილავდეს, უნდა შეისწავლოს რა სჭირდება თითოეულ რაიონს“.

 

პატრიარქის აზრს არ იზიარებს პარლამენტის თავმჯდომარე: "საქართველო რომ არ იყო დეცენტრალიზებული და თვითმმართველობა არ ჰქონდა, ამან თავიდან აგვაცილა სეპარატიზმი აფხაზეთსა და ოსეთში? ასე რომ, ეს არასწორად დასმული კითხვაა და ზოგადად კონცეფცია, რომ თითქოს თვითმმართველობამ შეიძლება გააღვივოს სეპარატიზმი. სპერატიზმს, სადმე გაქცევას და გამოყოფას აღვივებს უუფლებობა და განცდა იმისა, რომ ხარ დაჩაგრული, არ გაქვს საშუალება შენი საკითხები თავად მოაგვარო, მერე გარბიან ადამიანები ინდივიდუალურად თუ ტერიტორიულად. ასე რომ, კონცეფცია, რომ თვითმმართველობა რაიმე ფორმით საფრთხეს უქმნის ქვეყნის ერთიანობას, სრული ნონსენსია. თვითმმართველობა არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო თავის ფუნქციებს აძლევს ვინმე სხვას. სახელმწიფო ყველა სხვა ფუნქციას, რაც მას სჭირდება, იტოვებს: კანონმდებლობა, პოლიცია, ჯარი, უსაფრთხოება, თავდაცვა, ეკონომიკური პოლიტიკა, ფინანსები"-აცხადებს უსუფაშვილი.

 

ISFID - სამართლიანი არჩევნები: „ძლიერი თვითმმართველობა არის არა საფრთხე ქვეყნის ერთიანობისთვის, არამედ მეტი გარანტია დემოკრატიული და ეფექტური მმართველობისა; რადგან ძლიერი თვითმმართველობა, თავისი არსით, გულისხმობს არა ქვეყნის ტერიტორიული დანაწევრებას, არამედ მოქალაქეთათვის მეტი შესაძლებლობის მიცემას, მონაწილეობა მიიღონ ხელისუფლების განხორციელების პროცესში ეფექტური დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარებისათვის.

 

რეფორმის განხორციელება საქართველოს დემოკრატიისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ამიტომ ამ იდეის დისკრედიტაცია, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და ხელისუფლების განხორციელებაში მოქალაქეთა მეტი მონაწილეობის შესაძლებლობის შეფერხების საფრთხეს წარმოადგენს“

 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED