სოსო ცინცაძე - პოლიტიკა უფრო სასტიკია, ვიდრე მარგველაშვილის ფანტაზია

2013.12.04 ავტორი: TS

რა შედეგით შეიძლება დასრულდეს ევროპული კურსის მხარდაჭერით წამოწყებული კიევური მიტინგები და რა შემთხვევაში ემუქრება საქართველოს ევროპულ არჩევანს რუსული ზეწოლა. Tspress-ი  აქტუალურ საკითხებზე პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრა

- როგორ შეაფასებდით კიევში არსებულ ვითარებას, რა განვითარება შეიძლება მოყვეს უკრაინელი ხალხის ანტისამთავრობო პროტესტს?


-ვფიქრობ, პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი გადააყენებს მთავრობის მეთაურს - აზაროვი შეეწირება ამ პროტესტს. საყურადღებოა, რომ ბოლო დღეებში პროტესტმა სხვა მიმართულება მიიღო, რაც პრეზიდენტს მანევრირების საშუალებას აძლევს. ამჯერად, პროტესტის ძირითადი მუხტი, 1-ელ დეკემბერს განხორციელებული ხალხის დარბევაა. აქედან გამომდინარე, იანუკოვიჩს აქვს საშუალება, თქვას და დასაჯოს სპეცრაზმის ხელმძღვანელობა; დასაჯოს რამდენიმე პოლიციელი და ამგვარად გამოუშვას ორთქლი საზოგადოებრივი უკმაყოფილების ქვაბიდან.

 

- მომიტინგეების დამრბევთა პასუხსიმგებლობა საკმარისი იქნება, რომ იანუკოვიჩმა პრეზიდენტის სავარძელი შეინარჩუნოს?


-პროტესტის აქტივისტებმა თავად მისცეს ეს შანსი იანუკოვიჩს. მიტინგი სულ სხვა რელსებზე გადადის. თანაც, ვილნიუსის სამიტი დასრულებულია და იქ აღარაფრის შეცვლა შეიძლება. იანუკოვიჩი უცებ ვეღარ მიბრუნდება და ვერ იტყვის, ასოცირების ხელშეკრულებას ხელს ვაწერო. ეს გამორიცხულია.

 

არ მგონია, ამ მიტინგებს მოყვეს იანუკოვიჩის გადადგომა. არ არის იანუკოვიჩი ისეთი პიროვნება და ისეთი პოლიტიკოსი, ხალხის უკმაყოფილების გამო გადადგეს. ის არ დატოვებს პოსტს და პრეზიდენტი იქნება მომავალ არჩევნებამდე. იანუკოვიჩს აქვს მანევრირების საშუალება. წაქცეული ბავშვებისა და ქალების ცემის ფაქტების შესწავლისა და მათში მონაწილე ადამიანების დასჯით დასრულდება ეს პროცესი. მით უმეტეს, ახლა ყინვები იწყება კიევში და არ მგონია, სიცივესა და უამინდობაში მიტინგმა დიდხანს - კვირები ან თვეები გასტანოს. 

 

იანუკოვიჩს ეძლევა ბრწყინვალე შანსი, მთელი ერთი წელი ივაჭროს მოსკოვთან და ბრიუსელთან, აუქციონი მოაწყოს. „აუქციონზე“ გაიტანს უკრაინის თანხმობას თუ უარს.  რუსეთს აიძულებს, აუნაზღაუროს უკრაინისთვის მოსალოდნელი ზარალი. მოლაპარაკებებს დაიწყებს ბრიუსელთანაც. მე მგონი, რუსეთთან უფრო გამონახავს საერთო ენას, მითუმეტეს, რომ მოსკოვი ამისთვის მზად არის. სომხეთთან დადებული ხელშეკრულებით პუტინმა გაცილებით მეტი მისცა სომხეთს, ვიდრე  ითხოვდა. სომხებს სურდათ გაზისა და ნავთობპროდუქტების უბაჟო იმპორტი, ხოლო პუტინმა პრიზის სახით ალმასები დაუმატა. ალმასები სომხეთში შევა ბაჟის გარეშე. ამით უკრაინას უთხრა - მეტს მიიღებ, თუ ჩემკენ წამოხვალო. მაგრამ აქ მთავარი, ალბათ, მაინც ის არის, რომ იანუკოვიჩსაც კი გაუჭირდება უკვე საბაჟო კავშირში უკრაინის შეყვანა. 




მოსკოვის მთავარი ამოცანა ის კი არ იყო, რომ უკრაინას ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი არ მოეწერა. მთავარი იყო შემდგომი ეტაპი - როგორმე  საბაჟო კავშირში შეეთრია უკრაინა. ამ პროტესტის შემდეგ იანუკოვიჩიც ვერ გაბედავს, წამოაყენოს საბაჟო კავშირში გაწევრიანების წინადადება. მან უკრაინელ ხალხს პირობა მისცა, რომ ერთ წელიწადში ყველაფერს გააკეთებს, რომ უფრო ხელსაყრელი პირობების სანაცვლოდ გახსნას გზა ევროპისაკენ.


გაამართლებს ეს ტაქტიკა? უკრაინა შეძლებს ევროინტეგრაციული კურსის გააქტიურებას?

 

- დღეს ევროპა ცოტა ძუნწობს, იანუკოვიჩი კი მადაზეა მოსული. 1 მილიარდი ევრო, რომელსაც ევროკავშირი სთავაზობს, უკრაინისთვის არაფერია, არც საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი 1 მილიარდი. მაგრამ 160 მილიარდი, რასაც იანუკოვიჩი ითხოვს, მნიშვნელოვანია, მეტიც, ძალიან ბევრია. აქ იკვეთება ორი შანსი - ან ევროკავშირი წავა კომპრომისზე და გაზრდის თანხის მოცულობას, 160-ს არა, მაგრამ 100-120 მილიარდს შესთავაზებს, ან -  რუსეთი წავა ისეთ დათმობებზე, რომ იანუკოვიჩმა თავის ხალხს უთხრას: მე თქვენ გადაგარჩინეთ შიმშილს, უმუშევრობას, ცივ ზამთარს, მაღალ ტარიფებს... პრაგმატიკოსები არიან უკრაინელები. მაიდანზე მთელი უკრაინა არ გამოდის, რომ აღარაფერი ვთქვათ სამხრეთ უკრაინაზე და დასავლეთ უკრაინაზე, სადაც რუსები ცხოვრობენ ძირითადად.

 

უკრაინის პოზიცია, გულახდილად რომ ვთქვათ - ცივი გონებით, ემოციების გარეშე -  ეს არის ჯანსაღი სახელმწიფო ეგოიზმი. სახელმწიფო ეგოიზმს ავლენს რუსეთიც - იქცევა ისე, როგორც მის ადგილას მოიქცეოდა ნებისმიერი ევროპული სახელმწიფო, ოღონდ, მე-19 საუკუნეში. რუსეთს ხელს არ აძლევს უკრაინის ევროინტეგრაცია. შიშობენ, რადგან ევროპული იაფი პროდუქცია უკრაინის გავლით რუსეთში მოზღვავდება და კონკურენციის პირობებში რუსეთი საკუთარ საქონელს ვეღარ გაყიდის. ანუ, გამოვა, რომ საკუთარი ბაზარი მუქთად დაუთმოს ევროპულ საქონელს. პუტინი ამ ჭკუაზე ჯერ არ დამდგარა.

 

-ვინ შეიძლება იხეიროს ყველაზე მეტად კიევში გამართული ხალხმრავალი მიტინგებით?


-იდეოლოგიურ ჭრილში თუ განვიხილავთ, შეიძლება, ისარგებლოს იმ საზოგადოებამ, რომელიც იანუკოვიჩის წინააღმდეგ არის განწყობილი. კონკრეტულად კი - ოპოზიციურმა პარტია „უდარმა“ და მისმა ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ. კლიჩკო წუთი წუთზე გამოდის უკრაინის დიდ პოლიტიკურ არენაზე. ის ისარგებლებს, შანსი მიეცემა. უკვე დაიწყო პოლიტიკური ქულების აკრეფა. წუხელ გამოჩნდა მიტინგზე, იყო გუშინწინაც - აქტიურობს. ტიმოშენკოს პარტია დღეს ლიდერის გარეშე სუსტია და კლიჩკო არის ამომავალი ვარსკვლავი უკრაინის პოლიტიკურ კაბადონზე.

 

-რა გავლენა შეიძლება იქონიოს უკრაინაში მიმდინარე პროცესებმა საქართველოზე, რა დადებით და უარყოფით ფაქტორებს გამოყოფდით თქვენ?


- საქართველოსთვის ყველაზე რთული პერიოდი დაიწყება მას შემდეგ, რაც ასოცირების ხელშეკრულებას მოეწერება ხელი.

 

ჯერ არ ვიცით, რას მოაწერა ხელი საქართველომ. ფანჯიკიძის ხელმოწერილი ტექსტი არ გამოქვეყნებულა. მაგრამ, თუ მოლდოვას და სხვა ქვეყნების ანალოგს ვიგულისხმებთ, იქ იქნება ევროსტანდარტების დაცვის მოთხოვნა. ვთქვათ, ევროსტანდარტებზე უნდა ავიდეს ენერგეტიკა, ტრანსპორტის სფერო, სამოქალაქო საზოგადოება, უნდა მოისპოს მთლიანად ეს ჰომოფობია, სტანდარტი უნდა იყოს მიღწეული სოფლის მეურნეობასა და ტურიზმში... ახლა, ევროპული სტანდარტები რას ნიშნავს კონკრეტულად ენერგეტიკის სფეროში, ტრანსპორტის სფეროში, ვერ გეტყვით, შესაძლოა, ეს იყოს ტარიფების ზრდა. ამიტომ, არ გეგონოთ, რომ მაინცდამაინც სიკეთის შადრევანია ჩვენთვის. 


გაისად შემოდგომაზე, ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერთ ხელს, ეს უპრობლემოა. მაგრამ შემდეგ იწყება მთავარი. იცით, თურქეთი 40-ზე მეტი წელია ევროკავშირის ასოცირების წევრია. სხვათაშორის, თურქეთი არის დამფუძნებელი ნებისმიერი ევროსტრუქტურის - ფოლადისა და ქვანახშირის გაერთიანების, ევრობაზრის... ისე, 14-15-წლიანი ვადა ჩვეულებრივი მოვლენაა ასოცირებული წევრობისათვის. თურქეთი კი, ხომ ხედავთ, რეკორდსმენია, მალე ნახევარი საუკუნე შეუსრულდება და, ალბათ, კიდევ მრავალი წლის მანძილზე არ მიიღებენ ევროკავშირში.

 

საინტერესოა სხვა დეტალებიც. მხოლოდ უკრაინამ კი არ თქვა 28 ნოემბერისთვის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი. მიკვირს, რატომ სდუმან ასე მორცხვად ჩვენი პოლიტიკოსები - აზერბაიჯანმაც უარი თქვა პარაფირებაზე ხელის მოწერაზე. 28 ნოემბრამდე სამი დღით ადრე თქვა აზერბაიჯანმა უარი - სხვა ფორმატი შესთავაზა. პარაფირება არ გვინდა, პარტნიორობის ხელშეკრულებას მოვაწეროთ ხელიო. ევროპამ ეს არ ისურვა. ევროკავშირში გაერთიანების მოთხოვნა ორი-სამი თვის წინ საკუთარი ნებით შეწყვიტა ისლანდიამ.

 

ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, იწყება ვალდებულებების შესრულების ეტაპი რომელიც 10-20 წელი შეიძლება გაგრძელდეს, სულ ახალ-ახალი ვალდებულებებია შესასრულებელი. და, როცა გახდები უკვე ევროკავშირის წევრი, მაშინ იწყება პრივილეგიები. მთავარია, როგორი იქნება ეს ვალდებულებები საქართველოსთვის, ქართული იდენტურობისთვის.

 

-ანუ, არსებობს საფრთხე, რომ თურქეთის მსგავსად, ჩვენს შემთხვევაშიც წლობით დაგვიანდეს ევროკავშირის პრივილეგიებით სარგებლობა?


იმედი ვიქონიოთ, რომ ასე არ მოხდება, მაგრამ გამორიცხული არ არის. მარგველაშვილის ფანტაზიებზე არ არის აგებული დიდი პოლიტიკა. მარგველაშვილმა „ევრონიუსის“ კორესპონდენტი გააოცა პირდაპირ, როდესაც უთხრა, ევროპასთანაც მოვახერხებთ კარგ ურთიერთობას, ნატოშიც შევალთ და რუსეთთანაც ვიმეგობრებთო. ერთი, ამიხსენით, როგორ მოახერხებთ ამასო. მარგველაშვილმაკი უპასუხა: - აბა, თქვენ ამიხსენით, რატომ ვერ მოვახერხებთო. პოლიტიკა უფრო სასტიკია, ვიდრე მარგველაშვილის ფანტაზია. ერთია ფილოსოფია და სულ სხვაა საერთაშორისო ურთიერთობები.

 

ევროპა რომ სჯობს რუსეთს, ამაზე კამათი სისულელეა. მაგრამ ევროპაში შესვლა  დროს და რესურსს მოითხოვს და ამაშია საქმე. მოლდოვის მსგავსად, ჩვენ ალბათ მივიღებთ 500 მილიონ ევრომდე დახმარებას, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია რეფორმებისთვის.

 

- დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, როცა ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების დრო დაუდგება საქართველოს, უნდა ველოდეთ თუ არა მოვლენების უკრაინული სცენარით განვითარებას?


ჩვენდა საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, არ გვაქვს ისეთი ძლიერი ეკონომიკა, როგორიც აქვს უკრაინას, რომლისთვისაც რუსეთის გაზის გადაკეტვა დამღუპველია. თუმცა, ასოცირების ხელშეკრულება თქვენ რა გგონიათ, 28 წევრმა სახელმწიფოს პარლამენტმა უნდა მიიღოს ეს პარაფირება. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს ნებაზე. ასევეა შემდეგ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაშიც.

 

თუ მომავალ ოქტომბრამდე რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქცია რაღაც ზღაპრული რაოდენობით შევიდა და რუსეთმა გადაწყვიტა, რომ ონკანის გადაკეტვა და პროდუქციის შეტანის აკრძალვა აუტანლად მტკივნეული იქნება ქართული ეკონომიკისთვის, ამას გააკეთებს, რასაკვირველია. მაგრამ, ჯერჯერობით, საკითხი ასე არ დგას და არ მგონია, რუსეთმა ამ ეტაპზე აამოქმედოს თავისი ბერკეტები. რუსეთი უფრო მოიცდის და გააქტიურდება, როდესაც საქართველო ევროპის გზას დაადგება და საშინაო დავალებებს შეასრულებს.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED