გაფიცული რკინიგზელები ადმინისტრაციას სამსახურებრივ გულგრილობაში ადანაშაულებენ

2013.11.14 ავტორი: TS

„საქართველოს რკინიგზის“ 50-მდე თანამშრომელი თბილისში, აფრიკის დასახლებაში მდებარე დეპოშია შეკრებილი. 

რკინიგზელები ხელმძღვანელობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და გაფიცვის მიზეზად სამ მთავარ მოთხოვნას ასახელებენ: ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას, გამჭვირვალე საპრემიო სისტემის დაწესებას და სახელფასო დანამატების ნამსახურევი სტაჟისა და კვალიფიკაციის მიხედვით გაცემას.

 

„გაფიცვის შესახებ რკინიგზის ადმინისტრაცია წუხელ გავაფრთხილეთ. მთელი ღამის და დღის განმავლობაში ვიხვეწებით, რომ მოვიდნენ და დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ, სამწუხაროდ ამ დრომდე არავინ გამოჩენილა ჩვენთან. მხოლოდ განცხადებებს ავრცელებენ. ჩვენ მზად ვართ, როგორც კი დაგვიძახებენ, წავალთ მოლაპარაკებებზე,“- განაცხადა TSpress-თან საუბრისას „საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების“ ხელმძღვანელმა ვიტალი გიორგაძემ.

 

მისივე თქმით, რკინიგზის თანამშრომელთა გაფიცვის მიზეზი ადმინისტრაციის სამსახურებრივი გულგრილობა გახდა და გაფიცვა არ შეწყდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

 

პროფკავშირების ხელმძღვანელი TSpress-თან საუბრისას განმარტავს, რომ გაფიცულებს რკინიგზის შეფერხება ამ ეტაპზე დაგეგმილი არ აქვთ.

 

გიორგაძის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, აქცია მასშტაბური გახდება და რკინიგზის მოძრაობის შეფერხებაც არ არის გამორიცხული.

 

"საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია კი აცხადებს, რომ რკინიგზის ადმინისტრაცია პროფკავშირების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს მას შემდეგ დაიწყებს, რაც ისინი ულტიმატუმის ენით საუბარს შეწყვეტენ.

 

„მატარებლები გავიდნენ თბილისიდან ყველა მიმართულებით, ყველანაირი შეფერხების გარეშე, ასევე დასავლეთიდან ყველა სამგზავრო შემადგენლობა გამოსულია. სატვირთო მატარებლებიც შეუფერხებლად მოძრაობენ. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ გაფიცვას კონკრეტული დესქტურციული ძალები უწყობენ ხელს, რომ აჩვენონ თითქოსდა ქვეყანაში სიტუაცია არის არეული, აბსოლუტურად კონტროლის ქვეშ არის სინამდვილეში სიტუაცია", - განაცხადა ცაგურიამ.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED