ქარტიამ TSpress-ი 19 სადავო ნაწილში გაამართლა და დარღვევა მხოლოდ 3-ში დაუდგინა

2013.11.14 ავტორი: TS

ინტერნეტგამოცემა TSpress-ი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ 22 სადავო ფაქტიდან 19-ში გაამართლა და ეთიკის პრინციპების დარღვევა მხლოდ 3-ში დაუდგინა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომა, რომელზეც განიხილეს საქმე “ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ეკა ბესელიას ბიურო Tspress-ის ჟურნალისტების ელისო ჯანაშიასა და იზა სალაყაიას წინააღმდეგ”, 13 ნოემბერს გაიმართა. 

 

დეპუტატის ბიურომ განცხადებით, რამდენიმე ხნის წინ მიმართა ქარტიის საბჭოს, რომელშიც განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ჟურნალისტებმა: ელისო ჯანაშიამ და იზა სალაყაიამ დაარღვიეს ქარტიის პრინციპები 9 სადავო სტატიის 22 ნაწილში:

 

1. “ფოთის მაჟორიტარის უკანონო მოთხოვნა საკრებულოს”

2. მაჟორიტარი და მერი საკადრო წმენდაზე ცალ-ცალკე თათბირობენ

3. “დაპირისპირება ბესელიასა და მის ფავორიტ მერს შორის”

4.“მაჟორიტარის კადრი რესურსცენტრის უფროსად ან მერის მოადგილედ განიხილება

5. თვალთვალი და მუქარა სამართალდამცავთა მხილების გამო

6. “ნეპოტიზმი და პოლიტიკური დანიშვნები ფოთის მერიაში

7. “TSPRESS მაჟორიტარის დაუსაბუთებელ ბრალდებებს პასუხობს

8. იცავს თუ არა ეკა ბესელიას ფოთის პროკურორის აგარაკის წინ პოლიცია

9. “ბესელიას ბიუროსთვის ჩამორთმეული Toyota – Prado მერის “ბავშვობის მეგობარ” მოადგილეს გადაეცა”.

 

საბჭოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული გადაწყვეტილებით, ქარტიის პრინციპები დაირღვა მხოლოდ სამ სტატიაში - იზა სალაყაიას მიერ ორ სტატიაში დაირღვა ქარტიის სამი პრინციპი, ხოლო ელისო ჯანაშიას მიერ ერთ სტატიაში დაირღვა ერთი პრინციპი.

 

ფოთის მაჟორიტარის ბიუროს პრეტენზია შეეხებოდა იმას, რომ გამოცემა ეწეოდა მაჟორიტარის დისკრედიტაციას, ეწეოდა ტყუილის ტირაჟირებასა და განზრახ ამახინჯებდა ფაქტებს, რაც სხდომაზე ბიუროს წარმომადგენელმა ვერ დაადასტურა.

 

TSpress-ის რედაქტორი ელისო ჯანაშია მიიჩნევს, რომ ეს 3 დარღვევა იყო უმნიშვნელო, მაგალითად, ზოგ მასალას აკლდა კომენტარი, ან პირის სტატუსი იყო არასწორად მოხსენიებული. ის აღნიშნულს ლაფსუსს უწოდებს, რასაც მაჟორიტარ ეკა ბესელიასა და მისი თანაგუნდელების მიერ, გამოცემისთვის აპრილის თვიდან გამოცხადებულ ბოიკოტის რეჟიმს უკავშირებს. 

 

"შედეგს სერიოზულ წარმატებად მივიჩნევ, ძალიან დიდი ძალაუფლებისა და გავლენის მქონე პოლიტიკური ფიგურის, ეკა ბესელიას მიერ ასე ღიად, ყველა მიღებული თუ მიუღებელი მეთოდებით გამოცხადებული ბრძოლის ფონზე. ეს შედეგი ნიშნავს ასევე იმას, რომ ჟურნალისტებს ძალიან მაღალი სტანდარტითა და პასუხისმგებლობით გვიმუშავია, რაც იმაში გამოიხატა, რომ 22-დან 19 ფაქტში გავმართლდით. სხდომაზე ბესელიას წარმომადგენელმა ძალიან უხეში და უტიფარი ფორმებით დაადასტურა, რომ მას არ სურს იმ ქალაქში ჩვენი არსებობა, რასაც გამოცემის სერიოზულ წარმატებად მივიჩნევ და კიდევ უფრო ვრწმუნდები ჩვენი მედიასაშუალების არსებობის საჭიროებაში,"- აცხადებს ჯანაშია.

 

მისი თქმით, გამოცემა კანონდარღვევების მხილებასა და მაჟორიტარის ობიექტურ კრიტიკას ჩვეულებრივ მომავალშიც გააგრძელებს და ჟურნალისტურ სტანდარტს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED