ოჯახი მამუკა ლაშქარავას უკანონოდ დაკავებას აპროტესტებს და უფლებადამცველებს მიმართავს

2013.11.11 ავტორი: TS

ფოთში, პატიმარ მამუკა ლაშქარავას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ობიექტური გამოძიებისა და მისი  გათავისუფლების მოთხოვნით, აქცია გამართეს. პატიმრის ოჯახის წევრები უფლებადამცველ ორგანიზაციებს საქმეზე დაუყოვნებლივ რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

 

დაკავებულის მეუღლის, ირმა ლაშქრავას განცხადებით, ლაშქარავას დაკავება უკანონოდ მოხდა და მის წინააღმდეგ  პროკურატურას და პოლიციას არანაირი მტკიცებულებები არ გააჩნია. მისი თქმით, რადგან ლაშქრავა წინა წლებში მძიმე დანაშაულზე იხდიდა სასჯელს, მისი გათავისუფლების შემდეგ პოლიციამ ქვეყნის დატოვება მოთხოვა, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემდეგ კი ის აბსურდული ბრალდებით დააკავა.

 

ირმა ლაშქრავას განცხადებით, მოთხოვნის მიუხედავად, სამართალდამცავი უწყება ექსპერტიზის ჩატარებაზე უარს აცხადებს, რომელიც ლაშქარავას უდანაშაულობას დაამტკიცებს.

 

შეგახსენებთ, რომ მამუკა ლაშქარავა სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა, ფოთში,  დააკავეს. პროკურატურა  მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და დიდი ოდენობით ნარკოტიკების ქონას ედავება. სასამართლო სხდომა 13 ნოემბერსაა დაგეგმილი. პროკურატურამ ჯერჯერობით მტკიცებულებად, მხოლოდ 5 პოლიციელის ჩვენება წარადგინა, რის საფუძველზეც ზუგდიდის სასმართლომ ლაშქრავას წინასწარი  2-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

 

არსებობენ მოწმეები, რომლებიც ამტკიცებემ, რომ დაკავების ადგილზე ლაშქარავას ჩხრეკა, რაიმე ოქმის შედგენა არ მომხდარა და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა შეიარაღებულმა პირებმა ის მიწაზე დააგდეს და ცემა დაუწყეს, რის შემდეგაც ძალის გამოყენებით მანქანაში ჩასვეს.

 

დაკავებამდე ლაშქარავა პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე ღიად საუბრობდა. მისი თქმით, პოლიცია მას ქვეყნის დატოვებას აიძულებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მას იარაღის ჩაგდებით, ან ლიკვიდაციით ემუქრებოდა.

 

მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, ლაშქარავამ ფოთის პოლიციის უფროსი და პროკურორი, შანტაჟსა და ლიკვიდაციით მუქარაში ღიად დაადანაშაულა. ლაშქარავას ამტკიცებდა, რომ ქვეყნის დატოვების 10-დღიანი ვადა ფოთის პოლიციის ამჟამინდელმა უფროსმა, ზურაბ ალანიამ პირადად მოთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაკავებით დაემუქრა. მან ასევე დაასახელა ის პოლიციელები, რომლებიც მას ქვეყნის დატოვებას აიძულებდნენ. ამის შემდეგ, მისივე განცხადებით, პოლიციის მხრიდან მასზე დევნა და თვალთვალი დაიწყო.

 

ლაშქარავას დაკავებასა ან მის ლიკვიდაციაში პოლიციის მიერ მოთხოვნილი დახმარების შესახებ განცხადება, რამდენიმე პირმაც გააკეთა.

 

მოქალაქე ტიტე ჩაჩიბაიას განცხადებით, პოლიციელმა ლევან უნგიაძემ მას შემოუთვალა, რომ ამ განცხადების გაკეთებას ლაშქარავას არ აპატიებდნენ.

 

პოლიციელების მიერ, ლაშქარავას მანქანაში გარკვეული ნივთის ჩადების მცდელობაზე განცხადება ავტომანქანის ხელოსნებმაც გააკეთეს.

 

პოლიციის მიერ ძებნილად გამოცხადებული ზურაბ გარუჩავას მამის განცხადებით კი, ფოთის პოლიციის გამომძიებელმა, ემზარ კალანდიამ შვილისთვის ძებნილის სტატუსის მოხსნის სანაცვლოდ, ყოფილ მსჯავრდებულ ლაშქარავას დაკავებასა ან ლიკვიდაციის მოწყობაში დახმარება პირადად თხოვა. 

 

18 წლის მოზარდებმა: რატი აკობიამ და ზაალ მიქავამ, ფოთელი პოლიციელი ზვიად გულუა, მამუკა ლაშქარავას წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევაში, მფარველობასა და დაუსჯელობის დაპირებაში ამხილეს. მათი განცხადებით, პოლიციელი მათ იარაღის მიცემასაც დაპირდა.  

 

შს სამინისტრომ და დასახელებული პოლიციელებმა აღნიშნული ბრალდებები უარყევს. აღნიშნული განცხადებებიდან რამდენიმე ხანში კი ლაშქარავა ნარკოტოკების მოხმარება-შენახვისა და იარაღის ტარებისთვის დააკავეს, რასაც დაკავებული არ აღიარებს და თავს ანგარიშსწორებისა და დევნის მსხვერპლად მიიჩნევს.

 

მამუკა ლაშქარავა სხვადასხვა დანაშაულის (მკვლელობა, გაქცევა, დაჯგუფების წევრობა) გამო მოხდილი 19-წლიანი პატიმრობის შემდეგ, გასული წლის ივნისში გათავისუფლდა. მიმდინარე წლის იანვარში, ის ქურდობის ბრალდებით კვლავ დააკავეს და 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას ბრალი არ უღიარებია. პროკურატურამ მას ბრალი ვერ დაუმტკიცა და სასჯელზე შეთანხმება შეთავაზა.

 

ლაშქარავა შსს სამინისტროს მიერ “განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტადაა” მოხსენიებული.

 

 

 

 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED