უჩა ნანუაშვილი - მოქალაქეები შერჩევით სამართალზე საუბრობენ, მე კი პასუხი არ მაქვს

2013.11.08 ავტორი: TS

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ პროკურატურაში 9 ათასზე მეტი საქმეა შესული და გახმაურებული საქმეები დღემდე არ არის გამოძიებული. მისი თქმით, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა ხელისუფლებამ გაუგებარი მიზეზების გამო გააჭიანურა. 

„დაგროვილია ძალიან ბევრი პრობლემა და მნიშვნელოვანია, რომ მთავრობას ჰქონდეს ერთიანი პოზიცია. მხოლოდ პროკურორს, დარწმუნებული ვარ, ბევრი არაფერი შეუძლია... ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ ხდება, თუნდაც ქონებრივი დავის საკითხების განხილვა,“- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“.

 

მისივე თქმით, საზოგადოებისთვის ხელისუფლების ერთ-ერთი დაპირება სამართლიანობის აღდგენა იყო და, ამ კუთხით, წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები უნდა მოგვარებულიყო, დღეს კი ეს პროცესი გაჩერებულია.

 

ნანუაშვილი აცხადებს, რომ სახალხო დამცველის აპარატს ძალიან ბევრი ადამიანი მიმართავს და სასამართლო განაჩენების გადახედვას ითხოვს. „სამართლიანობის აღდგენის პროცესი გაწელილი და გაჭიანურებულია, ეს ფაქტია და მიზეზი მთავრობას და პარლამენტს უნდა ვკითხოთ,“- აცხადებს სახალხო დამცველი და აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის და განაჩენების გადახედვის საკითხი მთავრობის ღირსების საქმეა.

 

მისივე თქმით, სამართლიანობის აღდგენა მხოლოდ „ქართუ ჯგუფთან“ დაკავშირებულ საკითხებზე მოხდა, სხვა ხმაურიანი საქმეები კი ამ დრომდე არ დასრულებულა. „მოქალაქეები მოდიან და შერჩევით სამართალზე საუბრობენ, მე კი პასუხი არ მაქვს“,- აცხადებს ნანაუაშვილი.

 

შეგახსენებთ: მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა თანამდებობა გუშინ დატოვა. დღეს მომავალი მთავარი პროკურორის პოსტზე უკვე დასახელდა ოთარ ფარცხალაძე. ფარცხალაძე ამჟამად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელია.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED