ლაშა ხარაზიშვილი - მამას საქმეს გრიფით საიდუმლო დაადეს

2013.11.06 ავტორი: TS

ჟურნალისტი ლაშა ხარაზიშვილი ტელეკომპანია „იმედში“ მუშაობის პერიოდს იხსენებს და იმიტირებული „ქრონიკის“ მომზადების დეტალებზე საუბრობს.

მისი თქმით, 2010 წლის 13 მარტს ეთერში გასული გადაცემის შემდეგ უფრო მეტი კითხვა გაჩნდა ვიდრე ამ გადაცემის მომზადების დრო და შეიქმნა, ვითარება, რომელიც ტელევიზიის თანამშრომლებსაც არ ჰქონდათ წარმოდგენილი.

 

„მე პირადად ჩავწერე შუადღით „იმიტირებული ქრონიკის“ ეს მონაკვეთი. იყო გამზადებული ტექსტი. არც ამ ტექსტთან მქონია შეხება. აბსოლუტურად სხვა რაღაც საქმეებზე დავრბოდი იმ დღეებში... არც წარმოვიდგენდი რომ ამას შედეგად მოჰყვებოდა მწვავე და ცუდი ამბავი. სიმართლე გითხრათ, არც დავფიქრებულვარ, იმიტომ რომ ეს გადაცემა უნდა გასულიყო თავის ჩარჩოში ისეთი ფორმით, რომ ამას არ უნდა გამოეწვია ზედმეტი შეკითხვა,“- განაცხადა ლაშა ხარაზიშვილმა „მაესტროს“ გადაცემა „არგუმენტებში“ საუბრისას.

 

მისივე თქმით, იმიტაციის მანიშნებელი ტიტრის დადების საკითხით არც დაინტერესებულა.

 

ჟურნალისტი ყვება, რომ გადაცემამადე 5 დღით ადრე, 8 მარტს მამამისი სამართალდამცავებმა სულელური ბრალდებით დააკავეს და გადაცემის ეთერში გასვლიდან 5 დღეში 3-წლიანი ვადის თავდებობით და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, შემდეგ კი საქმე მოულოდნელად დაიხურა.

 

„საქმე დაიხურა 2012 წლის 24 ოქტომბერს. მას შემდეგ, რაც ძველმა თანმაშრომლებმა გავაჩერეთ ეთერი „იმედში“ არხის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით და დავტოვეთ არხი. პროკურორმა დარეკა, უნდა დავხუროთ სასწრაფოდ საქმეო,“- განაცხადა ხარაზიშვილმა.

 

მისივე თქმით, მოგვიანებით მამამ საქმის გასაჩივრებაც სცადა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა, რადგან საქმეს საიდუმლო გრიფი ედო. ხარაზიშვილს უჭირს თქმა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, მას რომ ტელეკომპანია საკუთარი ნებით დაეტოვებინა.

 

შეგახსენებთ: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტის თანახმად, ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტმა ლაშა ხარაზიშვილმა 2009-2012 წლებში აუდიტის სახელმწიფო სამსახურიდან ხელფასის და პრემიის სახით 87 770 ლარი მიიღო.

 

ის ყოფილ კონტროლის პალატაში შტატგარეშე თანამშრომლად მუშაობდა.

 

იურისტების განმარტებით, ხარაზიშვილის მიერ ტელეკომპანია „იმედსა“ და აუდიტის სამსახურში ერთდროულად მუშაობა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონს ეწინააღმდეგება.

 

ლაშა ხარაზიშვილმა სწორედ ამ პერიოდში, 2010 წლის მარტში წაიყვანა იმიტირებული „ქრონიკა“ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

 

„ქრონიკის“ წამყვანი დამონტაჟებული კადრების საფუძველზე აცხადებდა რომ, ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ლიდერის, ედუარდ კოკოითის წინააღმდეგ განხორციელდა ტერაქტი, ქართულმა ოპოზიციამ შექმნა სახალხო ხელისუფლება, რომელთა ლიდერებმაც რუსეთთან კავშირი დაამყარეს, რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს სრული ანექსიის ბრძანება გასცა, დაიბომბა აეროპორტები და საზღვაო პორტები.განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაცია და სხვა. გადაცემა ეთერში, როგორც ნამდვილი ამბავი გავიდა. ვიდეოკადრებს არ ახლდა წარწერა, რომ კადრები არქივიდან იყო, ხოლო გადაცემა - იმიტაცია.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED