ადვოკატი - მერაბიშვილს 25 მაისის ღამეს მიტინგის დაშლის ორი გეგმა ჰქონდა

2013.11.06 ავტორი: TS

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ წარმოებულ ე.წ. 26 მაისის საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მოწმე დიმიტრი შაშკინი იქნება და ის დაცვის მხარის მიერ იქნება წარდგენილი.

გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, შაშკინი ფლობს ინფორმაციას, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები 25 მაისის ღამეს, მიტინგის დაშლამდე.

 

„ჩვენ თვითონ არ ვთვლით სადავოდ, რომ იქ ცალკეულმა პოლიციელებმა გადააჭარბეს ძალას. მეტიც, მათ წინააღმდეგ პასუხსიმგებლობის საკითხი დადგა - გენერალურმა ინსპექციამ შეისწავლა საკითხი. აქ იმაზეა საუბარი, კანონიერი იყო თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება. ბრძანება გაიცა იმ გეგმის მიხედვით, რომელიც მას წარუდგინა მისმა მოადგილემ შალვა ჯანაშვილმა. მას ორი გეგმა წარუდგინეს - ერთი ლორთქიფანიძემ, მეორე-ჯანაშვილმა. მოიწონა უფრო ჰუმანური, რომელიც იყო ჯანაშვილის მომზადებული,“-განაცხადა ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“.

 

ადვოკატს არ დაუკონკრეტებია, თუ რას გულისხმობდა მეორე მოადგილის მიერ მომზადებული, ნაკლებად ჰუმანური გეგმა. ჩივიაშვილის თქმით, ჯანაშვილი გეგმის მიხედვით ყველაფერი მშვიდობით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ნინო ბურჯანაძის ესკორტმა ქაოტურად დატოვა შემთხვევის ადგილი და ამან პროცესების გართულება გამოიწვია.

 

შეგახსენებთ: თბილისის საქალაქო სასამართლო ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ ე.წ. 26 მაისის ეპიზოდზე მსჯელობს, რომლის თანახმადაც შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში მერაბიშვილს უკანონო ბრძანების გაცემასა და ხალხის დარბევაში ედება ბრალი. სასამართლოში საქმის განხილვა 19 ნოემბერს განახლდება.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED