ნოდარ ხადური დაკარგულ და არამიზნობრივად დახარჯულ მილიონებზე საუბრობს

2013.10.29 ავტორი: TS

ინფრასტრუქტურული პროექტებიდან 10 მილიონი ლარი არის დაკარგული და ვერ ვპოულობთ პასუხს, სად წავიდა ეს ფული,- აცხადებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.

მისი თქმით, ათობით მილიონი ლარია დაკარგული თბილისის რეაბილიტაციის ფონდიდან და ამ საქმეებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იკვლევს.
 

ფინანსთა მინისტრი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის არამიზნობრივ ხარჯვაზეც საუბრობს და პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გაგზავნილ წერილს იხსენებს, რომლითაც ადმინისტრაცია მეოთხე კვარტალში გასაწევ ხარჯებს წინასწარ ითხოვდა.

 

„ფინანსთა სამინისტროს მოსთხოვეს მეოთხე კვარტალში გასაწევი ხარჯები ახალ პრეზიდენტს არ დასჭირდება და ჩვენ მოგვეცით და დავხარჯავთ ახლაო, რაზეც, თავისთავად ცხადია, მიიღეს უარი,“ – განაცხადა ნოდარ ხადურმა ინგა გრიგოლიას გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“.

 

მისივე თქმით, პრეზიდენტის 10-მილიონიანი ფონდიდან დღეს 5 ათასი ლარია დარჩენილი და სამ კვირაში ალბათ იმასაც დახარჯავენ.

 

„ამ თანხიდან დიდი ნაწილი მოხმარდა პრეზიდენტის ვოიაჟებს“,- განაცხადა ხადურმა.

 

მისივე ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ერთ-ერთ ტელეკომპანიას არქივი დაუკვეთა და ამაში 170 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს.

 

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, პრეზიდენტს ამ ხარჯების გამო სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება და ეს საკითხი უფრო მორალური კუთხითაა საინტერესო.

 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED