ადგილობრივი ოჯახები დევნილთა კორპუსებში ფართების გამოყოფას ითხოვენ

2013.10.24 ავტორი: იზა სალაყაია

ფოთში, საცხოვრებელი ფართის გარეშე დარჩენილი 7 ადგილობრივი ოჯახი დევნილთა ახალგარემონტებულ და მშენებარე კორპუსებში შესახლებას ითხოვს. მათი თქმით, წლების წინ, კორპუსებიდან სარემონტო სამუშაოების მიზეზით გამოსახლებულებს, ხელისუფლებამ უკან დაბრუნების გარანტია მისცა, მაგრამ შემდეგ არ დააბრუნა. 

აღნიშნული მოთხოვნით შეკრებილ მოსახლეობას გუშინ, გვიან ღამით, ფოთის მერი დავით სარსანია შეხვდა. მისი თქმით, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ბინები გათვალისიწნენბულია და ისინი სიაშიც არიან და ხდება პროცედურული საკითხების დაზუსტება.

 

-"შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, კორპუსებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის ფართების გადაცემას დევნილთა სამინისტრო ვერ უზრუნველყოფს, რადგან ის მხოლოდ დევნილ მოსახლეობაზეა პასუხისმგებელი, თუმცა დევნილთა სამინისტროსგან არსებობს თანხმობა და ეს 7 ოჯახი ფართს მიიღებს"- განაცხადა მერმა.

 

დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე ირაკლი ხიმშიაშვილიც განმარტავს, რომ დონორი ორაგნიზაციის მოთხოვნა იყო შენობაში მანამდე მცხოვრები არადევნილი მოსახლეობაც უზრუნველყოფილეყოთ ბინებით.

 

ადგილობრივი მოსახლეობა კი ეჭვობს, რომ მათთვის გამოყოფილ ფართებში სხვა დევნილ ოჯახებს ჩაასახლებენ. როგორც ისინი განმარტავენ დევნილთა საცხოვრებელში ფართები დევნილი მოსახლეობისგან წლების წინ იყიდეს, თუმცა რადგან ფართები დევნილებზე დაკანონებული არ იყო, იურიდული გაფორმება არ მომხდარა. ამაზე კონკრეტული პასუხი მათთვის არავის გაუცია.

 

ყოფილ სასტუმრო "აიეტის" შენობისა და მიმდებარედ ახალი კორპუსის სამშენებლო- სარემონტო სამუშაოები გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) დაფინანსებით 2011 წელს დაიწყო და პროექტის თანახმად, 1 წლის ვადაში  უნდა დასრულებულიყო. თუმცა ვადებმა 1წლით  გადაიწია.

 

შენობიდან კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა 75 ოჯახი სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიზნით, იმავე წელს გამოასახლეს და  სამუშაოების დასრულებამდე, ავარიულ და ამორტიზებულ საცხოვრებლებში ჩაასახლეს.

 

ახლადგარემონტებულ კორპუსებში დევნილი მოსახლეობის დაბრუნება და ბინების განაწილება უკვე დაიწყო.

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED