ციხეში გარდაცვლილი არასრულწლოვანის ოჯახის პოზიცია და სოზარ სუბარის პასუხი [Photo]

2013.10.13 ავტორი: ელისო ჯანაშია იზა სალაყაია

მასალას თან ერთვის ფოტო/ვიდეო, რომლის ნახვას სუსტი ან დაავადებული გულის მქონე ადამიანებს არ ვურჩევთ. „თოკით მიყენებული დაზიანება, გოგას კისრის ქვევით, დაახლოებით საყლაპავთან და მის ირგვლივ აქვს. უკნიდან რომ მიეპარო ადამიანს და კისერი დაუჭირო, ალბათ, ასე ყავდათ გაკავებული და ცემდნენ,“- ციხის მაყურებელთან კონფლიქტის გამო მკვლელობას ვარაუდობს ქუთაისის ციხეში გარდაცვლილი არასრულწლოვან გოგა ძველაიას მამა - დავით ძველაია. სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი მაყურებლების მიერ დაკავებულის ცემას გამორიცხავს, რადგან მათთან კონტაქტი დაკავებულს არ ქონია. მინისტრი დღეს, ქუთაისის ციხეში, დავით ძველაიას თავად უნდა შეხვდეს.

მისი ეჭვი შეეხება ასევე ექსპერტიზას, რომელიც მისივე განცხადებით, სხვა დაზიანებების დასაფარად ჩაუტარდა და გაკვეთაზე ნებართვა ოჯახისგან მოთხოვნილი არ ყოფილა.

 


მისი თქმით, აღნიშნული დაზიანებების გარდა მისი შვილის თვითმკვლელობას სხვა ფაქტორებიც გამორიცხავს.

 

„ციხის უფროსმა მითხრა ბავშვმა ოჯახში დედასთან დარეკვა მთხოვა, გადაიხადეს თუ არა გირაოო. ბავშვი, რომელიც უახლოეს საათებში გირაოს გადახდას და გათავისუფლებას ელოდება, თავს მოილავს?"- აღნიშნავს დავით ძველაია.

 

ის მომხდარში ციხის ადმინისტრაციასაც ადანაშაულებს, რადგან მათ ვერ უზრუნველყვეს პატიმრის უსაფრთხოება. როგორც გარდაცვლილის მამა ამბობს, დაკავებულმა ციხის უფროსს, წერილობით მიმართა და მისი უსაფრთხოების გამო, ცალკე საკანში გადაყვანა მოთხოვა. მისი თქმით, ციხის ხელძღვანელობა უნდა დაინტერესებულიყო დაკავებულის პრობლემებით და განსაკუთრებული მეთვალყურების ქვეშ უნდა ყოლოდა.

 

„ციხის უფროსმა მითხრა ცალკე კამერაში გადავიყვანეო. მაგრამ როგორ აღმოჩნდნენ მასთან სხვა პატიმრები? იმის ნაცვლად ყურადღება მიექციათ, სხვა საკნებიდან პატიმრებს მასთან შესვლის უფლება ქონდათ. რაღაც წესები ხომ არსებობს, ასე თავის სურვილზე, სადაც უნდა იქ დადიან პატიმარი ციხეში? ხოლო თუ პატიმარი თვითმკვლელობისთვის ემზადებოდა, ზეწარს ხევდა და ა.შ კამერებს, ხომ უნდა დაეფიქსირებინა ეს ყველაფერი? “- აღნიშნავს ის.

 

მისი თქმით, ციხეში დამონტაჟებული კამერის ჩანაწერები მოითხოვა, თუმცა როგორც უთხრეს  სასამართლომდე მისი ნახვა შეუძლებელი იქნება. მისი ინფორმაციით, კადრები დამონტაჟებულია.

 

„ციხის უფროსმა მითხრა იმავე საღამოს, კადრების ერთ მონაკვეთს ხარვეზი აქვსო. ალბათ დაჭრეს, დაამონტაჟეს. ეს ის მონაკვეთი იქნება, პატიმრები, რომ შერბიან მასთან საკანში“- აღნიშნავს გარდაცვლილის მამა.

 

ის ადგილზე  სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურდიულ დახმარების მინისტრის ჩასვლას ითხოვს. „ჩამოვიდეს სოზარ სუბარი და დამიმტკიცოს, რომ ჩემმა შვილმა თავი მოიკლა და მე დავუმტკიცებ, რომ ის მოკლეს!“- აცხადებს გარდაცვლილის მამა.

 

'



გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის ადვოკატის ლედი დუკვაძეს განცხადებით, გოგა ძველაიას წინა პატიმრობისას მიღებული ტრავმის გამო მარჯვენა ხელის  გამოყენება ფაქტობრივად არ შეეძლო. მისი თქმით, ტრავმირებული ხელით ის  თოკის დამზადებას, ჩამოკიდებას და სხვა ქმედებების შესრულებას ვერ შეძლებდა.

 

დაღუპულის დედის, მთვარისა ძველაიას თქმით, მის შვილს ქუთაისის ციხეში პრობლემები ქონდა და დაჟინებით სხვა ციხეში გადაყვანას მოითხოვდა.

 

„სანამ ქუთაისის ციხეში გადაიყვანდნ, ბავშვმა მითხრა: დედა, ცუდი ამბავი მოხდება, მანდ არ დამაბრუნონ, გლდანში გადამიყვანონო. ცოცხალი თავით არ უნდოდა იქ დაბრუნება. სასამრთლოზე ადვოკატმაც დააყენა ეს საკითხი, მაგრამ ეს ჩვენ არ გვეხებაო. პოლიციელებსაც წინააღმდეგობას უწევდა, მერე უთხრეს, როგორც ჩანს, ერთი დღე იქნებოდა და მერე გირაოს გადავხდიდით და გაათავისუფლებდნენ. ერთი დღე ვერ მიხედეს ბავშვს, მით უფრო, როცა ასეთ პრობლემებზე საუბრობდა,“- აღნიშნავს დედა.

 

მისი თქმით, მძიმე ეკონომიკური- სოციალური პირობების გამო, გირაოს თანხის შეგროვება ერთ დღეში ვერ მოახერხა, მერე შაბათ-კვირაც დაემთხვა და ორშაბათს კი გარდაცვალების შესახებ შეიტყო.


                                                               რას ამბობენ ექსპერტები?


გარდაცვლილ გოგა ძველაიას დამოუკიდებელი ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, რომლის პასუხი რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი, მანამდე კი, ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი  განცხადებას არ აკეთებს და ამბობს, რომ დაელოდება გამოძიებას.

                          

დამოუკიდებელი ექსპერტიზის ბიურო "ვექტორის" ხელმძღვანელის, ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით, თვითმკვლელობას თუ მკვლელობას ქონდა ადგილი ამის განმსაზღვრელია სად აღენიშნება დაზიანება. მისი თქმით, თუ დაზიანება კისრის ქვედა 1/3 ნაწილში აღენიშნება ეს ნიშნავს, რომ მას თოკი ვიღაცამ მოუჭირა. თვითმკვლელობისას კი დაზიანება კისრის ზედა 1/3 ნაწილში ჩნდება, რადგან სხეულის სიმძიმე თოკს ზევით წევს. 


                                                 სასჯელაღსრულების მინისტრის პოზიცია


სასჯელაღსრულების სამინისტროს ვერსიით, პატიმარმა თავი მოიკლა. როგორც მინისტრი სოზარ სუბარი TSpress-თან საუბრისას აცხადებს, დაკავებული არასრულწლოვანი ცალკე კამერაში იმყოფებოდა და ადმინისტრაციის გარდა, მასთან კონტაქტი არავის ქონია. ამდენად, ვინმესთან ჩხუბის ფაქტს სუბარი გამორიცხავს. მისი თქმით, საკანს ვიდეოთვალი არ იღებდა, რადგან ამის საჭიროება არ არსებობდა. მისი თქმით, დაკავებულმა არასრულწლოვანმა წერილობით მიმართა ციხის ადმინისტრაციას ცალკე კამერაში გადაყვანის მოთხოვნით, რაც დაკმაყოფილებული იქნა. მინისტრის თქმით, არასრულწლოვანი რაიმე საშიშროებაზე განცხადებაში არაფერს წერდა. მინისტრის თქმით, მსგავსი ფაქტის შემთხვევაში, გამოძიებას გაკვეთაზე ნებართვა არ სჭირდება.

 

მინისტრის განმარტებით, სათვალთვალო კამერას გადაღებული აქვს მხოლოდ დერეფანი, ჩანაწერის ხარვეზის შესახებ ინფორმაციას ის არ ფლობს. მისი განცხადებით, მასს ფირი ნანახი არ აქვს.

 

"ფირის ამოღებაზე ნებართვა სასამართლომ მხოლოდ გუშინ გასცა. არანაირი ეჭვი არ მაქვს, რომ ვინმეს ბრალი გამოიკვეთება, მაგრამ მე ველოდები გამოძიებას, რომელიც უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და უნდა იყოს მის მიმართ ნდობა" აცხადებს მინისტრი. 

 

"იმ შემთხვევაში თუ ვინმეს ბრალი გამოიკვეთება, უნდა დაისაჯოს აუცილებლად. მე არ მაქვს ეჭვი, რომ ვინმეს ბრალეულობა გამოიკვეთება, მაგრამ გამოძიება უნდა ჩატარდეს გამჭვირვალედ და ნდობა უნდა იყოს მის მიმართ. მე ველოდები გამოძიებას, უნდა დადგინდეს სიმართლე"- აცხადებს ის. მისი თქმით, მისი თქმით, ბოლო ორ კვირაში 3 არასრულწლოვანმა მოიკლა თავი საქართველოში, ციხის გარეთ. "მკვლელობა და თვითმკვლელობა ხდება ყველგან, მაგრამ მთავარია, გამოძიებით სიმართლე დადგინდეს"-აცხადებს მინისტრი.  

 

ის უარყოფს ოჯახის პრეტენზიას უყურადღებობის შესახებ და აცხადებს, რომ ფაქტის შეტყობისთანავე ის ქუთაისში გაემგზავრა და ყველაფერი ადგილზე გადაამოწმა. ძველაიაების ოჯახის მოთხოვნაზე, მინისტრთან შეხვედრასთან დაკავშირებით, სუბარმა განაცხადა, რომ ის დღეს გარდაცვლილის მამას შემთხვევის ადგილას, ქუთაისის ციხეში შეხვდება და ყველა კითხვაზე უპასუხებს.

 

სოზარ სუბარი პრეზიდენტის მიერ სენაკში, ძველაიების ოჯახში ჩასვლას, მისამძიმრებასა და შემდეგ გაკეთებულ განცხადებას ადამიანის ტრაგედიით მანიპულირებას უწოდებს. სუბარის თქმით, მისი მინისტრობისას პერიოდში მხოლოდ 18 პატიმარი გარდაიცვალა, სააკაშვილის პერიოდში კი, 144 პატიმარი გარდაიცვალა და არც ერთ მათგანთან ოჯახში პრეზიდენტი არ მისულა.

 

პრეზიდენტის განცხადებით, მას პატიმრის თვითმკვლელობის ვერსია აეჭვებს:"ბიჭს ჰქონდა კონფლიქტი ციხეში დაბრუნებულ მაყურებლებთან. ჩხუბისას მაყურებელი დაემუქრა, რომ მას მოკლავდა, თუ კიდევ ერთხელ მოხვდებოდა იმავე ციხეში"- აღნიშნა მან.

 

სენაკში ჩავიდა და გარდაცვლილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა, ქვეყნის პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა და პარალმენტის ადამინის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.

 

ბესელიას თქმით კი, მას არ აქვს საფუძველი იფიქროს, რომ გოგა ძველაიას შემთხვევა მკვლელობა იყო. მან გამოძიებას მოუწოდა, ძველაიას ოჯახს, კერძოდ კი მამას აჩვენონ ის ვიდეომასალა, რომელიც გადაღებულია სასჯელაღსრულების დაწესებულების დერეფანში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერით, რათა ოჯახი დარწმუნდეს, ვინ შედიოდა საკანში დღის განმავლობაში. 

 

ბესელიას პრეტენზია სასამრთლოსაც შეეხო, თუ რატომ გაუშვეს 16 წლის ახალგაზრდა ციხეში, მაშინ როდესაც მას გირაო ჰქონდა შეფარდებული.

 

ბესელიას განცხადების საპასუხოდ, სენაკის სასამართლომ განცხადებს გაავრცელა და პარლამენტარი არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

 

"საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, სასამართლომ ბრალდებულის მიმართ, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, გირაოს თანხის გადახდამდე გამოიყენა დაპატიმრება, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ბრალდებულის დაკავებიდან განთავისუფლებას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს", - აღნიშნულია სენაკის სასამართლოს განცხადებაში.

 

შეგახსნებთ, რომ მიმდინარე წლის მაისში, გეგუთის #14 დაწესებულებაში, პატიმრებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ნაცემი 24 წლის პატიმარი ლევან კორტავა გარადაიცვალა.

 

საქმე პროკურატურამ გახსნილად 2 აგვისტოს გამოაცხადაპროკურატურის ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 5  თანამშრომლი დააკავა და 7 პატიმარს კი ბრალი წაუყენა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED