კომპანიის დირექტორი საქმიანობაში ზაზა გოროზიას ჩარევით გამოწვეულ პრობლემებზე [Video]

2013.10.10 ავტორი: TS

თევზის მომპოვებელ კომპანია "პალიასტომი 2004"სახელმწიფოს მიმართ არსებული დავალიანების გამო, კომპანიას გაყიდვა და გაკოტრება ემუქრება. მისი დირექტორი საქმიანობაში ყოფილი გუბერნატორის, ზაზა გოროზიას ჩარევით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობს. კომპანიამ საბიუჯეტო დავალიანების დასაფარად წილის 75 % უკვე გაყიდა და თუმცა, კოლოსალური დავალიანება კვლავ დასაფარი რჩება. ეს მეორე ლიცენზიანტი კომპანიაა, რომელიც გაკოტრების პირასაა. მსგავსი პრობლემა ლიცენზიანტ კომპანია "მადაისაც" გააჩნია. კომპანიები დაკისრებულ გადასახადებს უკანონოდ და უსამართლოდ მიიჩნევენ და სახელმწიფო კი თევზის მოპოვების სეზონის წინ, კომპანიებს ვალის ჩამოწერაზე ან რესტრუქტურიზაციაზე არ თანხმდება. 

შპს "პალიასტომი-2004-ის" პრობლემები

 

კომპანია 2004 წელს დაფუძნდა და მის საწარმო განვითარებაში 1,5 მლნ. დოლარის ინვესტიცია დაიხარჯა. კომპანიამ მცირე თევზსაჭერი გემი შეიძინა, თევზის გადამამუშავებელი ორი საამქრო და სამაცივრე ფართები ააშენა, ხოლო 2006 წელს, სხვა კომპანიებთან ერთად, 1,6 მილიონ ლარად შეიძინა თევზჭერის ლიცენზია.

 

კომპანიის დირექტორის, გურამ დოლბაიას განცხადებით, მათი პრობლემები 2012 წლის თებერვალში გართულდა, როცა საბიუჯეტო თანხების დამალვის მიზეზით, კომპანიის ხელმძღვანელსა და დამფუძნებელზე სს საქმე აღიძრა. ამის პარალელურად დაილუქა საწარმო, რამაც შეაჩერა საწარმო პროცესი. ამის გამო 2012 წლის ნახევარი სეზონი ვეღარ იმუშავეს. ფინანსურ პოლიციას პრეტენზია ქონდა საწვავის ოდენობასთან დაკავშირებით. მათი განმარტებით, წინა სეზონთან შედარებით დახარჯული საწვავის ოდენობის მიხედვით, კომპანიას მეტი ოდენობის თევზი უნდა დაეჭირა. 

 

"გვითხრეს, რომ შარშან, როცა ამ რაოდენობის საწვავით დაიჭირეთ ამდენი თევზი, წელსაც უნდა დაგეჭირათ ამდენივე, რაც აბსურდია, რადგან წარმოუდგენელია, ზღვაში ყველა გასვლისას გარანტირებული ოდენობის თევზი დაიჭირო."- აცხადებს გურამ დოლბაია. მისი თქმით, ეს გადასახადი თითქმის მილიონ ლარამდე ავიდა, რასაც შემდგომში, გადაუხდელობის გამო, საურავებიც დაეკისრა.

 


"სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორის ზაზა გოროზიას ინიციატივით პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, სადაც ბუნებრივი რესურსის მოსაკრებლის გადასახადის გადახდა ფაქტიურად მოპოვებულიდან(როგორც ეს აპრობირებულია მსოფლიო პრაქტიკაში) გადაიყვანეს დამტკიცებული კვოტების შესაბამისად, ასევე 2009 წელს ყველა თევზის მომპოვებელი ლიცენზიანტი ერთდროულად იქნა შემოწმებული და გამოგონილი, შეთითხნილი აქტებით იქნა დაჯარიმებული"- აცხადებს კომპანიის დირექტორი.

 

კომპანიამ ახალი ხელისუფლების პირობებში გაასაჩივრეს შემოსავლების სამსახურში, მაგრამ 2012 წლის აგვისტოს მოუვიდათ პასუხი, რომ ვალი სამართლიანად და კანონიერადაა დაკისრებული.

 

სექტემბერში ხელმეორედ გასაჩივრების მერე, ვალი 97 ათასამდე ჩამოვიდა. არჩევნების მერე გააგრძელეს დავა, სამხარაულის სახელმწიფო ექსპერტიზამ შეისწავლა საკითხი და საბოლოოდ, 11 ათასამდე დავიდა ეს დავალიანება, რის საფუძველზეც შეწყდა სისხლის  სამართლებრივი დევნა კომპანიის დამფუძნებელსა და დირექტორზე.

 

კომპანია 11 ათასს ეთანხმება და აღნიშნული ჯარიმაც გასაჩივრებული აქვს. კომპანიის დირექტორი დარწმუნებულია, რომ ეს ვალიც მოიხსნება. კომპანიას, რომელსაც აღნიშნული დავისას საწარმო გაჩერებული ქონდა, პარალელურად კვოტის მიხედვით დაწესებული გადასახადი (1 ტონაზე 40 ლარი) მაინც დაერიცხა, რამაც ჯამში 810 ათასი ლარი შეადგინა.

 

კვოტის მიხედვით გადასახადი 2010 წლიდან დადგინდა, მანამდე მოპოვებული თევზის მიხედვით ტონაზე 25 ლარი იყო. 2011 წელს, ამას დაემატა რეუგლირების მოსაკრებელი ტონაზე 15 ლარი.

 


გოროზიას ფაქტორი

 

ლიცენზიანტი კომპანიების მიმართ მსგავს დამოკიდებულებას მაღალჩინოსანთა მხრიდან კომპანიის დირექტორი დარგის მართვის სადავეების ხელში აღების მცდელობად მიიჩნევს და სამეგრელო-ზემო სვანეთის იმჟამინდელ გუბერნატორ ზაზა გოროზიასთან კომპანიის წარმომადგენელთა შეხვედრის დეტალებს იხსენებს.

 

"შეგვხვდა ყველას. თქვენ ხან იჭერთ, ხან ვერა, ჩვენ ამას ვერ დაველოდებით. გადაიხადეთ კვოტის მიხედვითო". -აცხადებს დოლბაია. მისი თქმით, ამის შემდეგ პარლამენტში მართლაც მოხდა ინიცირება კანონპროექტის და კომპანიებს გადასახადების გადახდა წინმსწრებად ანუ კვოტის მიხედვით დაუწესდათ.

 

თავად ზაზა გოროზია, მეთევზეებთან შეხვედრის ფაქტს ადასტურებს, მაგრამ მსგავსი შინაარსის განცხადების გაკეთებას უარყოფს. ის TSpress-თან საუბრისას დაინტერესდა იმ კომპანნიით, რომელმაც ეს  განაცხადა. მისი თქმით, ის მუდამ ხვდებოდა მეთევზეებს, უგვარებდა პრობლემებს და მხარში ედგა მათ.

 

"ერთმა მეთევზემ მაინც თქვას, რომ გვერდში არ დავუდექი: კვოტებზე, ნებართვებზე, შესვლებზე... თუ რომელიმეს მაგის სინდისი ეყოფა დ აიტყვის ამას, დამირეკონ და მითხრან, მერე მე დაველაპარაკები მათ. თუ რომელიმე მათგან დაჩაგრულია, მიმართონ პროკურატურას"-აცხადებს გოროზია.

 

მისი თქმით, მას არავინ ეკითხებოდა კვოტის ღირებულების ან გადასახადის ცვლილებას.

 

"ყველა პრობლემა მოვუგვარე მე და კარგად გაიხსენონ. ვიღაცებს პრობლემები აქვს, რადგან ბიზნესი არ იციან, მაგთგან 2 ადამიანს თუ შეეძლო ბიზნესისი გაკეთება. გადასახადებთან არანაირი შეხება არ მქონია. მე ვამბობდი, რომ ეს ბიზნესი უფრო ფართოა და ახალი ინვესტორები უნდა შემოსულიყვნენ. მათ ვეუბნებოდი გემები იყიდეთ და ლიცენზიას გაგიგრძელებთ-მეთქი 5 წლით, ვეუბნებოდი. ვაპირებდით ლიცენზიის გაგრძელებას, თუ ისინი ვალდებულებას აიღებდენენ და ბიზნესს განავითარებდნენ. იყიდიდნენ გემებს და თურქულ გემებს არ შემოიყვანდნენ.

 

ამჟამად, კომპანიას გაგზავნილი აქვს მიმართვები საქართველოს პარლამენტისთვის, გარემოს დაცვისა და ფინანსთა სამინისტროებისთვის, დარგში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის გამო. კომპანია სამართლებრივი სივრცის მოწესრიგებასა და უკანონოდ და უსამართლოდ დაკისრებული ჯარიმების გადახედვას ითხოვს.

 

რამდენიმე ხნის წინ, საქმიანობაში შექმნილი კრიზისისა და გაკოტრების საფრთხის სესახებ კიდევ ერთმა კომპანია "მადაიმ" განაცხადა. ტვირთის კონფისკაცია, ადმინისტრაციული ჯარიმა, კაპიტნისა და გემების დაპატიმრება და სისხლის სამართლებრივი დევნა - ყველა ეს სანქცია სააკაშვილის ხელისუფლებამ კომპანია „მადაის“ წინააღმდეგ გამოიყენა. მას ბრალი უკანონო ადგილას თევზჭერაში, მოგვიანებით კი აკრძალული ბადე-იარაღების გამოყენებაში წაუყენეს და გადასახადების წინმსწრებად გადახდაც დააკისრეს. კომპანია, რომელმაც საქმიანობის ხუთი წლის მანძილზე, ბიუჯეტში 6 მილიონ ლარზე მეტი შეიტანა, სახელმწიფომ გაკოტრების პირამდე მიიყვანა.

 

ამავე თემაზე:

 

ძალაუფლების გამოყენებით გაკოტრებული კომპანია „მადაი“

 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED