ფოთის მერიის სამსახურის ყოფილ უფროსს ფინანსურ დარღვევას ედავებიან

2013.09.27 ავტორი: TS

შპს "ინფრასტრუქტურა- 2008"-ის ხელმძღვანელის, რატი კვანტრიშვილის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, სამსახურში ჩატარდა ინვენტარიზაცია, რომელმაც რიგი ფინანსური დარღვევები გამოავლინა. დარღვევები წინასწარ აღებულ ხელფასებსა და გახარჯულ საწვავს ეხება. ფოთის მერიის მიერ ტენდერში გამარჯვებული კომპანია კი ამჟამად, ფირმაში აუდიტს ატარებს. 

შპს-ს მთავარი ბუღალტრის, ნანა კუპრავას მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, შპს "ინფრასტრუქტურა-2008"-ის ყოფილ დირექტორს, რატი კვანტრიშვილს საწარმოს მიმართ 11 290 ლარის 50 თეთრის დავალიანება გააჩნია. აქედან 2400 ლარით, სამსახურს გარკვეული ნივთები უნდა ქონდეს შეძენილი, რაც არ მოინახა.

 

2013 წლის 01 სექტემბრისათვის ბუღალტრული მონაცემებით საწვავის ნაშთები კი შეადგენს: დიზელი - 649, 34 ლიტრი; ბენზინი - 285 ლიტრი.

 

საივენტარიზაციო დოკუმენტს ხელს საინვესტიციო კომისიის 6 წევრი აწერს, რაზეც თავად რატი კვანტრიშვილის ხელმოწერა აკლია. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, საწარმოს გადმობარების პროცესში შექმნილმა საინვენტარიზაციო კომისიამ მუშაობა დაამთავრა და შესაბამისი დოკუმენტაცია მ/წლის 6 სექტემბერს გაფორმდა.

 

 

"მიუხედავად ამისა, საწარმოს მატერიალური ფასეულობების გადმობარება ვერ ხერხდება იმის გამო, რომ საწარმოს ყოფილი დირექტორი ბატონი რატი კვანტრიშვილი ოთხი დღეა (9,10,11,12 სექტემბერი) არ ცხადდება საბუთებზე ხელმოსაწერად დროის უქონლობის მიზეზით"- წერია სამსახურის უფროსის მიერ მერისთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში.

 

რატი კვანტრიშვილი ხელფასის წინმსწრებად აღებას ადასტურებს, თუმცა, აღნიშნულს კანონდარღვევად არ მიიჩნევს. კვანტრიშვილი ასევე არ ადასტურებს მწყობრიდან გამოსული ტექნიკისათვის საწვავის გამოყოფის შესახებ ინფორმაციას.

 

შეგახსენებთ, რომ შპს "ინფრასტრუქტურა-2008", 100%-იანი სახელმწიფო წილით დაფუძნებული საწარმოა. მის ხელმძღვანელად ფოთის მაჟორიტარ ეკა ბესელიას საარჩევნო შტაბის ყოფილი თანამშრომელი რატი კვანტრიშვილი მ/წ 18 თებერვალს დაინიშნა. ფოთის მერსა და მაჟორიტარს შორის დაწყებული დაპირისპირების შემდეგ, ურთიერთობა მერსა და კვანტრიშვილს შორისაც დაიძაბა.

 

ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, მიშა ძაგანია განმარტავს, რომ ხელფასის რამდენიმეთვიანი ავანსის აღება, პრაქტიკაში უცხოა. მისი თქმით, ხშირად თანხის წინასწარ გაცემა ხდება ხელშეკრულებით ნაკისრი სხვადასხვა სახის მომსახურების შესასრულებლად. მისი თქმით, კანონში ხელფასის წინმსწრებად აღების ჩანაწერი არ არსებობს. ძაგანია განმარტავს, რომ ყოფილმა ხელმძღვანელმა თანხა უკან უნდა დააბრუნოს.

კვანტრიშვილი ეკა ბესელიას საარჩევნო კამპანიის დროს

 

ექსპერტის განმარტებით, ფირმის ანგარიშიდან გადარიცხულ თანხას უნდა მოყვებოდეს შესაბამისი ანგარიშები და შეძენილი ნივთი შპს ბალანსზე უნდა ირიცხებოდეს. „თუ რაღაც ნივთისთვის თანხა არის გასული, შესაბამისად, ისმის კითხვა: სად არის ის ნივთი? წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრი კითხვის ნიშნები ჩნდება და სხვა სახის მოკვლევას საჭიროებს“- განმარტავს ძაგანია.

 

ფოთის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარე აღნიშნულ ქმედებას ფინანსურ დარღვევად აფასებენ და ბიუჯეტში თანხის დაბრუნებას ითხოვენ.

 

შპს „ინფრასტრუქტურა-2008“ ტენდერის შედეგად უკონკურენტოდ შეირჩა და ქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების გატანისთვის, ბიუჯეტიდან 650 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი. 

 

ფოთის მერი დავით სარსანია სამსახურის უფროსის გათავისუფლებამდე განმარტავდა, რომ ფირმა ნაგვის გატანას დროულად ვერ უზრუნველყოფდა. ის ფირმისთვის გამოყოფილ თანხების კანონიერების შესწავლასაც ითხოვდა.

 

მერის მიერ მიცემული გაფრთხილებები კვანტრიშვილი ზეწოლად აღიქვა და პროკურატურასა და სასამართლოს მიმართა. სასამართლომ უკანონოდ სცნო მერის გაფრთხილებები, თუმცა, მიუხედავად ამისა, მერისვე ბრძანებით, 30 აგვისტოს რატი კვანტრიშვილი სამსახურიდან გათავისუფლდა.

 

ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ დანიშვნის დღიდან, კვანტრიშვილმა საკუთარი ბრძანების საფუძველზე, ორი თვის მანძილზე, ხელფასი 1000 ლარით გაიზარდა


ოპონენტების კრიტიკის, ფაქტის გასაჯაროვებისა და გუნდის წევრებისგან მიღებული შენიშვნის შემდეგ, მან ხელფასი საწყის ოდენობამდე შეიმცირა.



ამასთან, ფოთის მერის გადაწყვეტილებით, სამსახურში დანიშვისას, რატი კვანტრიშვილს მერიის ბალანსზე რიცხული ძვირადღირებული Volkswagen Jetta- ს მარკის ავტომანქანაც გადაეცა, თუმცა თავდაპირველად, მანქანის გადაცემის რაიმე იურიდიული საფუძველი დოკუმენტურად არ არსებობდა. მოგვიანებით, ბესელიასა და სარსანიას შორის არსებული დაპირისპირების შემდეგ, კვანტრიშვილმა მანქანა მერიას დაუბრუნა.

 

მიმდინარე წლის 12 აგვისტოს, შსს ანტიკორუფციული დეპარტამენტის ფოთის განყოფილებამ, ქალაქის განათების დაახლოებით, 113 ერთეული ბოძის (28 ტონა)  ქურდობის ფაქტზე,  სამართალდამცავებმა შპს „ინფრასტრუქტურის“ ყოფილი და ამჟამინდელი ხელმძღვანელები: ირაკლი დუნდუა და რატი კვანტრიშვილი დაკითხა.


შპს „ინფრასტრუქტურა 2008“-ის ყოფილი დირექტორის, ირაკლი დუნდუას განცხადებით, მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ბოძები არ დაკარგულა და ის საწარმოს ტერიტორიაზე იყო დასაწყობებული. 

 

„ჩემი მოსვლის შემდეგ, აქ მხოლოდ 5 ბოძი დამხვდა, ეს ბოძები არ იყო ჩემს ბალანსზე და ეს საქმე არც მაინტერესებს“- აღნიშნა Tspress - თან საუბრისას კვანტრიშვილმა.

 

ფოთის მერი დავით სარსანია კი ვარაუდობს, რომ ბოძები კვანტრიშვილის პერიოდში ჯართად გასხვისდა, რისი უფლებაც, არავის ქონდა, რადგან ის თვითმმართველობის საკუთრება იყო.

 


ამავე თემაზე:



ბესელიას კადრის მიერ 1000 ლარით გაზრდილი ხელფასი და 42 ათასიანი მანქანა


პრეზიდენტი ბესელიას გუნდის წევრის კრიმინალზე საუბრობს [Video]


 განათების გამქრალ ბოძებზე გამოძიება დაიწყო





სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED