კახი კალაძე საბანკო ტერორზე საუბრობს

2011.11.24 ავტორი: tspress.ge

კახი კალაძემ საბანკო „ქართუ ბანკსა“ და „პროგრეს ბანკს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის შემდეგ დაწყებულ შემოწმებებთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა.

კახი კალაძე

კახი კალაძე

უცვლელად გთავაზობთ განცხადებას, რომელიც  კალაძემ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" თავის გვერდზე გამოაქვეყნა: 

"ძვირფასო მეგობრებო, საზოგადოების და მასმედიის მხრიდან გამოჩენილი დაინტერესების გამო, მოგახსენებთ ჩემს მოსაზრებას მიმდინარე მოვლენებზე.

უპირველესად მინდა ავღნიშნო, რომ ჩემს მიერ დაარსებული „პროგრეს ბანკის“ 10%-ის მფლობელი გახდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ხოლო „ქართუ ბანკსა“ და „პროგრეს ბანკს“ შორის გაფორმდა ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი. ეს ყველაფერი ემსახურება ქართულ ეკონომიკაში დამატებითი ინვესტიციების განხორციელებას. აღნიშნული ბიზნეს გარიგება, რა თქმა უნდა უყურადღებოდ არ დარჩენია მაკონტროლებელ ორგანოს და ეროვნული ბანკიდან მეორე დღესვე შემოვიდნენ შემოწმების მიზნით. ეს არის გაგრძელება საბანკო ტერორისა, რომელიც ეროვნული ბანკის ხელით დაიწყო “ქართუ ბანკზე“ და ამჟამად გრძელდება „პროგრეს ბანკზე“.

ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს მეგობრობის ხელი გავუწოდე და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში გვერდით დგომა შევთავაზე, ეს ყველაფერი ძალაშია. არა ვარ ის ადამიანი, რომელიც მხოლოდ სიტყვით და არა საქმით გამოხატავს თანადგომას. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ მმართველ რეჟიმს თვალში არ მოდის არც კახა კალაძე და არც ბიძინა ივანიშვილი.ისინი ყველანაირ აკრძალულ ხერხს მიმართავენ, ოღონდ რეჟიმი შეინარჩუნონ და მასთან ერთად შეინარჩუნონ ქონება და რეგალიები.რეჟიმის წარმომადგენლები, გააზრებულად ახდენენ მათ მიერ კონტროლირებადი ტელევიზიების საშუალებით განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების უნიჭოდ დამცირებას, დაუკვირდით მათ თვალებს, ინტონაციას, ლექსიკას, როდესაც საუბრობენ ადამიანებზე, რომლებიც მონურად თავდახრილი არ არიან მართველი ელიტის წინაშე.

ხელისუფლება საკუთარ ხალხს მართავს-მათრახისა და ორცხობილას პრინციპით ანუ წლების მანძილზე იყენებს მხოლოდ მათრახს, ხოლო როდესაც არჩევნებისთვის ემზადება, მაშინ ცოტაოდენ მოლბება და იუდას ამბორით, ორცხობილას გვაწვდის, როგორც კი ჩაივლის არჩევნები, გაორმაგებული ენერგიით ისევ მათრახით მართვას უბრუნდებიან. ეს არის ერთ კაცზე მორგებული რეჟიმი, ამ ერთმა კაცმა ამოწურა თავისი შესაძლებლობა და ის ამოწურა საკმაოდ დიდი ხნის წინ, წლების მანძილზე მისი ძირითადი ფუნქცია იყო-ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული პროექტების სათავისოდ, ურცხვად მიწერა და ამ პროექტების მაკრატლით ლენტის გაჭრა, ტელეკამერების წინ კეკლუცობის ფონზე.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბრძანა, რომ ბატონ ივანიშვილს აუცილებლად უნდა აღუდგეს საქართველოს მოქალაქეობა, თუმცა მოქმედი რეჟიმის ელიტამ ეს ნათქვამი გაატარა. მათ არ ესმით, რომ ერი და ბერი ამ და სხვა მრავალ საკითხში ერთსულოვანია.

 ვარდების რევოლუციის შემდეგ რვა წელი გავიდა, ეს იყო ხალხისათვის იმედგაცრუების და ნიჰილიზმის საშინელი რვა წელი. ჩვენ, ქართველმა ხალხმა არა რევოლუციით, არამედ კონსტიტუციით გათვალისწინებული ყველა გზით უნდა შევძლოთ არსებული რეჟიმის შეცვლა.დადგა დრო ყველამ ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება, საქართველოს მოსახლეობა ამას ნამდვილად იმსახურებს."

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED