"ნაციონალური მოძრაობა" - ახალი კანონი შევარდნაძისდროინდელი მილიციის "რეიდებს" აკანონებს

2013.09.24 ავტორი: TS

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"„პოლიციის შესახებ“ ახალი კანონის პროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

"საქართველოს პარლამენტი განსაკუთრებული დაჩქარებული წესით განიხილავს „პოლიციის შესახებ“ ახალ კანონს. ამ კვირაშივეა დაგეგმილი კანონპროექტის მე-2 და მე-3 მოსმენით მიღება. კანონპროექტის განხილვა არ მომხდარა ფართო საზოგადოების, არასამთავრობო სექტორისა და თავად პოლიციელების ჩართულობის პირობებში.


არადა, ეს კანონპროექტი რამდენიმე შემაშფოთებელ სიახლეს შეიცავს:


- კანონპროექტი პირდაპირ აკანონებს შევარდნაძის დროინდელი მილიციისთვის დამახასიათებელ "რეიდებს", რომელსაც სპეციალური ტერმინი "სპეციალურ- პოლიციური კონტროლი" დაერქმევა. ასევე კანონდება პოლიციელის მიერ დაუზუსტებული მოტივით მოქალაქეებისთვის დაკავება/შეჩერება, პირადი და ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და ნივთების ჩხრეკა.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე თვის წინ მიმართა პარლამენტს ინიციატივით, რომ მთლიანად გაუქმებულიყო პოლიციის მიერ ადამიანის თავისუფალი გადაადგილებისა და პირადი ხელშეუხებლობის შეზღუდვის უფლება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობისა და შესაბამისი დამცავი გარანტიების გვერდის ავლით, თუმცა ხელისუფლებამ არ დაუჭირა მხარი ამ მიდგომას;


- ეს კანონი აუარესებს პოლიციის თანამშრომელთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს. კერძოდ, ადვილდება პოლიციელის სამსახურიდან გათავისუფლება. გათავისუფლების საფუძვლებს ემატება აქამდე არარსებული მოტივები: „საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებები“ და „სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაცია“. დღეს მოქმედი საქართველოს კანონმდებლობით, არცერთი საჯარო მოხელე არ შეიძლება გათავისუფლდეს ამ მოტივით სამსახურიდან. პრაქტიკულად, ეს ნიშნავს, რომ კანონის მიღებისთანავე დაიწყება პოლიციელთა მასობრივი გათავისუფლებები;

 

- „პოლიციის შესახებ“ ახალი კანონით აღარ იქნება სავალდებულო პოლიციაში დასასაქმებლად კონკურსისა და პოლიციის აკადემიის სპეციალური მოსამზადებელი სასწავლო კურსის გავლა;


- კანონპროექტით ასევე მცირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშვალდებულებითი მოვალეობები ფინანსური საქმიანობის გამჭვირვალობისა და მიზნობრიობის ნაწილში. შინაგან საქმეთა სამინისტროში შიდა აუდიტის სამსახურის შექმნა 2014 წლის 1-ლი იანვრის ნაცვლად 2016 წლის 1 იანვრამდე გადავადდება.


აქედან გამომდინარე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოუწოდებს საპარლამენტო უმრავლესობას, შეაჩეროს კანონის დაჩქარებული წესით განხილვა, განხილვებში ჩართოს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და უარი თქვას ქართული პოლიციის შევარდნაძისეული რეიდების ეპოქაში დაბრუნებაზე"- ნათქვამია განცხადებაში.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED