პრეზიდენტის არჩევნები - ბიულეტენი N1

2013.09.23 ავტორი: TS

საქართველოში პრეზიდენტობის 19 კანდიდატია. წინასაარჩევნო კამპანიას ყველაზე აქტიურად  გიორგი მარგველაშვილი და ნინო ბურჯანაძე წარმართავენ. მარგველაშვილის სააგიტაციო შეხვედრებს საჯარო მოხელეები და პედაგოგები ესწრებიან, ბურჯანაძესთან მოსახლეობა რუსეთთან ურთიერთობებზე საუბრობს, დავით ბაქრაძეს კი ზუგდიდში ვირზე მიმაგრებული ფალოსოს ბუტაფორიით კონტრაქცია მოუწყვეს.   

                                              

პრეზიდენტის არჩევნები 2013

 

27 ოქტომბრის არჩევნებისთვის პრეზიდენტობის 19 კანდიდატია რეგისტრირებული. არჩევნებში მონაწილეობისთვის განაცხადით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 54-მა მსურველმა მიმართა. არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს „საქართველოს გზის“ საპატიო თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი.

 

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად  ცესკომ ორმაგი მოქალაქეობის გამო არ დაარეგისტრირა. ზურაბიშვილმა სასამართლოს მიმართა,თუმცა სააპელაციო სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა. სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს დოკუმენტი აჩვენა, რომელიც საფრანგეთის საელჩოში ჰქონდა შესატანად გამზადებული და პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაში, მზად იყო საფრანგეთის მოქალაქეობა დაეთმო. ზურაბიშვილმა  აღნიშნული დოკუმეტი სასამართლოსთან პროტესტის ნიშნად დახია.

 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED), ცესკოს უარი სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებაზე კონსტიტუციის არასწორ ინტერპრეტაციას დაუკავშირა, რადგან „ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ ფიცის დადებამდე უარი უნდა განაცხადოს უცხო ქვეყნის მოქალაქეობაზე.

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით პრეზიდენტობის კანდიდატები არიან:

 

 

1.შალვა ნათელაშვილი - „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“

2.გიორგი მარგველაშვილი - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“

3.ნინო ბურჯანაძე - „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“

4.დავით ბაქრაძე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

5.გიორგი თარგამაძე - „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“

6.კობა დავითაშვილი - „ხალხის პარტია“

7.თეიმურაზ მჟავია - „ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია“

8.ზურაბ ხარატიშვილი - „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“

9.აკაკი ასათიანი - „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“

10.სერგო ჯავახიძე - „სამართლიანი საქართველოსთვის“

11.ნესტან კირთაძე - საინიციატივო ჯგუფი

12.მიხეილ სალუაშვილი - საინიციატივო ჯგუფი

13.ავთანდილ მარგიანი - საინიციატივო ჯგუფი

14.გიორგი ლილუაშვილი - საინიციატივო ჯგუფი

15.ლევან ჩაჩუა - საინიციატივო ჯგუფი

16.ნუგზარ ავალიანი - საინიციატივო ჯგუფი

17.გიორგი ჩიხლაძე - საინიციატივო ჯგუფი

18.თეიმურაზ ბობოხიძე - საინიციატივო ჯგუფი

19.ნინო ჭანიშვილი - საინიციატივო ჯგუფი


პრეზიდენტობის კანდიდატი - ნინო ბურჯანაძე

 

 

16 სექტემბერს, „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე ამომრჩევლებს ახმეტაში შეხვდა. შეხვედრას 300-მდე ადამიანი ესწრებოდა. ძირითადად, პანკისის ხეობის სოფლების მაცხოვრებლები.

„ევროპასაც ვენაცვალე, ყველაფერს, მაგრამ რუსეთი მაინც რუსეთია. რუსეთი მაგარია, გაუმარჯოს რუსეთს“; „მართალია, მართალი“; „ქუდზე კაცი მივიდეთ და გავამარჯვებინოთ ქალბატონ ნინოს პრეზიდენტად“ – ამ მოწოდებებით დახვდნენ პრეზიდენტობის კანდიდატს ნინო ბურჯანაძეს ახმეტაში. მეზობელთან „კარგი ურთიერთობის“ დალაგების აუცილებლობაზე საუბრის გარდა, ნინო ბურჯანაძემ მხარდამჭერებთან შეხვედრაზე „ქართულ ოცნებაზე“ ისაუბრა.

 

“ძალიან ბევრმა ჩვენგანმაც, ჩვენი პარტიის აქტივისტმაც, ვიმუშავეთ, რომ 1 ოქტომბერს „ქართულ ოცნებას“ მოეგო არჩევნები. ვიმუშავეთ იმიტომ, რომ გვჯეროდა რეალურად ცვილება მოხდებოდა. ქვეყანაში სამართლიანობა აღდგებოდა და როცა ძალიან ბევრმა თქვენნაირმა ერთგულმა ადამიანმა დაინახა, რომ არაფერი ამ ერთი წლის განმავლობაში არ შეცვლილა, ამიტომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. მე მივმართე „ქართულ ოცნებას“ და ახლაც მივმართავ, ნუ ატკენთ გულს თქვენს მომხრეებს, რომლებიც გუშინ თქვენი მომხრეები იყვნენ და დღეს გულნატკენები არიან და ჩვენს გვერდით დგანან. ჩვენ ყველას ერთად გვაქვს საქართველოს საქმე საკეთებელი“ – განაცხადა ბურჯანაძემ.

 

ახმეტაში ბურჯანაძესთან შეხვედრას პანკისის ხეობაში მცხოვრები ეთნიკური ქისტებიც დაესწრნენ, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნების“ მანდატები საჯაროდ დახიეს და ბურჯანაძის შტაბში გადაინაცვლეს.

 

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ახმეტის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მამუკა ხოლეგაშვილი ნინო ბურჯანაძის პარტიას ამომრჩევლების დ„ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მოსყიდვაში ადანაშაულებს.

 

„თუ მართლა „ქართული ოცნების“ წევრები იყვნენ, „ქართული ოცნების“ დატოვების სხვა მიზეზებს ვხედავ მე. აქ არის ალბათ პირველ რიგში ფინანსური დაინტერესება... არის კონკრეტული ფაქტები, აღბეჭდილი და მტკიცებულებები არ არის, მაგრამ უხდიან იმის მიხედვით, ვის რა წონა და ავტორიტეტი აქვს სოფელში, თანხები იმის მიხედვით მერყეობს“ – აღნიშნა  ხოლეგაშვილმა.

 

ნინო ბურჯანაძის ახმეტის საარჩევნო შტაბის უფროსი ბაგრატ ნათელაური მამუკა ხოლეგაშვილის ბრალდებებს უარყოფს: „ვითომ ქალბატონ ნინო ბურჯანაძისგან ხორციელდება მოსყიდვა? ეგ სრული აბსურდია. ეგ არასწორი ინფორმაციაა. თვითონ რასაც აკეთებენ, უნდათ რომ სხვებს დააბრალონ?! გინდა „ნაცები“ და გინდა ეგენი. ეგენი არიან „ნაციონალური ოცნება“ განა სხვა რამე“ – განაცხადა ნათელაურმა.

 

სექტემბრის დასაწყისში კოალიცია „ქართული ოცნება“ ახმეტაში 50–მდე წევრმა დატოვა, ძირითადად პანკისის ხეობაში მცხოვრებმა ეთნიკურმა ქისტებმა. ისინი „ქართული ოცნებიდან“ ახმეტის მაჟორიტარ დეპუტატს ზურაბ ზვიადაურს ამომრჩევლებისადმი უპატივცემულო დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ. მათივე თქმით, ახმეტაში წამყვან თანამდებობებზე ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დაბრუნდნენ, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარედ. ასევე, სამსახურებში მხოლოდ ნათესაურ – მეგობრული ნიშნით ასაქმებენ. ზვიადაურმა კოალიციის ყოფილი წევრების ბრალდებები უარყო.


„ქართული ოცნების“ ახმეტის ორგანიზაციიდან ბურჯანაძის საარჩევნო შტაბში გადასული მარი ხოსიაშვილი 12 სექტემბერს, ახმეტის პოლიციაში დაიბარეს და 4 საათი დაკითხვაზე იმყოფებოდა. „პოლიციის თანამშრომლებმა ლექსო წულუკიძემ და მაია შავიშვილმა მოწმის სახით დამკითხეს სპორტულ მოედანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, თუმცა ე.წ. დაკითხვის დროს მეკითხებოდნენ „რამდენს მიხდის ბურჯანაძე“, „ზვიადაურზე ცუდს რატომ ვამბობ“... „მითხრეს, ძველი დრო რომ იყოს, ახლა უკვე ბორკილები გედებოდაო“ – ამბობს მარი ხოსიაშვილი. 12 სექტემბერს, ახმეტაში, სპორტულ მოედანზე, მარი ხოსიაშვილის ორგანიზებით, გაიმართა შეჯიბრი ფეხბურთში, რომელიც ჩხუბით დასრულდა.

 

კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას პანკისის სოფლებში მცხოვრებმა რამდენიმე სოციალურად დაუცველმა განაცხადა, რომ ისინი გააფრთხილეს - 16 სექტემბერს, ახმეტაში ბურჯანაძესთან შეხვედრას თუ არ დაესწრებოდნენ, სოციალური დახმარება შეუწყდებოდათ.

 

ფატი გუმაშვილმა არ დაადასტურა, რომ პანკისის ხეობაში მცხოვრები სოციალურად დაუცველებისგან ახმეტაში ჩასვლას ითხოვდა, ბურჯანაძესთან შეხვედრის მიზნით.

 

კახეთის საინფორმაციო ცენტრი  სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის განყოფილების უფროსს თამარ ონიაშვილსაც დაუკავშირდა. მისი თქმით: „ ეგ არის ზვიადაურის მიერ შემოგდებული ამბავი. გული გაუსკდა ეტყობა, ბურჯანაძესთან ამდენი ხალხი რომ დაინახა. მაჟორიტარი „ქართული ოცნებიდან“ გახდა და ახლა „ძველ ნაციონალებს“ ჩაეხუტა“.თამარ ონაშვილმა უარყო მოსახლეობაზე მუქარა და იმ კონკრეტული რესპოდენტებით დაინტერესდა, რომლებიც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ესაუბრნენ. რესპოდენტებს მოგვიანებით დაურეკეს და მოსთხოვეს, ნათქვამის უარყოფა მოეხდინათ. რამდენიმე მათგანთან სახლში პოლიციის ერთ–ერთი თანამშრომელიც მივიდა.

 

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის განყოფილების უფროსი თამარ ონიაშვილი, პრეზიდენტობის კანდიდატის ნინო ბურჯანაძის ახმეტის საარჩევნო შტაბის უფროსის ბაგრატ ნათელაურის მეუღლეა, რომელიც 16 სექტემბერს, ახმეტაში, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ნინო ბურჯანაძესთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდა.

 

ნინო ბურჯანაძე სექტემბერში ამომრჩეველს შიდა ქართლში შეხვდა. ქარელში ჩასვლამდე ბურჯანაძე ძამის ხეობაში მეუფე იობს ესტუმრა და შემდეგ ამომრჩევლებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საშინლად იმგზავრა დაზიანებულ გზებზე. დევნილების კომპაქტური დასახლებებიდან მისულ ამომრჩეველს კი ბურჯანაძემ განუცხადა: „მე გპირდებით, რომ აღარასოდეს იქნება ომი ძმებთან, დებთან, ნათესავებთან და მეგობრებთან. აღარ იქნება მავთულხლართები!“

 

ქარელში ყოფნისას ნინო ბურჯანაძემ კონკურენტი კანდიდატი დაახასიათა: „მარგველაშვილი კარგი ბიჭია. ვერ ვიტყვი, რომ უსინდისოა ან უკითხურია. მართლა ნორმალური განათლებული ბიჭია.  ნორმალური ბიჭები თქვენს შორისაც ძალიან ბევრია, მაგრამ პრეზიდენტად ხომ არ მირბიხართ? გამოცდილება რაღაც ხომ უნდა იყოს?!“



                                          პრეზიდენტობის კანდიდატი - გიორგი მარგველაშვილი

 

სექტემბრის დასაწყისში, „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ველისციხეში, გურჯაანსა და საგარეჯოში გამართა. მარგველაშვილს ძირითადად საჯარო სკოლების პედაგოგები და საჯარო მოსამსახურეები დაახვედრეს. ველისციხის სკოლის დირექტორმა ნინო ნესუაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის ობიექტივში რომ არ მოხვედრილიყო, კამერას რამდენჯერმე დაარტყა.

 

ველისციხეში შეხვედრა კულტურის სახლის წინ გაიმართა. საჯარო სკოლის რამდენიმე პედაგოგმა განაცხადა, რომ დირექტორმა ნინო ნესუაშვილმა იმ დილით, როცა სკოლაში მასწავლებლები შეიკრიბნენ, გამოაცხადა, რომ ისინი 12:00 საათისთვის მარგველაშვილთან შეხვედრაზე უნდა წასულიყვნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ველისციხის თეატრის თანამშრომლებიც. თეატრი გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირია და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

 

ველისციხის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრა გურჯაანში, გურამიშვილის ქუჩაზე გამართა. სპეციალურად შეხვედრისთვის გზა წინასწარ გადაიკეტა, რადგან სცენა დაამონტაჟეს, თუმცა გზის გადაკეტვის თაობაზე მუნიციპალიტეტის გამგეობას ინფორმაცია წინასწარ არ გაუვრცელებია. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც. ორივე შეხვედრას ესწრებოდა ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ გურჯაანის სერვის – ცენტრის მენეჯერი ზაზა თოდაშვილი. მან აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ წევრია. ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ გაკოტრების რეჟიმში მყოფი კომპანიაა, რომელსაც აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დანიშნული მმართველი, „ქართული ოცნების“ წევრი აკაკი ბეგაშვილი მართავს.

 

გურჯაანის შემდეგ მარგველაშვილი საგარეჯოში გაემგზავრა, სადაც შეხვედრას საგარეჯოშიც ძირითადად პედაგოგები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ მარგველაშვილთან შეხვედრის დაწყებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე დაიბარეს მოსწავლეთა მშობლები საჯარო სკოლებში, სადაც მათ სასწავლო წიგნები გადასცეს. წიგნების გადაცემის შემდეგ მშობლები მარგველაშვილთან შეხვედრას შეუერთდნენ. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური, მსახიობები და რეჟისორები.

 

კახეთში ამომრჩევლებთან შეხვედრებისას მარგველაშვილმა განაცხადა: „1 სექტემბრიდან ბაღები გახდა უფასო, მშობიარობა არის უფასო, სკოლაში წიგნი არის უფასო, უმაღლესში ფაკულტეტებია, სადაც სწავლა არის უფასო, დაზღვევა არის უფასო, თითოეული თქვენგანი დაზღვეულია. პენსიებმა მოიმატა, 150 ლარი გახდა, საკმარისიაო არავინ არ იტყვის, მაგრამ რაც არის, მთლიანად ხალხისთვის არის მიცემული...დაიწყო ეხლა ღვინის გატანა, მინერალური წყლის გატანა,ერთი კვირის წინ დაფნა გაიტანეს რუსეთში... ისე მინდა მენდოთ, როგორც ბიძინა მენდო. ძალიან აქტიურები იყავით 27-მდე, რაც შეიძლება მეტ ახლობელს დაელაპარაკეთ, მიეცით იმედი“

 

კახეთში ვიზიტამდე „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა  შეხვედრები შიდა ქართლში გამართა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილს კასპში საჯარო სკოლების პედაგოგები და სახელმწიფო მოხელეები მობილიზებული დახვდნენ. ხანდაკის, ახალქალაქის, ხოვლის და სხვა სკოლებიდან მათ ტრანსპორტირებას ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები უზრუნველყოფდნენ. პრეზიდენტობის კანიდატთან შეხვედრას სამუშაო საათებში ესწრებოდა სოციალური მომსახურების სააგენტოს ადგილობრივი ხელმძღვანელი მარინა მეტრეველი.

 

7 სექტემბერს, მარგველაშვილთან პედაგოგების და სხვა ამომრჩევლების მობილიზებისთვის, კასპის გამგეობის თანამშრომლებს 2000-2000 ლარიანი ჯარიმა ემუქრებათ. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წინასაარჩევნო პროცესების შესახებ მომზადებულ მიმოხილვაშია აღნიშნული.

 

19 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო პროგრამა წარადგინა. პროგრამა 16 პუნქტისგან შედგება. ქვეყნის განვითარების მთავარ პრიორიტეტად მარგველაშვილმა ეკონომიკა დაასახელა.  სპორტის სასახლეში პროგრამის პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა „გიორგი მარგველაშვილისთვის ნდობის გამოცხადება ჩემთვის ნდობის გამოცხადებას ნიშნავს“. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ჩაატარებს ისეთ არჩევნებს, როგორც ქართველ ხალხს შეეფერება.

 

„გიორგი მარგველაშვილი  მიმაჩნია სწორედ ერთადერთ კანდიდატად, რომელიც უნდა იყოს საქართველო სს პრეზიდენტი. არაფერი გამოუვათ მათ, ვისაც ჭორებით და მითქმა-მოთქმით შეცდომაში უნდათ ხალხის შეყვანა და არასწორი არჩევანის გაკეთებისკენ უბიძგებენ.  ვურჩევ ყველას, თავი დაანებონ ასეთი მეთოდებით ბრძოლას და პატიოსან ბრძოლაში გაეჯიბრონ გიორგი მარგველაშვილს“ -აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.



                                         პრეზიდენტობის კანდიდატები

 

„უნდათ, რომ მარგველაშვილი წარმოგვიდგინონ, ვითომ განსხვავებულად და ლიბერალურად, დემოკრატიულად მოაზროვნე ადამიანად. მას უნდა ახსოვდეს, რომ ზუსტად ისე იქცევა მისი სახელისუფლებო შტაბი, რომელიც მის შეხვედრებს უკეთებს ორგანიზებას, როგორც იქცეოდა სააკაშვილი“, – განაცხადა „ქრისტიან – დემოკრატიული მოძრაობიდან“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი თარგამაძემ.

 

„ის კადრები, რომლებიც ვნახეთ, როდესაც სკოლების დირექტორები, პედაგოგები ავტობუსებით მოჰყავდათ და ე.წ. „მასოვკას“ უგროვებენ სახელისუფლებო საპრეზიდენტო კანდიდატს (მარგველაშვილი). სააკაშვილისთვის მთელი სახელისუფლებო რესურსი, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, საჯარო სამსახურის ხელმძღვანელები, თეატრების, კულტურის სახლების და ა.შ იძულების წესით მოჰყავდათ იმისათვის, რომ შეეკრიბათ სახელისუფლებო საპრეზიდენტო კანდიდატისთვის. ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ მერე ზონდერები არ ცემენ ადამიანებს, რომლებიც ოპოზიციის კანდიდატის შეხვედრებზე მოდიან. მადლობა ამისთვის, რომ ამ ხალხს საცემად „ქართული ოცნების“ ბრძანებით პოლიცია არ გაეკიდება, – აღნიშნა გიორგი თარგამაძემ.

 

გორში ამომრჩეველს შეხვდა „ხალხის პარტიის“ ლიდერი კობა დავითაშვილი. „ეს არის არაეფექტური მთავრობა. გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ, თითქოს ვიღაცის ან რაღაცის ეშინიათ. მე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი და სულ 2 სხდომა მახსოვს“ - განაცხადა დავითაშვილმა. კობა დავითაშვილი ამომრჩევლებს იპოთეკარების,სოფლებში სასმელი წყლის პრობლემებსა და სხვა საკითხებზე ესაუბრა.

 

„მთავრობა ხედავს, რომ აქციებს მართავთ 20-30 კაცი. ამ ყველაფერს დაახლოებით 5 000 კაცის გამოსვლა უნდა. მთვრობას ეშინია ხალხის და თუ დაინახავს, რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდა, გადაწყვეტილების მიღებაზე იზრუნებს“ - აღნიშნა დავითაშვილმა იპოთეკარების პრობლემებზე საუბრისას.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის ზუგდიდში შეხვედრა  ამომრჩევლებთან, საპროტესტო აქციის ფონზე წარიმართა. კონტრაქცია „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ და მთავრობის მდარდამჭერებმა გამართეს. ბაქრაძის საჭიდააღმდეგოდ საპროტესტო აქციაზე წალენჯიხელებმა ვირზე დამაგრებული ფალოსის გამოსახულების ბუტაფორია მიიტანეს წარწერით „დამზადებულია ზუგდიდში, გუბერნიის შენობაში“.

 

"ნაციონალური მოძრაობის"  ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელის, ლაშა დამენიას განცხადებით, კონტრაქცია უმრავლესობის პოზიციას არ გამოხატავს. დავით ბაქრაძემ მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამა გააცნო, ქვეყნის საგარეო კურსზე ისაუბრა და ევრაზიულ კავშირსა და რუსეთთან მიმართებაში მთავრობის პოლიტიკა გააკრიტიკა.

 

დავით ბაქრაძემ სექტემბერში საარჩევნო შტაბი გახსნა თეთრიწყაროში და მოსახლეობას შეხვდა. ამ შეხვედრასთან დაკავშირებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სპეციალური განცხადება გაავრცელა,სადაც აღნიშნულია, რომ სოფელ ასურეთის და  სოფელ ღოუბანის მცხოვრებმა ორმა პირმა, რომლებიც „ქართული ოცნების“ აქტივისტები არიან პროვოკაციული ქმედებებით და შეძახილებით სცადეს საარჩევნო შეხვედრის ჩაშლა. ერთ-ერთმა მათგანმა მხარდამჭერების დაშინების მიზნით ვიდეო კამერით შეხვედრის მონაწილეების გადაღებაც კი დაიწყო.



                                                 საარჩევნო ახალი ამბები

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ რაღაც თვენახევრით ადრე აირჩიეს. თამარ ჟვანიას კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტს არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარუდგინეს. თამარ ჟვანია 2012 წლის მაისიდან მუშაობდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების ერთობლივ პროექტში „სანდო და მდგრადი საარჩევნო ინსტიტუციებისა და პროცესების ხელშეწყობა“, პროექტის მენეჯერად. საარჩევნო სფეროში ის ჯერ კიდევ 2000 წლიდან მოღვაწეობს. 2004–2007 წლებში იყო „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი. ცესკო–ს თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ზურაბ ხარატიშვილი გადადგა და პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა.

 

გასულ კვირაში 5-მა პოლიტიკურმა პარტიამ საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიმართა და საარჩევნო ადმინისტრაციების უბნის დონეზე ფორმირების პროცესით დაინტერსებისკენ მოუწოდა.

 

„ახალი მემარჯვენეების“, „დემოკრატიული მოძრაობის“, „თავისუფალი საქართველოს“, „ქართული დასის“ და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერების განცხადებით ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე ქვედა დონის კომისიებში მიმდინარე პარტიული ზეგავლენის მექანიზმებს ვერ აკონტროლებს. მათივე თქმით, პოლიტიკური ძალებისთვის კანდიდატურების მოძიება და საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ იმის მიხედვით ხდება,  თვითმმართველობას „ნაციონალური მოძრაობა“ აკონტროლებს, თუ „ქართული ოცნება“.

 

„არჩევნების სწავლისკენ“ მოუწოდა „ქართული ოცნების“ კასპის შტაბის ხელმძღვანელმა რამაზ ბერიანიძემ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს, რომელმაც მაჟორიტარ დეპუტატ დავით ონოფრიშვილთან ერთად მუნიციპალიტეტში კასპის ახალი გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი წარადგინა.

 

„არჩევნები უნდა ვისწავლოთ! არჩევნები უნდა იყოს საზეიმო დღე! ვიცით, ძველი შემორჩენილები ხართ და ვიღაცას თუ გინდათ ერთი კაცის ბელადის მონები იყოთ, თქვენი ოჯახებით გადაიწყვეთ იმ ნაციონალურ მოძრაობას. ის ვინც აქ უბრალოდ ყავის დასალევად დადიხართ, თქვენ თვითონ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება“ - განაცხადა ბერიანიძემ. „თუკი რა კეთდება ჩვენს ქვეყანაში, ეს ქართული ოცნების დამსახურებაა. თუ ვინმე ვერ ასრულებს თავის მოვალეობას, უნდა წავიდეს“ - აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა.

 

კასპის რაიონის სოფლებში დოესსა და ლამისყანაში, „ქართული ოცნების“ სააგიტაციო დროშები აკრძალულ ადგილებშია დაყენებული. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ფოტომასალა მოიპოვა. ორივე სოფელი საკრებულოს ხელმძღვანელი პირების - თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების მშობლიური დასახლებებია. სოფელ ლამისყანაში „ქართული ოცნების“ დროშა ავტობუსების მოსაცდელ შენობაზეა დამონტაჟებული, სოფელ დოესსში დროშა საკრებულოს შენობის წინ მდებარე ერთ-ერთი კერძო მაღაზიის წინ ფრიალებს.

 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED), საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე საშტატო ცვლილებები შეისწავლა. თვითმმართველობებიდან მოპოვებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 1 ივნისამდე გათავისუფლებულია 2321 თანამშრომელი.

 

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის ნინო ლომჯარიას განცახდებით, გათავისუფლებულ პირთა უმრავლესობამ განცხადება საკუთარი სურვილით დაწერა. „ხშირად ათეულობით თანამშრომელს გათავისუფლების თაობაზე განცხადება ერთსა და იმავე დღეს აქვთ დაწერილი, რაც აჩენს ლოგიკურ ეჭვს მათი გადაწყვეტილებების ნებაყოფლობითობასთან დაკავშირებით. რიგ შემთხვევებში დათხოვილი საჯარო მოხელეები ადასტურებენ, რომ გათავისუფლება ზემდგომმა პირებმა მოსთხოვეს, თუმცა უმეტესობა ფაქტის საჯაროდ აღიარებისგან თავს იკავებს“ - განაცხადა  ლომჯარიამ და აღნიშნა, რომ 69 მუნიციპალიტეტიდან საკადრო ცვლილებები 55 გამგეობასა და 26 საკრებულოში განხორციელდა.

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED