დაკავებულის ადვოკატი იარაღის ჩადებაზე, თვითმხილველები კი დაკავებისას ცემაზე საუბრობენ [Video]

2013.09.22 ავტორი: TS

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის მიერ, გუშინ დაკავებული მამუკა ლაშქარავას ადვოკატის განცხადებით, იარაღი და ნარკოტიკი მხოლოდ ფურცლებზე არსებობს და ეს ნივთები დაკავებულისთვის, ან სხვა პირებისთვის ჯერ არ უჩვენებიათ. თვითმხილველების თქმით, დაკავების ადგილზე ლაშქარავას ჩხრეკას, რაიმე ნივთის ამოღებას ან დოკუმენტების შედგენას, ადგილი არ ჰქონია. მათი თქმით, პოლიციელებმა ლაშქარავა ცემითა და ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს. ოფიციალურად, ბრალი მას ჯერ არ წაყენებია.

ადვოკატ ზაურ კინტირაიას თქმით, წინასწარი ინფორმაციით, საუბარია იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ნარკოტიკების გამოყენების ბრალდებაზე. პოლიცილები ადვოკატთან პირად საუბარში განმარტავენ, რომ ლაშქარავას ჯიბეში ქონდა შპრიცით გამზადებული ნარკოტიკი. მისი თქმით, დაკავებულმა მასთან საუბარში განაცხადა, რომ დაკავებისას ის პოლიციელებმა სცემეს. ადვოკატი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს ხელს არ აწერს.  

 

დაკავებული სახალხო დამცველის ზუგდიდის ოფისის წარმომადგენელმა, ბაგრატ ქირიამ მოინახულა. როგორც ის განმარტავს, გარეგანი დათვალიერებით, დაკავებულს ცემისა და სხეულის დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება, თუმცა აცხადებს, რომ ცემეს.

 

დაკავებულის ადვოკატის თქმით, ნარკოტესტზე შემოწმებისას ლაშქარავამ განმარტა, რომ პოლიციელებმა დაკავების შემდეგ მანქანაში, ინსულინის შპრიცით მკლავზე ნემსი გაუკეთეს, რაც, მისი ვარაუდით, შესაძლოა, ყოფილიყო ნარკოტიკი.

 

-"დარწმუნებით ვამბობ, რომ მას არცერთი არ ქონდა. ბოლო წუთამდე არც იცოდა, რატომ იყო დაკავებული. დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი შედგენლია კანონდარვევით, სხვა ადგილას. შევარდნაძის პერიოდში იყო ასეთი ტერმინი "ჩადება". რაღაც ნივთს ჩაუდებდნენ და იქვე ამოუღებდნენ, მაგრამ ახლა არც ჩადებაა საჭირო და არც ამოღება, ნივთს დაკავებული საერთოდ არ ნახულობს. შეადგენენ ოქმს, იქ ჩაწერენ რაც მათ უნდათ იმას. ნივთების წარმოდგენის, დალუქვის საკითხი საერთოდ არ დგას. ადამიანის ბედი წყდება ფარატინა ფურცლით, რომელიც შეუძლია შეადგინოს ნებისმიერ უფლებამოსილ პირს, ეს პირი დგება სასმართლო სხდომაზე მოწმის სახით და მსგავსად "შეკერილ" საქმეზე შეიძლება ადამიანს შეიძლება მიუსაჯონ 15 წელი"- განმარტავს TSpress - თან საუბრისას ადვოკატი ზაურ კინტირაია.

 

ის ლაშქარავას წინააღმდეგ პოლიცილების მხრიდან არსებულ ზეწოლასა და მუქარებზე საუბრობს. ადვოკატის თქმით, ბრალის წაყენებამდე, ლაშქარავას უდანაშაულობის დასამტკიცებლად, პოლიციას სხვადასხვა სახის მტკიცებულებებს გადასცემს. ადვოკატი სამართალდამცავ უწყებას და სასამართლოს კანონიერი ქმედებებისკენ მოუწოდებს.

 

-"ადამიანს, რომელიც პოლიცილებისგან უკანონო ქმედებას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ელოდა და შიში ქონდა, იარაღით ხელში დაჯდებოდა სახლის წინ? ჩვენ წინა ხელისუფლებაზე უარი ვთქვით იმიტომ, რომ მსგავსი სიმახინჯეები ხდებოდა და ლაშაქარავას მაგალითზე ვხედავთ, რომ ეს ისევ გრძლდება. მაქსიმალურად ვეცადეთ შეგვეგროვებინა მტკიცებულებები, რომელიც პრაქტიკულად აქარწყლებს მის ბრალეულობას. მოსამრთლეზე იქნება დამოკიდებული მიიღებს კანონიერ გადაწყვეტილებას თუ გაამართლებს პოლიცილების უკანონობას და მათ მხარეს დადგება,"- განაცხადა ადვოკატმა.

 

ლაშქარავას დაკავების ადგილი

მამუკა ლაშქარავა 20 სექტემბერს, სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა, ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, დაახლოებით 21 სთ - ზე დააკავეს და ზუგდიდში გადაიყვანეს.

 

TSpress -ი 9 თვითმხილველს ესაუბრა, ღია ინტერვიუზე კი მხოლოდ 3 მათგანი დაგვთანხმდა. თითოეული მათგანი ამბობს, რომ ადგილზე ლაშქარავას ჩხრეკა, რაიმე ოქმის შედგენა არ მომხდარა და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა შეიარაღებულმა პირებმა ის მიწაზე დააგდეს და ცემა დაუწყეს.

 

"ჩემი მანქანით ვიყავი, მეგობრის შვილის სასაფლაოდან სახლში მოვდიოდით, ჭავჭავაძის ქუჩაზე ვერცხლისფერი "გოლფის" მარკის ავტოამქანა გაჩერდა და გზა გადაგვიკეტა. უცებ გამოცვივდა 5 შეიარღებული პირი, ტროტუარზე სკამზე მჯომთან მივარდნენ, ძირს დაანარცხეს, დაუწყეს ცემა და მანქნაში ჩასვეს. მერე ჩემმა მეგობარმა მითხრა, მამუკა ლაშქარავააო. უცებვე წაიყვანეს," - აცხადებს თვითმხილველი დიმიტრი ბებიაშვილი.

 

ბაჩუკი ბერაიას თქმით, მან საშველად მისვლა მოინდომა, თუმცა პროცესი სწრაფად დასრულდა, ის მანქანაში მალევე ჩასვეს და ქალაქის მიმართულებით წაიყვანეს.

 

ლაშა კუცია კი ყვება, რომ მანქანის გაჩერებიდან მის წასვლამდე, ის პროცესს თვალს ადევნებდა. მისი თქმით, სკამზე მჯდომი ლაშქარავასთან დაახლოებით 5- 6 კაცი მიცვივდა, დარტყმით წააქციეს, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული შეიარაღებული პირები იგინებოდნენ, მათგან რაიმე სახის განამარტებას ჩხრეკას, ოქმის ან სხვა რაიმე დოკუმენტის შედგანას ადგილი არ ქონია.

 

დაკავებულის მეუღლე, ირმა კუჭავას თქმით, პოლიციის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლასა და მუქარაზე ლაშქარავა და სხვა პირები ღიად საუბრობდნენ და კონკრეტული პირების ვინაობას ასახელებდნენ.

 

"პოლიცია ხან ვის და ხან ვის აიძულებდა იარაღის ჩადებას. პირდაპირპოლიციელების სახელებსა და გვარებს ასახელებდნენ ადამიანები, ვინც მათ მსგავსი ქმედებისკენ მოუწოდებდნენ. ბოლოს ამის გამკეთებელი რომ ვერავინ მონახეს, თავად გააკეთეს. ადამიანი, რომელიც ხედავდა პოლიცია, როგორ დასდევდა უკან, სახლის წინ უთვალთვალდებდა და საათობით დარაჯობდა, ქუჩაში "სკამეიკაზე" იარაღით დაჯდებოდა? ერთი ადამიანი მოიყვანონ, ვინც იტყვის, რომ ლაშქარავს იარაღი ქონდა," - განაცხადა მისმა მეუღლემ. ის შს სამინისტროს საკითხით დაინტერესებისა და შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 6 იანვარს, პოლიციამ ლაშქარავა საკუთარ სახლში დააკავა. მას ფოთში მცხოვრები მამუკა სანაიას ოჯახზე ყაჩაღური გზით ნივთების გატაცებას ედავებოდა. ლაშქარავამ ბრალი არ აღიარა, არც მოწმეებმა დაამტკიცეს მისი ბრალეულობა, რის შემდეგაც, მტკიცებულების არარსებობისა და მოწმეების ჩვენების საფუძველზე, სადაც პროკურატურისა და პოლიციელების შესაძლო დანაშაულზე იყო საუბარი, პროკურატურა ლაშქარავას 6 თვიან სასჯელზე გაურგიდა.

 

მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში კი, ლაშქარავამ ფოთის პოლიციის უფროსი და პროკურორი, შანტაჟსა და ლიკვიდაციით მუქარაში ღიად დაადანაშაულა. მან ასევე დაასახელა ის პოლიციელები, რომლებიც მას ქვეყნის დატოვებას აიძულებდნენ. ამის შემდეგ, მისივე განცხადებით, პოლიციის მხრიდან მასზე დევნა და თვალთვალი დაიწყო.

 

ლაშქარავას თქმით, ჯერ კიდევ არჩევნებამდე, მას ქვეყნის დატოვება, პოლიციის ყოფილმა უფროსმა, დიმიტრი შენგელიამ მოთხოვა, რის შემდეგაც ის უკრაინაში წავიდა და საქართველოში მხოლოდ არჩევნების შემდეგ დაბრუნდა. ლაშქარავას განცხადებით, ქვეყნის დატოვების 10-დღიანი ვადა ფოთის პოლიციის ამჟამინდელმა უფროსმა, ზურაბ ალანიამაც მოთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაკავებით დაემუქრა. მან საქართველო არ დატოვა.

 

ლაშქარავას დაკავებასა ან მის ლიკვიდაციაში პოლიციის მიერ მოთხოვნილი დახმარების შესახებ განცხადება, ლაშქარავას განცხადების შემდეგ, რამდენიმე პირმაც გააკეთა.

 

მოქალაქე ტიტე ჩაჩიბაიას განცხადებით, პოლიციელმა ლევან უნგიაძემ მას შემოუთვალა, რომ ამ განცხადების გაკეთებას ლაშქარავას არ აპატიებდნენ. პოლიციელების მიერ, ლაშქარავას მანქანაში გარკვეული ნივთის ჩადების მცდელობაზე განცხადება ავტომანქანის ხელოსნებმაც გააკეთეს.

 

პოლიციის მიერ ძებნილად გამოცხადებულ ზურაბ გარუჩავას მამის განცხადებით კი, ფოთის პოლიციის გამომძიებელმა, ემზარ კალანდიამ შვილისთვის ძებნილის სტატუსის მოხსნის სანაცვლოდ, ყოფილ მსჯავრდებულ ლაშქარავას დაკავებასა ან ლიკვიდაციის მოწყობაში დახმარება თხოვა. 

 

რამდენიმე დღის წინ კი, 18 წლის მოზარდებმა: რატი აკობიამ და ზაალ მიქავამ, ფოთელი პოლიციელი ზვიად გულუა, მამუკა ლაშქარავას წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევაში, მფარველობასა და დაუსჯელობის დაპირებაში ამხილა. მათი განცხადებით, პოლიციელი მათ იარაღის მიცემასაც დაპირდა.  შსს და დასახელებული პოლიციელები შანტაჟის, თვალთვალისა და დევნის ფაქტს უარყოფენ.

 

მსჯავრდებული მამუკა ლაშქარავა სხვადასხვა დანაშაულის (მკვლელობა, გაქცევა, დაჯგუფების წევრობა) გამო მოხდილი 19-წლიანი პატიმრობის შემდეგ, გასული წლის ივნისში გათავისუფლდა. მიმდინარე წლის იანვარში, ის ქურდობის ბრალდებით კვლავ დააკავეს და 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას ბრალი არ უღიარებია. ლაშქარავა შსს სამინისტროს მიერ “განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტადაა” მოხსენიებული.

 

 

ამავე თემაზე:

 

ყოფილი მსჯავრდებული მამუკა ლაშქარავა დააკავეს

 

თვალთვალი და მუქარა სამართალდამცავთა მხილების გამო [Video]

 

ყოფილი პატიმარი პოლიციის უფროსსა და პროკურორს შანტაჟსა და ლიკვიდაციით მუქარაში ამხელს [Video]

 

მოზარდები ფოთის პოლიციას უკანონობაში ამხელენ [Video]

 

პოლიცია ძებნილის მამას სხვისი დაკავებისა ან ლიკვიდაციის სანაცვლოდ გარიგებას თავაზობს


 


 


 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED