ყოფილი მსჯავრდებული მამუკა ლაშქარავა დააკავეს

2013.09.21 ავტორი: TS

დღეს, დაახლოებით, საღამოს 9 საათზე, ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, პოლიციამ ყოფილი მსჯავრდებული მამუკა ლაშქარავა ფეხით გადაადგილებისას დააკავა. ის ამჟამად, ზუგდიდის სამხარეო პოლიციაშია გადაყვანილი. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მას იარაღის უკანონო ტარებას ედავებიან. ადვოკატი დაკავებულთან ჯერჯერობით არ შესულა. ოჯახმა სახალხო დამცველის სამეგრელოს ოფისს უკვე მიმართეს.

 

დაკავებულის ოჯახი იარაღის ტარების ბრალდებას კატეგორიულად გამორიცხავს. მათი განმარტებით, ის ბოლო პერიოდში პოლიციის მხრიდან მუდმივი თვალთვალისა და დევნის ქვეშ იყო, რის გამოც აღნიშნული ბრალდება აბსურდულია.

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ლევან შონია ლაშქარავას დაკავების ფაქტს ადასტურებს, თუმცა რაში ედება ბრალი დაკავებულს, არ განმარტავს. ის ჟურნალისტის კითხვაზე ბრალის შესახებ, ამგვარად პასუხობს: თქვენ რა ინტერესი გაქვთ? დილით დამიკავშირდით! - რის შემდეგაც მოუცლელობის მიზეზით ტელეფონი გათიშა.

 

ამჟამად, დაკავებულს ნარკოლოგიური შემოწმება უტარდება.

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ, ლაშქარავამ ღიად გააკეთა განცხადება ფოთის პოლიციის უფროსისა და პროკურორის წინააღმდეგ და ისინი შანტაჟსა და ლიკვიდაციით მუქარაში დაადანაშაულა. მან ასევე დაასახელა ის პოლიციელები, რომლებიც მას ვეყნის დატოვებას აიძულებდნენ. ამის შემდეგ, მისივე განცხადებით, პოლიციის მხრიდან მასზე დევნა და თვალთვალი დაიწყო.

 

ლაშქარავას თქმით, ჯერ კიდევ არჩევნებამდე, მას ქვეყნის დატოვება, პოლიციის ყოფილმა უფროსმა, დიმიტრი შენგელიამ მოთხოვა, რის შემდეგაც ის უკრაინაში წავიდა და საქართველოში მხოლოდ არჩევნების შემდეგ დაბრუნდა. ლაშქარავას განცხადებით, ქვეყნის დატოვების 10-დღიანი ვადა ფოთის პოლიციის ამჟამინდელმა უფროსმა, ზურაბ ალანიამაც მოთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაკავებით დაემუქრა. მან საქართველო არ დატოვა.

 

ლაშქარავას დაკავებასა ან მის ლიკვიდაციაში პოლიციის მიერ მოთხოვნილი დახმარების შესახებ განცხადება, ლაშქარავას განცხადების შემდეგ, რამდენიმე პირმაც გააკეთა.

 

მოქალაქე ტიტე ჩაჩიბაიას განცხადებით, პოლიციელმა ლევან უნგიაძემ მას შემოუთვალა, რომ ამ განცხადების გაკეთებას ლაშქარავას არ აპატიებდნენ. პოლიციელების მიერ, ლაშქარავას მანქანაში გარკვეული ნივთის ჩადების მცდელობაზე განცხადება ავტომანქანის ხელოსნებმაც გააკეთეს.

 

რამდენიმე ხნის წინ, პოლიციის მიერ ძებნილად გამოცხადებულ ზურაბ გარუჩავას მამის განცხადებით, ფოთის პოლიციის გამომძიებელმა, ემზარ კალანდიამ შვილისთვის ძებნილის სტატუსის მოხსნის სანაცვლოდ, ყოფილ მსჯავრდებულ ლაშქარავას დაკავებასა ან ლიკვიდაციის მოწყობაში დახმარება თხოვა. 

 

რამდენიმე დღის წინ კი, 18 წლის მოზარდებმა: რატი აკობიამ და ზაალ მიქავამ, ფოთელი პოლიციელი ზვიად გულუა, მამუკა ლაშქარავას წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევაში, მფარველობასა და დაუსჯელობის დაპირებაში ამხილა. მათი განცხადებით, პოლიციელი მათ იარაღის მიცემასაც დაპირდა შსს და დასახელებული პოლიციელები შანტაჟის, თვალთვალისა და დევნის ფაქტს უარყოფენ.

 

მსჯავრდებული მამუკა ლაშქარავა სხვადასხვა დანაშაულის (მკვლელობა, გაქცევა, დაჯგუფების წევრობა) გამო მოხდილი 19-წლიანი პატიმრობის შემდეგ, გასული წლის ივნისში გათავისუფლდა. მიმდინარე წლის იანვარში, ის ქურდობის ბრალდებით კვლავ დააკავეს და 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას ბრალი არ უღიარებია. ლაშქარავა შსს სამინისტროს მიერ “განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტადაა” მოხსენიებული.

 

ამავე თემაზე:

 

ყოფილი პატიმარი პოლიციის უფროსსა და პროკურორს შანტაჟსა და ლიკვიდაციით მუქარაში ამხელს [Video]


თვალთვალი და მუქარა სამართალდამცავთა მხილების გამო [Video]

 

მოზარდები ფოთის პოლიციას უკანონობაში ამხელენ [Video]

 

 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED