TSpress-ი მაჟორიტარის დაუსაბუთებელ ბრალდებებს პასუხობს

2013.09.16 ავტორი: TS

ფოთის მაჟორიტარი ეკა ბესელია, მისი ბიუროს წარმომადგენლები, პროკურორი, „ქართული ოცნების“სხვა წევრები TSpress-ს ბოიკოტს უცხადებენ და კომენტარზე უარს ამბობენ, თუმცა, შემდგომ გამოცემას მათი პოზიციის გაუშუქებლობის გამო საყვედურობენ. პარტიის ფოთელი ლიდერი გამოცემის ჟურნალისტებს "შეკვეთების შესრულებაში" ადანაშაულებს, ეკა ბესელია და მისი ინიციატივით დაფუძნებული ფონდის მიერ დაფინანსებული გამოცემა - "დეზინფორმაციის" გავრცელებაში. TSpress-ის რედაქტორი კი, პოლიტიკოსის მხრიდან დაუსაბუთებელ ბრალდებებსა და მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს.

„ქართული ოცნების“ ადგილობრივი ლიდერის ბოიკოტი

 


ეკა ბესელია და ირაკლი კაკულია

ეკა ბესელია და ირაკლი კაკულია

TSpress - მა ფოთში წინასაარჩევნო გარემოს გაშუქებისას, „ქართული ოცნების“ ადგილობრივმა ლიდერმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კაკულიამ კომენტარზე უარი განაცხადა. მან ასევე უარი თქვა პარტიის აქტივობების, წევრების, მხარდამჭერებისა და სხვა სახის ინფორმაციის გაცემაზე. კაკულიამ ჟურნალისტს ინტერვიუს ჩაწერა პარტიის სხვა წევრებთანაც აუკრძალა, თითქოსდა, "გამოცემა ვიღაცების შეკვეთას ასრულებს“, თუმცა ვერც „დამკვეთი“ დაასახელა და ვერც კონკრეტული ფაქტი.

 

- „მე არ ვიცი შეკვეთას ვინ გაძლევთ, ეგ თქვენ მოიკითხეთ. ძალიან ბევრ შემთხვევებში, ჩემი კომენტარი სხვა იმით არის გადმოცემული და აქედან გამომდინარე, როდესაც ჟურნალისტი ხდება მხარე და არის ამოფარებული რაღაც ჟურნალისტურ რაღაცეებს, მე ვიკავებ თავს უბრალოდ. რა მაგალითი გინდა?! ვერ დავასახელებ ახლა, შენ თვითონ გადახედე!“- განუცხადა კაკულიამ Tspress - ის ჟურნალსიტს.

 

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა კაკულია გამოცემასთან კომენტარზე უარს სხვადასხვა მიზეზით აცხადებს.

 

თავდაპირველად, მან ფოთის მაჟორიტარ ეკა ბესელიასა და მერს - დავით სარსანიას შორის დაწყებული  დაპირსპირებისას გაკეთებული საკუთარი განცხადება „დამახინჯებულად“ მიიჩნია, სადაც ის მერს „ნაციონალებთან“ გარიგებაში ადანაშაულებდა და მისი გუნდიდან გარიცხვას ითხოვდა. 

 

მასალის გამოქვეყნებიდან, რამდენიმე საათში, კაკულია TSpress - ის რედაქციაში მივიდა და გამოცემა ტყუილი ინფორმაციის ტირაჟირებაში დაადანაშაულა.

 

„გეფიცები თუ სარსანიას „ნაციონალებთან“ კავშირი გამეფიქრებინოს, საიდან მოიტანეთ ასეთი ტყუილი, ან ეს დაპირისპირება, ვინ გაწვდით ამ ინფორმაციებს?!“- განაცხადა მან.

 

რამდენიმე დღეში კი ადგილობრივი ტელევიზიის „მეცხრე ტალღის“ ეთერში, აღნიშნულზე განცხადება თავად გააკეთა და Tspress- ი მიერ გავრცელებული ინფორმაციაც დაადასტურა, რის შემდეგაც პრეტენზია შეცვალა და გამოცემას აღნიშნული ინფორმაციის "არაკეთილსინდისერად და არაეთიკურად" მოპოვებაში დასდო ბრალი. მისი თქმით, ის ამის შესახებ ოფიციალური განცხადების გაკეთებას გეგმავდა და მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, როცა გამოცემამ ეს ინფორმაცია "ვიღაცაზე" დაყრდნობით გაავრცელა.

 

მერის ნაციონალებთან თანამშრომლობისა და მერთან დაპირისპირების მიზეზების შესახებ, ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში თავად მაჟორიტარმა ეკა ბესელიამაც ისაუბრა

 

ამის შემდეგ კაკულიამ, პარტიიდან ინფორმაციის გატანის პრევენციას რამდენიმე პარტიული თათბირიც მიუძღვნა და ოფისის მისაღებში გაფრთხილებაც გამოაკრა:

 

"პარტიამ რაღაც გადაწყვეტილება მიიღო, სანამ ფაქტი არ დადგებოდა, ამას თქვენ ვერ გაიგებდით. არავინ მოუახლოვდეს პარტიას, თორემ თითებს მივამტვრევ! ხელებს დაიწვავენ!"- განუცხადა გამოცემას კაკულიამ, რომლის მუქარის ადრესატი, სავარაუდოდ, პარტიიდან ინფორმაციის გამტანი იყო.

 

რამდენიმე დღეში, კაკულიამ ადგილობრივ ტელევიზიის ეთერში TSpress-ის მიერ გამოქვეყნებული მორიგი ინფორმაციაც დაადასტურა და განმარტა, რომ უკმაყოფილობის გამო პარტიის წევრები მერისთვის კაბინეტის კარის აჭედვას აპირებდნენ, რაც თავად გადააფიქრებინა.

 


"მწარე სათაურებიდან" - TSpress - ის წინააღმდეგ შექმნილი გამოცემის ტრიბუნამდე

 


პარტიის ფოთელი ლიდერის ბოიკოტამდე, Tspress - ს ერთ-ერთი სტატიის საუთაურის – „ბესელიას დემოკრატია“–ს გამო ფოთის მაჟორიტარმა ეკა ბესელიამ უსაყვედურა.

 

„რაღაცნაირი სათაურები იცით, მწარე“ - აღნიშნა ბესელიამ და ჟურნალისტი, რამდენიმეწუთიანი კომენტარისთვის, საკუთარ მისაღებში 8 საათი, ღამის 2 სთ-მდე ალოდინა.

 

ნიკოლაძის გზით პრეზენტაციაზე

ნიკოლაძის გზით პრეზენტაციაზე

მიმდინარე წლის 14 აპრილს, Tspress - ის რედაქტორის, ელისო ჯანაშიას მიერ პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის ბესელიას მიერ თვითმმართველობის საქმიანობაში ჩარევის შესახებ პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის შემდეგ, ცილისწამებებთან ერთად, ბესელიამ გამოცემისთვის ინტერვიუს მიცემაზე უარი ოფიციალურად განაცხადა, რასაც ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

 

-„მე თქვენ არ გაძლევთ ინტერვიუს, აღარ მომმართოთ!“- განუცხადა Tspress -ს ბესელიამ.

-„რატომ მირეკავ მე შენ პირდაპირ? მე და შენ ტოლები ხომ არა ვართ?! შენ ჟურნალისტი ხარ, მე - თანამდებობის პირი! შენ გინდოდა ეს ურთიერთობა და თუ გინდა, მიიღე! ჩემი უფლება არის, რომ საერთოდ არ გაგცე პასუხი, რა დანაშაულია? კრიმინალია?“– განაცხადა TSpress- თან სატელეფონო საუბრისას ფოთის მერმაც.

 

რემიერისთვის ელისო ჯანაშიას მიერ დასმული კითხვის შინაარსი, კოალიციის ადგილობრივი ორგნიზაციის ყოფილმა თავმჯდომარემ, ფრიდონ კავარცხელიამ დაადასტურა, შემდგომ თვეებში კი ბესელიას მიერ თვითმმართველობის საქმიანობაში ჩარევაზე, მისი თანაგუნდელი ქალაქის მერი დავით სარსანიაც ალაპარაკდა.   

 

საპრეზიდენტო არჩევნების წინ, მიმდინარე წლის 20 აგვისტოს, „თავისუფალი სიტყვის ხელშეწყობის" მიზნით, ეკა ბესელიას ინიციატივითა და მხარდაჭერით შექმნილმა "ფოთის აღორძინების საქველმოქედო ფონდმა,“ ყოფილი მუნიციპალური გაზეთი „ნიკოლაძის გზით“ დააფინანსა. დაფინანსების შემდეგ, გაზეთის ინტერნეტვერსიაც შეიქმნა.

 


მაჟორიტარი ნიკოლაძის გზით რედაქტორთან- პრეზენტაცია

ამაჟორიტარი ნიკოლაძის გზით რედაქტორთან- პრეზენტაცია

გამოცემის პრეზენტაციაზე, მისმა რედაქტორმა ზურაბ აბრალავამ ბესელიას "პროექტის მხარდამჭერი"უწოდა. პრეზენტაციას თავად მაჟორიტარი, პარტიის წევრები, მხარდამჭერები და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ. მაჟორიტარმა სიტყვით გამოსვლის ძირითადი ნაწილი Tspress-ს მიუძღვნა და გამოცემა ტყუილი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და ერთადერთ მაგალითად, ერთ-ერთ სტატიაში „ქართული ოცნების“ ახალგზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრის, პარტიის აქტივისტის ანი ჩაჩიბაიას არასწორი სტატუსი მოიყვანა. პრეზენტაციაზე ბესელიამ დაადასტურა, რომ ის პარტიის მხარდამჭერი და აქტივისტია, მაგრამ ბიუროს წევრობა უარყო.

 

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ბესელიამ Tspress-ის ჟურნალისტს მასალების მისი კომენტარების გარეშე გამოქვეყნების გამო უსაყვედურა, თუმცა გამოცემასთან კომენტარზე მუდმივი უარი არ განუმარტავს.

 

რამდენიმე დღეში, გამოცემა „ნიკოლაძის გზით“-მა გამოაქვეყნა  სტატია მადისკრედიტებელი სათაურით - „პასუხი დეზინფორმატორ ინტერნეტგამოცემა TSpress - ს“, სადაც ჩვენს მიერ მომზადებულ მასალაში - “ბესელიას მხარდაჭერილი ფონდის მიერ დაფინანსებული გაზეთი და დაბლოკილი ინფორმაცია“ – "ბესელიას მხარდაჭერილი გამოცემა" დეზინფორმაციად რამდენიმე ეპიზოდს მიიჩნევს:

 

1.“ფოთის აღორძინების ფონდს“ გამოცემა „ნიკოლაძის გზით“ არ დაუფინანსებია და 30 ათასი ლარი არ გამოყოფილა.

 

2. გაზეთი „ნიკოლაძის გზით“ ფონდის ოფისში არაა განთავსებული.

 

3. ფონდი ინფორმაციის გაცემაზე უარს არ აცხადებს.

 

Tspress -მა მასალის მომზადების დროს, იხელმძღვანელა ოფიციალური ინფორმაციებითა და შემდეგი ფაქტებით, რისი ვიდეო/ფოტომტკიცებულებები კომენტარებით, მასალას თან ახლავს: 

 

1.პრეზენტაციაზე, გამოცემა „ნიკოლაძის გზით“-ის რედაქტორმა, ზურაბ აბრალავამ და სხვა სტუმრებმა, გაზეთი დაფინასებისთვის მადლობა ბესელიას და ფონდს ღიად გადაუხადეს. ბესელიამ, თავის მხრივ, ადგილობრივ თვითმმართველობა გამოცემის მიმართ უყურადღებობაში დაადანაშაულა და ფონდის მიერ გაზეთის დაფინანსებაც დაადასტურა. "ჩვენ გვქონდა მცდელობა გაზეთი თვითმმართველობას აეყვანა ბალანსზე და ის ყოფილიყო მისი პატრონი... ეს არის საზოგადოებრივი ინიციატივა, რომელსაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ და ამ მხადაჭერას ჩვენ გავაგრძელებთ, აქ იქნება ინტერნეტგამოცემა, გაზეთი, მედია–სახლი და ფონდი, რომელიც არის მხარდამჭერი ამ პროექტის."- აღნიშნა ბესელიამ.

 

2. პრეზენტაციის ფასილიტატორმა, ირაკლი ჭიჭინაძემ აღნიშნა: „მედია–სახლი „ნიკოლაძის გზა აერთიანებს სამ კომპონენტს: გაზეთს, ინტერნეტგამოცემასა და მედია სახლს.“ შენობას ამ დრომდე ერთმანეთის ქვევით გაკრულია ორი აბრა, „ფოთის აღორძინების საქველმოქედო ფონდი“ და მედია სახლი - „ნიკოლაძის გზით“, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გამოცემა ფონდის ოფისშია განთავსებული.

 

3. ასევე Tspress-სთან ვიდეო-კომენტარში საქველმოქმედო ფონდის დირექტორი ილია ქვარცხავა არ უარყოფს, რომ „ნიკოლაძის გზით“-ს ფონდი 20 ათასი ლარით აფინანსებს. იქვე მიუთითებს, რომ აღნიშნული თანხის გარდა 8 ათასი ლარი გამოიყო. გამოცემის დაფინანსების შესახებ სხვა ინფორმაცია TSpress-მა კონფიდენციალობის გარანტიით მიიღო, რის გამოც წყარს არ დაასახელებს. სწორედ შესაძლო უზუსტობის თავიდან ასაცილებლად, ფონდის მიერ დაფინანსებული აქტივობები TSpress-მა, მიმდინარე წლის 6 აგვისტოს ოფიციალურად მოითხოვა, რაზეც დირექტორისგან უარი მიიღო. "ნიკოლაძის გზით"–ის ერთ–ერთმა დამფუძნებელმა, ვანო ნარმანიამ კი დაფინანსების წყაროს შესახებ კითხვის დასმისას, ჟურნალისტებს "ჩამშვებები"უწოდა.

 

4. შემოწირულობის სახით ბიზნესმენების მიერ ფონდში გადარიცხული თანხის ოდენობისა და ბიზნესმენთა ვინაობას ფონდის დირექტორი ილია ქვარცხავა არ გასცემს, რაზეც კომენტარშიც ღიად აცხადებს. 

 

ამასთანავე, „ნიკოლაძის გზა“ იმავე სტატიაში, თავად ადასტურებს ყველა ფაქტს, რაზეც TSpress-ს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს:

 

-„რედაქცია არ უარყოფს, რომ ფონდიდან და პირადად ქალბატონ ეკა ბესელიასგან არის მორალური მხარდაჭერა, პირიქით, მისთვის ღირსების საქმეა, რომ ესოდენი ყურადღებაა გამოხატული, მედია-სახლში გაერთიანება და 20 აგვისტოს პრეზენტაცია ამის დასტურია. ერთობ გულდასაწყვეტია, რომ თანაქალაქელი კოლეგები ნაცვლად თანადგომისა, მოქიშპისა და ჩასაფრებულის როლში გამოდიან. შიშველ ენთუზიაზმზე მომუშავე და სხვათა ერთჯერად, მიზერული მოწყალებით გამომავალ გაზეთზე ქილიკი და კრიჭაში ჩადგომა, რა საკადრისია?!

 

დავუშვათ და ფონდმა აღმოუჩინა გაზეთს მატერიალური მხარდაჭერა, რატომ უნდა იყოს ეს მიუღებელი, რატომ უნდა უკვირდეს ეს ინტერნეტგამოცემას, თავად ხომ არსებობს რაღაც წყაროთი?! ფონდი საზოგადოების პირმშოა, დიახ, სწორედაც, ეკა ბესელიას მხარდაჭერილი ფონდი ფოთელი საზოგადოების დაკვეთა და სურვილია, მისი ფუნქციონირება და პროექტებიც ფოთელთა მიერ არის მოწონებული და მიღებული“ - აღნიშნულია „ნიკოლაძის გზით“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.


ცნობისათვის: TSpress-ს დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაცია მუდმივად ღია იყო და ის დაარსების დღიდან, გამოცემის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. 

 

პასუხი მაჟორიტარის ბიუროს მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე


„ნიკოლაძის გზით“-ის შემდგომ, "დეზინფორმაციულობაზე" განცხადებები ეკა ბესელიას Facebook-გვერდზე დაიწყო. გამოქვეყნებულ განცხადებაში: „მაჟორიტარი დეპუტატის დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა TSpress-ის მხრიდან“, პრეტენზია ჟურნალისტური გამოძიებაში -"ნეპოტიზმი და პოლიტიკური დანიშვნები ფოთის მერიაში", შემდეგ საკითხებზე გამოითქვა:

 

1. მერიაში ახლადდანიშნული კადრების: სოციალურ საკითხებში მერის თანაშემწის - მარინა გუჯაბიძისა და კულტურის საკითხებში მერის თანაშემწის - ოთარ ხარჩილავას პარტიის აქტივისტებად დასახელება და სტატიის ქვესათაურში - "პარტიული" კადრები, რომელთა აყვანის აუცილებლობას მერი ვერ ხსნის“ - მოხსენიება.

 

2. მერის ახლადდანიშნული თანაშემწის, შორენა მირცხულავას  „ქართული ოცნების“ აქტივისტად და მოქალაქე ბიდიკო კაკულიას პარტიის წევრად მოხსენიება.

 

3. დავით სარსანიას მერად დანიშვნაში ბესელიას როლი და საკრებულოსან მოლაპარაკებების გამართვა. ასევე მერიის წინ, სარსანიას დანიშვნის მოთხოვნით გამართულ აქციაზე მაჟორიტარის გამოჩენაა, რაზეც იქვე განმარტებულია, რომ ბესელია აქციაზე მხოლოდ ერთხელ იმყოფებოდა. (აქცია სულ ორჯერ გაიმართა– ავტ)

 

რედაქცია განმარტავს: სტატიაში მერიაში შემცირებული 47 განხორციელებული საკადრო ცვლილების ფაქტია გადამოწმებული, ინტერვიუ ჩაწერილია 14 რესპოდენტთან. ყველა მათგანის პარტიული კუთვნილება თუ ფოთის მერთან ნათესაური წარმომავლობა დადასტურებულია. მასალაში ჩამოთვლილ პირებიდან, რაიმე სახის უზუსტობა ან პრეტენზია არავის გამოუთქვამს. ვინაიდან, პარტიის თავდაპირველი წევრების შესახებ ინფორმაცია დაკარგულია, TSpress-ს ზუსტი ინფორმაცია წევრების შესახებ პარტიიდან ვერ მიაწოდეს, რის გამოც გამოცემა მხოლოდ ზეპირად მოწოდებულ ინფორმაციებს ეყრდნობა, რაც, იშვიათ შემთხვევაში, უზუსტობას არ გამორიცხავს. თუმცა, მასალის გამოქვეყნების შემდეგ აღნიშნულ საკითხზე რედაქციაში პრეტენზია არ შემოსულა. შემოსვლის შემთხვევაში, რედაქცია ლაფსუსს დაუყოვნებლივ გამოასწორებდა.

 

ამასთან, "ქართული ოცნების" მხარდამჭერობას არ უარყოფენ თავად ხარჩილავა და გუჯაბიძე, თუმცა პარტიის არც წევრებად და არც მხარდამჭერ-აქტივისტებად სტატიაში მოხსენიებული არ არიან. ხარჩილავა განმარტავს, რომ მისი ოჯახი წინასაარჩევნო კამპანიაში ყველა რესურსით აქტიურად იყო ჩართული და ბესელიას ბიუროს ფაქტების გადამოწმებას არა მხოლოდ ადგილობრივ, ცენტრალურ დონეზე ურჩევს.

 

სტატიაში შორენა მირცხულავა პარტიის წევრად დასახელებული არაა. ის წინაასაარჩევნო კამპანიის დროს“ქართულ ოცნებას“ მხარადჭერას ღიად უცხადებდა და აქციის ერთ-ერთი მონაწილე იყო, რისი დამადასტურებელი ფოტო-მასალაც გამოცემამ გამოაქვეყნა. რაც შეეხება საარჩევნო პერიოდში მის ჟურნალოსტობას, ის "ინფო - 9"-ის კორესპონდენტად რამდენიმე დღით მუშაობდა. ასევე დადასტურებული ფაქტია, რომ მირცხულავა ფოთის პოლიციამ და პროკურატურამ დამნაშავედ ცნო, რასაც ფოთის მთავარი პროკურორი ალექსანდრე გოგუაძე და გამომძიებელი ზვიად ელერჯია ადასტურებენ.

 

სტატიაში, მოქალაქე ბიდიკო კაკულია "ქართული ოცნების" წევრად ან მხარდამჭერად მოხსენიებული არაა. სტატიაში საუბარია "ქართული ოცნების" წევრ ტატო გვილავას, ჯერ კუნძულის უბნის მუნიციპალიტეტის უფროსის მ/შ-დ დანიშვნაზე, რომელიც მოგვიანებით, მოქალაქე ბიდიკო კაკულიამ შეცვალა. თუკი სტატიაში მოხსენიებული პირი ან ბიურო, ოფიციალურად მომართავს რედაქციას და მიიჩნევს, რომ მასზე გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია, რედაქცია მას დაუყოვნებლივ გაასწორებს, რასაც აქამდე ადგილი არ ჰქონია. 

 

ფოთის მერი, დავით სარსანიას მერად დანიშვნაში მთავარი როლი ბესელიამ რომ შეასრულა, ადგილობრივი ტელევიზიის" ეთერში მერთან დაპირისპირების შემდეგ მაჟრიტარმა თავადვე დაადასტურა: "..ბოლო წუთამდე ვიკავებდი თავს. მერე გავითვალისწინე ბევრი ფაქტორი, გუნდის პოზიცია და ბოლო წუთს შექმნილი ვითარებიდან, ეს გადაწყვეტილება მეც მივიღე, ჩემი მხადაჭერა მას ჰქონდა....ვწუხვარ, თუ ახლა ასეთი არჩევანი გააკეთა მან, ესეც მისი უფლებაა იდგეს იქ, სადაც უნდა რომ იდგეს, მაგრამ უმადურობა ძალიან ცუდ რამეზე მეტყველებს"- განაცხადა ბესელიამ.

 

გარდა ამისა, TSpress - ის არქივში მოიპოვება ბესელიას საკრებულოსთან შეხვედრები, მერიის წინაქციები, მისი სიტყვით გამოსვლა და ა.შ. გარდა ამისა, არსებობს უამრავი კონფიდენციური წყარო, რომელიც მის საკრებულოსთან "მოლაპარაკებებს"ადასტურებს. მაჟორიტარმა მაშინდელ საკრებულოს თავმჯდომარესთან და წევრებთან დახურული შეხვედრა გამართა.

 

ზემოჩამოთვლილი ფაქტების მიუხედავად, ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ინტერნეტ-გამოცემა TSpress-გან უკვე არავის უკვირს დეზინფორმაციის კასკადი, რომელსაც ის მაჟორიტარი დეპუტატის წინააღმდეგ ავრცელებს. ეს მით უფრო სამწუხაროა იმ ფონზე, რომ გამოცემა აშკარა წინააღმდეგობაში მოდის „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ ძირითად პრინციპებთანაც, მათ შორის, ქარტიის პირველი მუხლის მოთხოვნასთან, რომ - „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

 

"ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" საბჭოს იურისტის, დავით კლდიაშვილით თქმით, დაარღვია თუ არა კონკრეტულმა ჟურნალისტმა „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ რომელიმე მუხლი, ამას ქარტიის საბჭო სპეციალურ სხდომაზე წყვეტს და მისი სახელით განცხადებების კეთების უფლება სხვა პირს არა აქვს. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე ქარტიას არ უმსჯელია.

 

TSpress - ის რედაქტორ ელისო ჯანაშიას მიაჩნია, რომ მაჟორიტარის ბიუროსა და "ნიკოლაძის გზით"–ის სახით, ეკა ბესელია TSpress - ზე ზეწოლასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას ახორციელებს და გამოცემის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეწევა. რედაქტორი ამ დღეებში სასამართლოსთვის და სახალხო დამცველისთვის მიმართვასაც არ გამორიცხავს.

 

P.S. მასალა გამოსაქვეყნებლად მზად იყო, როცა რედაქციამ შეიტყო, რომ აღნიშნულ და მსგავსი სტატიების გამო, ეკა ბესელიას ბიუროს უფროსმა, ვალერი ტეტუნაშვილმა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა. რედაქცია მზადაა ყველა წაყენებულ პრეტენზიას არგუმენტირებულად უპასუხოს.

 

 

TSpress - ი აღნიშნულ თემას მომავალშიც გააგრძელებს 

 

 

ამავე თემაზე:

 

ნეპოტიზმი და პოლიტიკური დანიშვნები ფოთის მერიაში


ბესელიას მხარდაჭერილი ფონდის მიერ დაფინანსებული გაზეთი და დაბლოკილი ინფორმაცია


 ეკა ბესელიას ბიურო საქმიანობის შესახებ ინფორმაციას არ გასცემს

 

ეკა ბესელია – სამართლიანი იქნება თუ ფოთის საკრებულო მერად "ქართული ოცნების" კანდიდატს დანიშნავს [Video]

 

ფოთის მერისა და მაჟორიტარის უარი კომენტარზე TSpress-ს [Video,Audio]

 

მერიაში საჯარო სხდომას TSpress-ს არ ასწრებენ


ფოთის მერისა და მაჟორიტარის უარი კომენტარზე TSpress-ს [Video,Audio]


ეკა ბესელია TSpress.ge-ს წინააღმდეგ მორიგ სიცრუეს ავრცელებს [Audio]


ბესელიას დემოკრატია [Video]






 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED