მოზარდები ფოთის პოლიციას უკანონობაში ამხელენ [Video]

2013.09.12 ავტორი: TS

18 წლის მოზარდების: რატი აკობიასა და ზაალ მიქავას განცხადებით, ფოთის პოლიცია ყოფილი მსჯავრდებულის, მამუკა ლაშქარავას წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევაში, მათ ძალოვანი უწყებების მფარველობას და დაუსჯელობას პირდება. ახალგაზრდები პოლიციელის ვინაობასაც ასახელებენ, ვინც მათ იარაღის მიცემას დაპირდა.

რატი აკობიას განცხადებით, ამ ფაქტს წინ მანქანის ერთ-ერთ ხელოსანთან ვალის დაბრუნებაზე სიტყვიერი კამათი უძღოდა.

 

აკობიას თქმით, დაახლოებით 1 თვის წინ, მანქანის ხელოსან ზური კატოკიასთვის მანქანის გადაცვლის შემდეგ, შეთანხმებისამებრ 600 ლარი ქონდა მისაცემი.

 

მისი თქმით, თანხა დროულად ვერ გაისტუმრა, რის შემდეგაც ხელოსანმა უთხრა, რომ საქმეში მამუკა ლაშქარავას ჩართავდა. 

 

როგორც აკობია ყვება, აღნიშნულიდან რამდენიმე დღეში, უცნობმა პირებმა მისი საცხოვრებელი სახლის მინები ჩაამტვრიეს.

 

მომხდარიდან რამდენიმე დღეში კი, მასთან პოლიციის მანქანა, სახელმწიფო ნომრით DEK 106 პოლიციელი ზვიად გულუა მივიდა, რა დროსაც, მასთან ერთად მისი მეგობარი ზაალ მიქავაც იმყოფებოდა.

 

მათი თქმით, პოლიცია არწმუნებდა, რომ სახლის მინები ლაშქარავამ ჩაუმტვრია და მსგავსი მეთოდებით ის უსწორდებოდა.

 

როგორც ახალგაზრდები ყვებიან, პოლიციელმა ზვიად გულიამ მათ თავდაცვის მიზნით იარაღიც შესთავაზა და ლაშქარავას წინააღმდეგ სროლის უფლებაც მისცა.

 

„კი არ ვარაუდობდა, დარწმუნებით გვეუბნებოდა, რომ ჩემი სახლის მინებს ლაშქარავამ ესროლა. გვითხრა, რას "აბლატავებთ" ამ ლაშქარავას ახალგაზრდა ბიჭები. ჩვენ მოგცემთ იარაღს, ესროლეთ და ხელშეუხებლობასაც გპირდებითო,“- აცხადებს Tspress - თან საუბარში აკობია.

 

მისი თქმით, აღნიშნულის შემდეგ ის ლაშქარავას პირადად შეხვდა.

 

„ლაშქრავას პირადად არ ვიცნობდი, თუმცა მისი სახელი გაგებული მქონდა. მივედი და ვალის შესახებ ავუხსენი. გაუკვირდა, აღნიშნული საქმის შესახებ არაფერი იცოდა. ჩამსვა მანქანაში და მთხოვა ის ხელოსანი მეჩვენებინა. ხელოსანმაც აღიარა, რომ ლაშქარავას საერთოდ არ იცნობდა და მისი სახელი ვალის დროულად დაბრუნების მიზნით, უბრალოდ გამოიყენა“- აღნიშნავს აკობია.

 

მანქანის ხელოსანთან ნაცნობობას მამუკა ლაშქრავა Tspress - თან საუბრისას უარყოფს. მისი თქმით, უცნობია რატომ გამოიყენა ხელოსანმა, ზური კატოკიამ მისი სახელი. ლაშქარავას ვარაუდით, შესაძლოა მანქანის ხელოსანი პოლიციის მიერაა გამოყენებული.

 

„ამათ ისე გაუჭირდათ, რომ 18 წლის ბავშვებს ღუპავენ, ვითომ გარანტიებს ხელშეუხებლობას პირდებიან. თუ ასე არავინ აგებინებენ პასუხს, თვითონ რატომ არ ასრულებენ?! პირველად ვნახე ის ხელოსანი ამ ბავშვების თანდასწრებით ვკითხე, რატომ ახსენე ჩემი სახელი-მეთქი და მითხრა, ახლობლისგან გიცნობო, თუმცა ვერც ახლობელი დამისახელა,“- აღნიშნავს ლაშქარავა.

 

მანქანის ხელოსანი ზური კატოკია ადასტურებს, რომ ლაშქარავა საქმის კურსში არ იყო და მას დახმარებას არ დაპირებია. პოლიციის ჩარევას კი უარყოფს.

 

„მამუკა ლაშქრავათი კი არ ვაშინებდი ბავშვებს, უბრალოდ, 1თვეა მაწვალებენ ფულზე. ლაშქრავა სიმართლის კაცია ვიფიქრე ის სხვანაირად დაელაპარაკებოდა,“- აცხადებს TSpress - თან საუბარში კატოკია.

 

მისი თქმით, ვალის სამართალდამცავი უწყებების ან სხვა გზით დაბრუნება არ უცდია. როგორც კატოკია ამბობს, მისთვის უცნობია, საიდან იცოდა პოლიციამ, რომ ის ლაშქრავას დახმარებით აპირებდა ვალის დაბრუნებას და რატომ გადააბრალა პოლიციამ.

 

მალთაყვის უბნის პოლიციის უფროსი, ზვიად გულუა აღნიშნულს უარყოფს. მისი თქმით, მათ შორის მსგავსი საუბარი არ შემდგარა. განმარტავს, რომ არც რატი აკობიას საცხოვრებელი სახლის მინების ჩამტვრევაზე ფლობს ინფორმაციას. 

 

"ეს ბავშვი არასრულწლოვანია, მსგავს რამეს არასრულწლოვანს როგორ ვეტყოდი. მატყუარა ბავშვია, მშობლები არ ყავს,"- აღნიშნავს TSpress - თან საუბარში გულუა. 

 

შეგახსენებთ, რომ ყოფილი მსჯავრდებულის, მამუკა ლაშქარავას განცხადებით, გათავისუფლებიდან რამდენიმე დღეში, მას ქვეყნის დატოვება პოლიციელებმა მოთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ლიკვიდაციით დაემუქრნენ.

 

TSpress - თან საუბრისას ლაშქარავამ კონკრეტული პოლიციელების ვინაობა დაასახელა, რომლის შემდეგაც, მისი თქმით, პოლიცია მას მუდმივად უთვალთვალებს და მის წინააღმდეგ ცრუ სამხილებს ეძებს.

 

რამდენიმე ხნის წინ, პოლიციის მიერ ძებნილად გამოცხადებულ ზურაბ გარუჩავას მამის განცხადებით, ფოთის პოლიციის გამომძიებელმა, ემზარ კალანდიამ შვილისთვის ძებნილის სტატუსის მოხსნის სანაცვლოდ, ყოფილ მსჯავრდებულ ლაშქარავას დაკავებასა ან ლიკვიდაციის მოწყობაში დახმარება თხოვა. 


ფოთის ერთ-ერთი ავტოსახელოსნოს მფლობელის, ზაზა გერგედავას თქმით, ლაშქარავას მანქანის მის სახელოსნოში მიყვანიდან დაახლოებით ნახევარ საათში, ორი პოლიციელი მივიდა, რომელთა ვინაობა არ იცის, მაგრამ სახეზე იცნობს. გერგედავა ეჭვობს, რომ ისინი "რაღაცის ჩადებას აპირებდნენ", რადგან ისინი პირდაპირ მანქანაში ჩასხდნენ. თუმცა, მისი წინააღმდეგობის შემდეგ, პოლიციელები მანქანიდან გადავიდნენ.

 

მსჯავრდებული მამუკა ლაშქარავა სხვადასხვა დანაშაულის (მკვლელობა, გაქცევა, დაჯგუფების წევრობა) გამო მოხდილი 19-წლიანი პატიმრობის შემდეგ, გასული წლის ივნისში გათავისუფლდა. ის შსს სამინისტროს მიერ “განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტადაა” მოხსენიებული.

 

ამავე თემაზე:

 

პოლიცია ძებნილის მამას სხვისი დაკავებისა ან ლიკვიდაციის სანაცვლოდ გარიგებას თავაზობს


ყოფილი პატიმარი პოლიციის უფროსსა და პროკურორს შანტაჟსა და ლიკვიდაციით მუქარაში ამხელს [Video]


თვალთვალი და მუქარა სამართალდამცავთა მხილების გამო [Video]


მოკლულის დედის გამოხმაურება მამუკა ლაშქარავას განცხადებაზე [Video]


 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED