ბესელიას ბიუროსთვის ჩამორთმეულიToyota - Prado მერის "ბავშვობის მეგობარ" მოადგილეს გადაეცა

2013.09.11 ავტორი: იზა სალაყაია

ფოთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში შეძენილი 3 ძვირადღირებული ავტომანქანიდან, აუქციონი მხოლოდ გუბერნატორ ზაზა გოროზიას სარგებლობაში არსებულ BMW-ზე გამოაცხადა, თუმცა აუქციონი არ შედგა. მიზეზად, ფოთის მერი, მონაწილეების არარსებობას ასახელებს. ავტომანქანა TOYOTA PRADO მერის მოადგილე ლაშა კუპრეიშვილს გადაეცა. მერიის კუთვნილი LEXUS-ის ფირმის ავტომანქანით კი, ფოთის პოლიციის უფროსი სარგებლობს. 

აღნიშნული ავტომანქნები წინა ხელისუფლებამ სხვადასხვა უწყებებისათვის იყიდა, თუმცა, მანქანები მერიის ბალანსზე ირიცხებოდა. საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ახალმა ხელისუფლებამ მანქანების ნაწილი უკან დაიბრუნა.

 

ვინაიდან მერია-საკრებულოს არსებული ასევე ძვირადღირებული მანქანები ემსახურებოდა და დამატებითი მანქანების საჭიროება არ არსებობდა, ახალმა ხელისუფლებამ მანქანების გასხვისება და ამ თანხით საბიუჯეტო პროგრამების გაზრდა გადაწყვიტა.

 

2011 წლის TOYOTA PRADO ფირმის ჯიპის (BBT -880) აუქციონზე არ გაუტანიათ. მიზეზად საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ბაბილუა განმარტავს, რომ მანქანა მაჟორიტარის ბიუროს ქონდა გადაცემული და მისი დროულად დაბრუნება ვერ მოხერხდა, რის გამოც ის აუდიტმა ვერ შეაფასა.

 

მისი თქმით, აღნიშნულ მანქანაზე აუქციონი გამოცხადდება, თუმცა მანამდე მაჟორიტარის ბიუროსთვის ჩამორთმეული მანქანა სარგებლობაში ფოთის მერის მოადგილეს, ლაშა კუპრეიშვილს გადაეცა. კუპრეიშვილთან ბავშვობის მეგობრობას" მერი ადასტურებს.

 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მანქანა, რომელიც კუპრეიშვილს გადაეცა ფოთის მერიამ გასულ წელს 80 ათას ლარად შეიძინა და მისით კონსტიტუციური უსაფრთხოების (კუდ-ი) ადგილობრივი განყოფილება სარგებლობდა.

 

არცევნების შემდეგ, ფოთის მერიისთვის დაბრუნებული ავტომანქანა მაჟორიტარის ბიუროს ყოფილ უფროსს, ზურაბ ჩაჩუას გადაეცა. თავდაპირველად ჩაჩუა მანქანით არაოფიციალურად და კანონგარეშე სარგებლობდა. 

 

მოგვიანებით, ჩაჩუამ ფოთის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს, ბიუროსთვის მანქანის გამოყოფის მოთხოვნით, წერილობით მიმართა. საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ბიუროს ავტომანქანა 3 თვით გადაეცა, რის შემდეგაც ბესელიას ბიურომ, ავტომანქანით სარგებლობის ვადის კიდევ 1 წლით გაგრძელება ითხოვა, რაზეც მერია-საკრებულოსგან უარი მიიღო.

 

მანქანის უკან დაბრუნების არაერთხელ მოთხოვნის მიუხედავად, ბიურო დაბრუნებაზე უარს აცხადებდა და ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებდა. ბიურომ ხელისუფლებას არა მხოლოდ აღნიშნული არამედ იმ მანქანების გასხვისებაც მოთხოვა, რომლითაც მერი და საკრებულოს თავმჯდომარე სარგებლობენ. მერიამ ბიუროს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

 

ერთადერთი ძვირაღირებული მანქანა, რომლის აუქციონის გზით გასხვისებას გეგმავდა მერია, 2010 წელს გამოშვებული BMW (სედანი ) – მარკის ავტომობილი (სანომრე ნიშნით BBT-877) იყო, რომელიც კერძო აუდიტმა 30 ათას ლარად შეაფასა.

 

მერის განცხადებით, მონაწილეების არარსებობის გამო აუქციონი არ შედგა, რის გამოც მანქანა, შესაძლოა მის მოადგილეს, ვასილ თოდუას გადაეცეს.

 

"სამწუხაროდ მანქანებით არავინ დაინტერესდა, ძვირადღირებულ მანქანებს ნახევარ ფასში ვერ გავყიდით, ის ვიცე- მერებზე გადანაწილდება. აუქციონი არ შედგა,  შემეძლო ახლობლისთვის მესამედ ფასში მიმეყიდა, მაგრამ საკითხს კეთილსინდისერად ვუდგები."- განაცხადა TSpress - თან საუბარში სარსანიამ და აღნიშნა, რომ ხელახალი აუქციონი არ გამოცხადდება.

 

აღნიშნული მანქანა წინა ხელისუფლებამ 80 ათას ლარად შეიძინა და იმჟამინდელ გუბერნატორს, ზაზა გოროზიას გადასცა, რითაც გოროზია და მისი ოჯახის წევრები სარგებლობდნენ.

 

არჩევნების შემდეგ უკან დაბრუნებული მანქანა ფოთის მერიას ოფიციალურად არავისთვის გადაუცია. ფოთის მერი დავით სარსანია მის ადგილსამყოფელს არ ასახელებდა და განმარტავდა, რომ ის „სანდო პირის ხელში უსაფრთხოდ იყო.“  TSpress - ის ინფორმაციით, მისით ფოთის მერისა და  მაჟორიტარის ოჯახის წევრები სარგებლობდნენ.

 

სარსანია ავტომანქანის ადგილსამყოფელს არც ამჟამად ასახელებს. მისი თქმით, ის კერძო პირის ავტოფარეხში ინახება, რომელთანაც მერიას ხელშეკრულება აქვს დადებული. ავტოფარეხის მისამართსა და ხელშეკრულებას, ის მოუცლელობის მიზეზით არ ასაჯაროვებს.

 

აუქციონი არ გამოცხადებულა მერიის ბალანსზე რიცხულ მესამე ძვირადღირებულ LEXUS - ის ფირმის ავტომანქანაზე (ZWZ 068), რომელიც მერიამ დახლოებით 60 ათას ლარად გასულ წელს შეიძინა და შსს ფოთის განყოფილებას გადასცა.

 

საპარალმენტო არჩევნების შემდეგ ფოთის  პოლიციის უფროსად, მაჟორიტარის ნათესავი და მისი რეკომენდებული კადრი ზურაბ ალანია დაინიშნა.

 

ადგილობრივ ხელისუფლებას, პოლიციის უფროსისთვის მანქანის უკან დაბურნება არ მოუთხოვია.

 

 

ამავე თემაზე:

 

ფოთის ხელისუფლება სხვადასხვა უწყებებიდან დაბრუნებულ ძვირადღირებულ ავტომანქანებს ასხვისებს


საქმის გარჩევა "ტოიოტა პრადოს" გამო ბესელიას ბიუროსა და ფოთის თვითმმართველობას შორის

 

დაკარგული და მაჟორიტარის კადრებისთვის დარიგებული ძვირადღირებული ავტომანქანები [Video]


კუდ-ის მიერ ფოთის მერიისთვის დაბრუნებული მანქანით ბესელიას ბიუროს უფროსი სარგებლობს

 


 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED