პრემიების დაუსაბუთებლად გაცემის პრაქტიკა გრძელდება

2013.09.11 ავტორი: იზა სალაყაია

ფოთის მერის, დავით სარსანიას გადაწყვეტილებით, სხვადასხვა დღესასწაულზე პრემიების დაუსაბუთებლად გაცემის პრაქტიკა ისევ აღდგა. მარიამობის დღესასწაულის შემდეგ, წლის ბოლომდე, მერიის თანამშრომლებისათვის კიდევ ერთი პრემია დარიგდება. ბიუჯეტი კი კვარტლების მიხედვით, შეუსრულებელია.

მარიამობის დღესასწაულზე პრემია მერია-საკრებულოს ყველა თანამშრომელმა მიიღო, რაც ჯამში ბიუჯტს, დაახლოებით,  150 ათასი ლარი დაუჯდა. ბიუჯეტში კიდევ ერთი პრემიისთვისაა თანხა გათვალისწინებული.

 

წინა წლების მსგავსად, მიმდინარე წელს ბიუჯეტში, დაგეგმილი შემოსავლის მიღება პრობლემას წარმოადგენს. 

 

გეგმის მიხედვით, 8 თვის განმავლობაში, მერია 14 მლნ 791 ათასი ლარის მიღებას ვარაუდობდა, თუმცა მხოლოდ 9 მლნ 716 ათასი ლარი მიიღო. მიზეზად, მერის მოადგილე ვასილ თოდუა ტრანსფერის (სახელმწიფო ბიუჯტიდან მისაღები თანხა) მიუღებლობას ასახელებს.

 

მისი თქმით, ბიუჯეტში დეფიციტი არ არსებობს. როგორც განმარტავს, ტრანსფერის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ადგილობრივი ბიუჯეტი ფინანსთა სამინისტროდან თანხას მისი დასრულების შემდგომ მიიღებს.

 

"სამუშაოები არ დასრულებულა, მიღება- ჩაბარება როგორც კი შედგება, ტრანსფერის სახით მივიღებთ, 8 თვეზე გათვალსიწინებულ  5 მლნ 690 ათასი ლარს"- აღნიშნავს თოდუა და განმარტავს, რომ პრემიები შეუსრულებელი ვალდებულებების პირობებში არ გაცემულა.

 
შეგახსენებთ, რომ პრემია არის ფულადი წახალისების ფორმა სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვისაა გათვალისწინებული, რასაც საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე და 74 -ე მუხლი და „ორგანული კანონის" 39-ე მუხლი არეგულირებს.

 

კონკრეტულად რა დამატებითი და წარჩინებული სამუშაოსთვის გაიცა პრემია ყველა თანამშრომელზე განურჩევლად, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის ბრძანებაში მითითებულია არაა. საფუძველს ისინი ვერც TSpress - თან საუბარში აკონკრეტებენ.

 

"ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში დამკვიდრებული პრემიების გაცემის პრაქტიკაზე ფოთის მერმა, დავთ სარსანიამ საკუთარი პოზიცია და გადაწყვეტილება მედიას მერად დანიშვნის პირველსავე დღეებში გააცნო.

 

მან წლის განმავლობაში გასაცემი პრემიის ოდენობა გაანახევრა  და ნათლისღების დღესასწაულზე პრემიები არ გასცა. მერი თანამშრომლებს ფულად წახალისებას, წელიწადში სამჯერ, სხვადასხვა დღესასწაულებზე დაპირდა. მოგვიანებით კი, მასზეც უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ დაუსაბუთებლად პრემიის გაცემა ყველა თანამშრომლზე, არამიზანშეწონილი იყო.

 

სააღდგომოდ პრემიების გაცემის მოთხოვნით, საჯარო სამსახურში დასაქმებულებმა გაფიცვაც კი მოაწყვეს. ისინი საკრებულოს სხდომათა დარბაზში შეიკრიბნენ და ფოთის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს პრემიის დარიგებას ხან კატეგორიულად თხოვდნენ, ხან ეხვეწებოდნენ.

 

საჯარო სამსახურის თანამშრომლების მოთხოვნას მხარს "ნაციონალური მოძრაობა" უჭერდა. მათი თქმით, პრემიების არგაცემის გადაწყვეტილება ფოთის მაჟორიტარმა, ეკა ბესელიამ მიიღო და მერს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებისკენ მოუწოდებდნენ.

 

თანამშრომლების პროტესტის მიუხედავად, სარსანიამ მაშინ პოზიცია არ შეიცვალა და სააღდგომოდ პრემიები არ გასცა. მერის იმდროინდელი განცხადებით, პრემიების თანხით, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების გაზრდა იგეგმებოდა.

 

"ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში წლების განმავლობაში მერია, პრემიის სახით  ხელფასზე დანამატს თითქმის ყველა დღესასწაულზე, წელიწადში 5– 6 ჯერ გასცემდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან ყოველწლიურად, 500– 800 ათას ლარამდე იხარჯებოდა.

 

2012 წელს, მერიამ პრემია სხვადასხვა დღესასწაულების გარდა, წინასაარჩევნო პერიოდშიც, 6-ჯერ გასცა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 870 ათას ლარი გამოიყო. ხელფასის ოდენობის პრემიები, განურჩევლად ყველა თანამშრომელზე გაიცემოდა. 

 

ამავე თემაზე:

 

რა შუაშია ფოთის საჯარო მოხელეთა პრემიებთან პატრიარქი? [Video]

 

პასკა და სანთლები მერის ავტოგრაფით [Video]

 

ფოთის საკრებულოს თანამშრომლებს პრემიები დაურიგდათ

 

ფოთის მერი - ფულადი ჯილდოსა და პრემირების პრაქტიკა არ გაუქმდება [Video]

 

საარჩევნოდ დარიგებული პრემიები

 

საჯარო მოხელეებს - 130 ათასის პრემია, სოცილურად დაუცველ ბავშვებს - 3200 ლარის „ბარამბო“

 

დეფიციტური ბიუჯეტის პირობებში გაცემული პრემიები

 


 



 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED