ამნისტირებული პატიმარი - პოლიციის უფროსი "კანონიერი ქურდების" დაჭერაში დახმარებას მაიძულებს [Video]

2013.09.06 ავტორი: TS

ამნისტირებული პატიმარი მიხეილ გახოკიძე წყალტუბოს პოლიციის უფროსს, რევაზ ქობულიას შანტაჟში ადანაშაულებს. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ, ის პოლიციამ უკანონოდ დააკავა და კონკრეტული პირების დაკავებაში თანამშრომლობა მოთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პატიმარს პრობლემების შექმნით დაემუქრა. აღნიშნულზე ის სამინისტროს საკითხის გარკვევას და შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

 

მიხეილ გახოკიძე

მიხეილ გახოკიძე

-„ამნისტიის გამო გონიათ, რომ მათთან ვალში ვართ. თუ ქალაქში არ გაგვაჩერებდნენ, რაღაცების კეთებას და დანაშაულის ჩადენას გვაიძულებდნენ, რატომ გვიშვებდნენ?"– აღნიშნავს Tspress - თან საუბარში ყოფილი პატიმარი მიხეილ გახოკიძე.

 

მისი თქმით, გათავისუფლებიდან რამდენიმე დღეში პოლიციამ მას ქვეყნის დატოვება მოთხოვა. როგორც ამბობს, მოთხოვნა ამჟამადაც ძალაშია, რისთვისაც პოლიცია კონკრეტულ ვადასაც უწესებს ან თანამშრომლობას აიძულებს.

 

"ვუთხარი პირობითი მაქვს და ქვეყნიდან ვერ გავალთქო, არ გვაინტერესებს ძებნაში წადიო"– აღნიშნავს ის.

 

გახოკიძის თქმით, რამდენიმე დღის წინ, ის პოლიციამ საკუთარი სახლიდან ნარკოტესტზე შემოწმების მიზეზით დააკავა და რამდენიმე საათი უკანონო პატიმრობაში ყავდათ.

 

როგორც ყვება, სამმართველოში, პოლიციის უფროსის კაბინეტში შეიყვანეს, სადაც პოლიციის უფროსმა, რევაზ ქობულიამ თანამშრომლობა მოთხოვა. მისი თქმით, პოლიციის უფროსი აიძულებდა კრიმინალური ავტორიტეტები დაესახელებინა და მათ დაკავებაში დახმარებოდა.

 

გახოკიძე იმ პირების ვინაობას ასახელებს, ვისზეც პოლიცია იარაღის ჩადებას და მათ დაკავებაში დახმარებას აიძულებდა: დათო გარდავაძე, ალიკა ბაკურაძე, მამუკა ტყებლაძე, თემურ და ნუგზარ შვანგირაძეები. მისი თქმით, აღნიშნული პირები წარსულში სხვადასხვა ბრალდებით ნასამართლევები არიან.

 

გახოკიძის თქმით, თანამშრომლობაზე უარის მიღების შემდეგ, პოლიციამ ხელბორკილები დაადო, ძალის გამოყენებით პოლიციის ფორმა ჩააცვეს და ფოტო გადაუღეს, რომლის გასაჯაროვებითაც და ქურდების მიერ ანგარიშსწორებით ემუქრებიან. 

 

"პოლიციის უფროსის კაბინეტში მაგიდაზე დამიდეს "პლანი", მითხრეს შენიაო. უარვყავი, მაგრამ წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, შემოიტანეს იარაღი. ყაჩაღობიდან ამოღებული იარაღიაო, თუ ჩვენთან არ ითანამშრომლებ, აირჩიე ან პლანით მიდიხარ პატიმრობაში ან იარაღითო. ამდენი წელი იჯექი, ქურდული სამყაროს წარმომადგენლები გეყოლება მეგობრები, მასთან დაგვაკავშირე, საქმის გარჩევის მიზნით შეკრიბე და მერე მენტალიტეტზე, ქურდულ წოდებაზე საქმე გაგვახსნევინეო. უარის შემდეგ ხელბორკილები დამადეს, გამთიშეს, პოლიციის ფორმა ჩამაცვეს და პოლიციის უფროსის მოადგილემ ფოტო გადამიღო. თუ არ შეასრულებ რაც გითხარით, ფოტოს "ფეისბუქზე" დავდებთ და ქურდები დედას გიტირებენო," -აღნიშნავს TSpress - თან საუბარში გახოკიძე.

 

მისი თქმით, პოლიციიდან ის ნარკოტესტზე შესამოწმებლად ლაბორატორიაში წაიყვანეს, თუმცა ნარკოტიკი არ აღმოაჩნდა.

 

 

გახოკიძეს განცხადებით, პოლიციის მუქარის გამო, მის უკანონო დაკავებას არ გამორიცხავს, რის გამოც სახლიდან არ გადის. ის შს სამინისტროს წყალტუბოს პოლიციის უფროსის ქმედებების შესწავლისკენ და რეაგირებისკენ მოუწოდებს.

 

გახოკიძე ყაჩაღობის ბრალდებით იხდიდა სასჯელს, ის წინასაარჩევნო პერიოდში ამნისტიით გათავსიუფლდა და 2 წლიანი  პირობითი მსჯავრი დარჩა.

 

რევაზ ქობულია წყალტუბოს პოლიციის უფროსად საპარალმენტო არჩევნების შემდგომ დაინიშნა, მანამდე ის პოლიციის რიგითი თანამშრომელი იყო. მის წინააღმდეგ მოქალაქის, რევაზ დვალიშვილის არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტზე სტრასბურგის სასამართლოში მოხვდა. სახელმწიფოს მოქალაქის სასარგებლოდ 12 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა.

 

იმერეთის სამხარეო პოლიციის პრესსამსახურის უფროსი ნანა კუხალეიშვილის განმარტებით, წყალტუბოს პოლიციის უფროსი გახოკიძის დაკავების ფაქტს ადასტურებს, თუმცა, დაკავების საფუძველს არ განმარტავს. ის მასზე განხორცილებეულ ზეწოლას და გახოკიძის მიერ დასახელებულ სხვა ფაქტებს უარყოფს.

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED