ობამა მზადაა სირიაში ავიადარტყმები განახორციელოს, გაეროს 12 ქვეყანა წინააღმდეგია

2013.08.30 ავტორი: TS

ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, მოკავშირეთა უარის მიუხედავად, მზადაა სირიაში ავიადარტყმების ბრძანება გასცეს. ამის შესახებ დღევანდელი "ნიუ-იორკ თაიმსი" წერს. გაზეთის ცნობით, თეთრი სახლის მეთაურს ასევე შეუძლია გასცეს შესაბამისი განკარგულება, გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების გარეშეც. 

როგორც დღეს გახდა ცნობილი, გაეროს წევრმა 12-მა ქვეყანამ, გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციის გარეშე, უარი განაცხადა სირიაში სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობის მიღებაზე.

 

"ჯერ ობამას არ მიუღია გადაწყვეტილება, მაგრამ როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ავიადარტყმები განხორციელდება შაბათის შემდეგ, რაც სირიას გაეროს ინსპექტორები დატოვებენ"- განუცხადა გამოცემას ინფორმირებულმა წყარომ თეთრი სახლის ადმინისტრაციიდან და დასძინა, რომ პარასკევს ამერიკის კონგრესი მოქმედების შესაბამის გეგმას დაამტკიცებს.

 

როგორც სი-ენ-ენი იუწყება, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, შესაძლოა, მოხდეს "ერთპიროვნული რეაქცია" სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების გამო.

 

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ფილიპ ჰამონდმა, ასევე დღეს განაცხადა, რომ ბრიტანეთი სირიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში არ ჩაერთვება. მან აღნიშნა, რომ სირიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია ბრიტანეთის უარის მიუხედავად განხორციელდება.

 

განცხადებას წინ უძღოდა, ბრიტანეთის პარლამენტის მიერ მთვარობის რეზოლუციის ჩაგდება "სირიაში ჰუმანიტარული ინტერვენციის" შესახებ. ამ ინიციატივის წინააღმდეგ 285 დეპუტატი გამოვიდა და 272-მა მხარი დაუჭირა.

 

ბრიტანეთის მოსახლეობამაც სკეპტიკური დამოკიდებულება გამოხატა მისი ქვეყნის ხელისუფლების მიერ სირიის სამხედრო ოპერაციაში შესძლო ჩართვის შესახებ. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერმა დევიდ ქემერონმა თავად განაცხადა. კონსერვატიულმა პარტიამ, რომელსაც პრემიერ-მისნიტრი წარმოადგენს, ვერ შეძლო პარლამენტის სხვა წევრების დარწმუნება, მხარი დაეჭირათ მთავრობის რეზოლუციისთვის - "მკაცრი რეაგირება მოეხდინა სირიის ჰუმანიტარულ კრიზისზე", რაც თავის მხრივ, სამხედრო ოპერაციის დაწყებას ნიშნავდა. 

 

ქემერონმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი არ ფლობს დამაჯერებელ მტკიცებულებას იმაზე, რომ სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს.

 

"სინამდვილეში, მთავრობა არ არის სრულად დარწმუნებული, თუ ვინ გამოიყენა სირიაში ქიმიური იარაღი. ჩვენ გვიწევს დასკვნების კეთება სიტუაციის შესახებ, მასზე საკუთარი წარმოდგენებიდან გამომდინარე, "- ასე უპასუხა დევიდ ქემერონმა ბრიტანეთის პარლამენტის ერთ-ერთ დეპუტატს.

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი კი დარწმუნებულია, რომ ქიმიური იარაღი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ჯარებმა გამოიყენეს.

 

„ჩვენ ყველა მტკიცებულება შევისწავლეთ და გვჯერა, რომ ოპოზიციას არ გააჩნია ამ ტიპის ქიმიური იარაღი. მიწოდების სისტემის, გამოყენებული რაკეტების გათვალისწინებით, არა გვგონია, რომ ოპოზიციას შეეძლო ასეთი თავდასხმების განხორციელება. მივედით დასკვნამდე, რომ ისინი სინამდვილეში სირიის მთავრობამ განახორციელა და თუ ასეა, თავს იჩენს საერთაშორისო შედეგების საჭიროება. ამიტომ კონსულტაციებს ვატარებთ ჩვენს მოკავშირეებთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან“, -განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

 

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფუმიო კისიდო, სირიაში სიტუაციის გამვწვავებაზე სრულ პასუხისმგებლობას სირიის პრეზიდენტს აკისრებს. მისი აზრით, სირიის მთავრობის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ეჭვი საკმაოდ მაღალია, რაც უპატიებელია. იაპონია სირიაში დაზარალებულთათვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოსაჩენად მზადაა.

 

იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალური  მდივანი იოსიხიდე სუგა აცხადებს, რომ მათ მეზობელ კორეის სახალხო რესპუბლიკასაც გააჩნია ქიმიური იარაღების მარაგი, რის გამოც იაპონია სირიაში მომხდარ ფაქტზე გულგრილი ვერ დარჩება. იაპონიამ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად სამხედრო ოპერაციაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილება დღეს უნდა მიიღოს.

 

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და ბარაკ ობამას შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მერკელმა სირიის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა უწოდა და ამერიკის პრეზიდენტს კონსულტაციების გაგრძელებას დაპირდა. ამის შესახებ ინფორმაცია თეთრი სახლის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

 

რუსეთი კი გაეროს ექსპერტების დასკვნას ელოდება. ქვეყნის საგარეო უწყების პრესმდივანმა ალექსანდრ ლუკაშევიჩის განცხადებით,  გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების შემთხვევების განხილვა კომპლექსური უნდა იყოს და გაეროს ექსპერტების მომავალ დასკვნებთან ერთად, აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს რუსეთის სპეციალისტების დასკვნაც, რომელიც, მისი თქმით, შემოწმებულ იქნა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მიერ სერტიფიცირებულ ლაბორატორიებში.

 

რუსეთმა, გაეროს უშიშროების საბჭოში ბრიტანეთის მიერ შეტანილი რეზოლუციის პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა სანქციას სირიაში „მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისთვის აუცილებელი ზომების მისაღებად“, დაბლოკა. რუსეთმა სირიაში სამხედრო ინტერვენციისაკენ მოწოდებას, გაეროს ქარტიისთვის „შეუნიღბავ გამოწვევა“ უწოდა.

 

გაეროს უშიშროების საბჭოს კიდევ ერთი მუდმივი წევრი ჩინეთიც, სირიაში სამხედრო ინტერვენციის წინააღმდეგია. პეკინში ფიქრობენ, რომ სამხედრო ოპერაცია ისედაც მძიმე ვითარებას ახლო აღმოსავლეთში მხოლოდ გააუარესებს.

 

შეგახსენებთ, რომ  მიმდინარე წლის 21 აგვისტოს არაბული და დასავლური მედიით გავრცელდა ინფორმაცია დამასკოს გარეუბანში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ, რომლის შედეგადაც 625-მდე ადამიანი დაიღუპა. სირიის ხელისუფლებამ ქიმიური იარაღის გამოყენება უარყო.


სირია თავის დროზე, არ შეუერთდა ქიმიური იარაღის შექმნის, წარმოებისა და გამ ოყენების კონვენციას, რომელიც ძალაში 1997 წლის 29 აპრილს შევიდა.

 

სირიის ქიმიური იარღის შექმნის პროგრამა 1970 წელს დაიწყო. ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, სირია აწარმოებს რამდენიმე ტონა მომწამლავ ნივთიერებას ყოველწლიურად და აქვს ქიმიური იარაღის მნიშვნელოვანი რეზერვი, ძირითადად, ზარინის მომწამლავი გაზი.

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED