იცავს თუ არა ეკა ბესელიას ფოთის პროკურორის აგარაკის წინ პოლიცია?

2013.08.28 ავტორი: ელისო ჯანაშია იზა სალაყაია

გრიგოლეთში, ფოთის პროკურორის, ალექსანდრე გოგუაძის აგარაკის წინ, კრიმინალური პოლიცია პატრულირებს. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, პოლიციის ავტომანქანა სახლის წინ, ღამ-ღამობით, სამი თვეა ასე დგას, რის საფუძველსაც პოლიცია ვერ ასახელებს.

TSpress-ის ჟურნალისტის მისვლისას, წუხელ, ღამის 23 საათისთვის, გოგუაძის აგარაკის წინ კრიმინალური პოლიციის „პიკაპის“ ფირმის ავტომაქანა და 4 პოლიციელი პატრულირებდა. პოლიციელების ნაწილი, იქვე მაღაზიის წინ სკამებზე ჩამომჯდარიყო და მოქალაქეებთან საუბრობდნენ. ვიდეოკამერის დანახვისთანავე ისინი ისე სწრაფად წამოხტნენ სკამებიდან, მანქანებში ჩასხდნენ და ფოთისაკენ გაემართნენ, მათთვის კითხვის დასმაც ვეღარ მოხერხდა.

 

პროკურორის აგარაკის ეზოში კი "ტოიოტას“ ფირმის ავტომანქანა ნომრით EKA – 041 იდგა, რომელიც პარლამენტის წევრ ეკა ბესელიას ეკუთვნის.

 

მეზობლები პირად საუბარში აცხადებენ, რომ ბესელია და მისი ოჯახის წევრები პროკურორის სახლში ხშირად მოდიან და ღამესაც ათევენ. მათი თქმით, იქ ხშირად ჩნდებიან მაჟორიტართან დაახლოებული პირები და მისი იქ ყოფნისას, პოლიცია სახლს მუდმივად დარაჯობს. 

 

TSpress-მა ვერ მოახერხა გაერკვია, იმ მომენტისთვის თავად მაჟორიტარი თუ იმყოფებოდა სახლში, რადგან ეკა ბესელია გამოცემას ბოიკოტს უცხადებს და მის სატელეფონო ზარებს უკვე კარგა ხანია აღარ პასუხობს.

 

სახლის მოპირდაპირედ არსებული მაღაზიის გამყიდველის მტკიცებით, პოლიცია აღნიშნულ ადგილას უკვე სამი თვეა პოლიცია დგას და მას პირადად იცავს, რის მიზეზადაც თვენახევრის წინ გრიგოლეთში მომხდარ მკვლელობას ასახელებს, რა დროსაც ქმარმა ცოლი  მოკლა. მისი თქმით, ფაქტის გახმაურების გამო, მამაკაცი მასაც დაემუქრა და პოლიცია მას სწორედ მისგან იცავს.

 

TSpress-ი დაინტერესდა თუ რომელ რეგიონს ეკუთვნოდა პოლიციის "პიკაპი" და ფოთის პოლიციის უფროსს ზურაბ ალანიას დაუკავშირდა, რომელიც ეკა ბესელიას პროტეჟე და ნათესავია. მანქანის ნომრის (076) ხსენებისთანავე ალანიამ განაცხადა, რომ "პიკაპი" აღნიშნული სანომრე ნიშნით ფოთის პოლიციას არ ეკუთვნოდა. მისივე თქმით, პოლიციის სამმართველოსა და პატრულის ყველა მანქანის ნომერი ზეპირად ახსოვს.

 

შსს გურიის სამხარეო სამმართველოს უფროსი გოჩა ფერსაშვილი ნომრის მოხედვით ვერ იხსენებს, თუ რომელ რეგიონს ეკუთვნის აღნიშნული ავტოამანქანა და ვარაუდობს, რომ „პოლიციას რამდენიმე საათით იქ დგომის მიზეზი ქონდა“, თუმცა საფუძველს ვერ აკონკრეტებს, 3 თვის განმავლობაში პატრულირების ფაქტს კი უარყოფს.

 

ის ასევე არ საუბრობს, უკავშირდება თუ არა პოლიციის პატრულირება აგარაკზე ეკა ბესელიას ან მისი ოჯახის წევრების ყოფნას.

 

-„არ ვიცი არაფერი. მიზეზი ქონდა, აბა, ისე ხომ არ დადგებოდა? ახლა საფუძველი რა იყო ამას მე ვერ გეტყვით, პრესსამსახურს მიმართეთ“- განაცხადა ფერსაშვილმა TSpress - თან საუბარში და დასძინა, რომ "ისედაც ბევრი გითხარით".

 

TSpress-ი შს სამინისტროს გენინსპექციაშიც შეეცადა ავტომანქანის შესახებ ინფრომაციის მოძიებას, თუმცა უშედეგოდ, მათაც პრესსამსახურში გადაგვამისამართეს.

 

შსს პრესსამსახურის უფროსთან, ნინო გიორგობიანთან დაკავშირებას TSpress-ი მთელი დღეა ცდილობს, თუმცა, ის გამოცემის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის, კახა კოჟორიძის განცხადებით, პოლიციას კონკრეტულ ადგილზე პატრულირების საფუძველი უნდა ქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა.

 

შეგახსენებთ, რომ ფოთის პროკურორად ალექსანდრე გოგუაძე 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაინიშნა. მანამდე ის ეკა ბესელიას შტაბის აქტიური წევრი და მხარდამჭერი იყო.

 

 

 

 

ბესელია - ფოთის პოლიციის უფროსს რეკომენდაცია მე გავუწიე, ის ჩემი ნათესავია [Video]

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED