პოლიცია ძებნილის მამას სხვისი დაკავებისა ან ლიკვიდაციის სანაცვლოდ გარიგებას თავაზობს

2013.08.26 ავტორი: TS

პოლიციის მიერ ძებნილად გამოცხადებულ ზურაბ გარუჩავას მამის განცხადებით, ფოთის პოლიციის გამომძიებელმა, ემზარ კალანდიამ შვილისთვის ძებნილის სტატუსის მოხსნის სანაცვლოდ, გარიგება შეთავაზა. მისი თქმით, გამომძიებელი მას ყოფილი მსჯავრდებულის, მამუკა ლაშქარავას დაკავებასა ან ლიკვიდაციის მოწყობაში დახმარებას თხოვს. აღნიშნულს უარყოფს თავად კალანდია. 

გია გარუჩავა

გია გარუჩავა

გია გარუჩავამ შვილისთვის უკანონოდ წაყენებული ბრალისა და გამოტანილი განაჩენის საკითხზე პოლიციელების წინააღმდეგ, მათ შორის, ფოთის ცენტრის უბნის პოლიციის განყოფილების ყოფილი უფროსის, ამაჟამად, გამომძიებელ ემზარ კალანდიას წინააღმდეგ აგვისტოს დასაწყისში, ფოთის პროკურატურაში განცხადება შეიტანა. განცხადების შეტანიდან 10 დღეში მას გამომძიებელი ემზარ კლანდია შეხვდა და გარიგება შესთავაზა.

 

„მკითხა, მამუკა ლაშქარავას ხომ იცნობო, დავუდასტურე, რომ ის ჩემი მეგობარია. შენი შვილის გამო თუ გაწირავო? რა უნდა გავაკეთო-მეთქი? მოგცემთ ავტომატს და შენთან სტუმრად მოსულ ლაშქარავას შეთავაზე საჩუქრადო. ის უარს არ იტყვის, როცა წაიღებს, დაგვირეკე, შენი სახლის მოშორებით გზაზე დავხვდებით. პოლიციის მოთხოვნას ეგ არ დაემორჩილება და მანქანას არ გაგვიჩერებს, სროლას დავიწყებთ, ვიტყვით, წინააღმდეგობა გაგვიწია და ავტომატს ისროდა, ჩვენ კი თავდაცვის მიზნით ვისროლეთ და ამ დროს იმსხვერპლა ტყვიამო,“- აცხადებს გარუჩავა.

 

მისი თქმით, სანაცვლოდ კალანდია მას მის შვილზე ძებნილის სტატუსის მოხსნას და ქვეყანაში დაბრუნებას დაპირდა, რასაც ის არ დათანხმდა.

 

გამომძიებელი, ემზარ კალანდია აღნიშნულს უარყოფს. მისი თქმით, ერთთვიანი შვებულებიდან ქალაქში დღეს დაბრუნდა.

 

გარუჩავას განცხადებით, პროკურატურაში განცხადების შეტანამდე მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილსა და  ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას წერილობით არაერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

 

როგორც გარუჩავა ყვება, განყოფილების უფროსობის დროს კალანდია მის შვილს მუდმივად დევნიდა და ქვეყნის დატოვებას თხოვდა იმის გამო, რომ ის ქურდობისთვის ერთხელ ნასამართლევი იყო. მამის თქმით, 2010 წელს, პოლიციის მოთხოვნის თანახმად, მისმა შვილმა ქვეყანა მართლაც დატოვა.

 

-„წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ქონდა, რაღაცას „გააჩალიჩებდნენ.“ მოსვენებას არ აძლევდნენ, ყოველ ფეხის ნაბიჯზე უმიზეზოდ აჩერებდნენ და ჩხრეკდნენ. ერთ დღესაც სახლის წინ გააჩერეს და გაჩხრიკეს, რაღაცის ჩაგდება უნდოდათ, მაგრამ მეზობლების წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ ვერ მოახერხეს და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზეზით, 6 დღე ჩასვეს. გათავისუფლების შემდეგ უკრაინაში გავუშვით“ - აცხადებს Tspress -თან საუბარში გარუჩავა.

 

მისი თქმით,  მისმა შვილმა საზღვარი არალეგალური გზით გადალახა, რის გამოც ქვეყნის დატოვებაზე პოლიცია საქმის კურსში არ ჩაუყენებია. პოლიციამ კი მის წინააღმდეგ გამოძიება  ფოთში წმ. გიორგის ქუჩაზე სახლის ქურდობის ბრალდებით რამდენიმე თვის მერე დაიწყო, სასამართლომ მხოლოდ 2 პოლიციელი მოწმის საფუძველზე დამნაშავედ ზურაბ გარუჩავა დაასახელა,  6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ძებნილად გამოაცხადა.

 

„დანაშაულის ჩადენის დროს ჩემ შვილს ქვეყანა რამდენიმე თვის დატოვებული ქონდა, მაგრამ ეს არ იცოდნენ როგორც ჩანს, სახლში შემოგვივარდნენ, ძებნა დაიწყეს,“- აღნიშნავს გარუჩავა.

 

შეგახსენებთ, რომ ყოფილი მსჯავრდებულის, მამუკა ლაშქარავას განცხადებით, გათავისუფლებიდან რამდენიმე დღეში, მას ქვეყნის დატოვება პოლიციელებმა მოთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ლიკვიდაციით დაემუქრნენ.

 

TSpress - თან საუბრისას ლაშქარავამ კონკრეტული პოლიციელების ვინაობა დაასახელა, რომლის შემდგომ, მისი თქმით, პოლიცია მას მუდმივად უთვალთვალებს. ლაშქარავს განცხადებით, პოლიცია მის წინააღმდეგ ცრუ სამხილებს ეძებს.

 

ლაშქარავას გაკეთებულ განცხადებებზე დაიწყო თუ არა პოლიციამ მოკვლევა და დაიკითხა თუ არა მოწმის სახით თავად ლაშქარავა ან მის მიერ დასახელებული პოლიციელები, შსს ფოთის სამმართველოს უფროსი, ზურაბ ალანია კომენტარს არ აკეთებს.

 

 

ამავე თემაზე:


ყოფილი პატიმარი პოლიციის უფროსსა და პროკურორს შანტაჟსა და ლიკვიდაციით მუქარაში ამხელს [Video]


თვალთვალი და მუქარა სამართალდამცავთა მხილების გამო [Video]


მოკლულის დედის გამოხმაურება მამუკა ლაშქარავას განცხადებაზე [Video]


სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED