ბესელიას მხარდაჭერილი ფონდის მიერ დაფინანსებული გაზეთი და დაბლოკილი ინფორმაცია

2013.08.23 ავტორი: სოფო ჯალაღანია

მაჟორიტარ ეკა ბესელიას ინიციტივით ჩამოყალიბებულმა "ფოთის აღორძინების საქველმოქმედი ფონდმა", შემწირველების შესახებ ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადა. ფონდს ამ ეტაპზე ორი აქტივობა აქვს: გაზეთის "ნიკოლაძის გზით"დაფინანასება და სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის გეგმის წარდგენა.

ფონდის დირექტორმა, ილია ქვარცხავამ პროექტის წარმოდგენის შემდეგ განაცხადა, რომ სანაპირო ზოლის კეთილმოწყობისათვის ფონდმა შემოწირულობის სახით  350 ათასი ლარი ბიზნესმენებისგან უკვე მიიღო, რაც მოგვიანებით უარყო და განმარტა, რომ ჯერ თანხა არ ჩაურიცხავთ, მხოლოდ დაპირებაა.

 

ქვარცხავამ 6 აგვისტოს TSpreess-ის მიერ გაგზავნილ წერილს ფონდის საქმიანობისა და მისი შემომწირველების ვინაობის შესახებ, დღეს უარით უპასუხა და ინფორმაციის დამალვის მიზეზად, შემომწირველების სურვილი დაასახელა.

 

"მათ არ სურთ ვინაობის გამხელა და მე არ ვარ ვალდებული გიპასუხოთ ვინ არიან შემომწირველები"- აცხადებს ქვარცხავა და დასძენს, რომ ისინი „ფოთელი თბილისელი“ ბიჭები არიან, რომელთა სურვილი ფონდის დახმარებაა.

 

ქვარცხავამ Tspress - ი შემომწირველებზე ინფორმაციის მისაღებად ფონდის ფინანსურ მენეჯერთან ლევან ჯღარკავასთან გადაამისამართა. ჯღარკავა ნავსადგურის რამდენიმე მოიჯარე კომპანიის დირექტორი ან დამფუძნებელია.

 

ქვარცხავას განცხადებით, ფოთის მაჟორიტარი ფონდს მხოლოდ მხარს უჭერს.

 

ეკა ბესელიას მხარდაჭერილი ფონდის კიდევ ერთი აქტივობა ფოთში, გაზეთის- „ნიკოლაძის გზით“ დაფინანსებაა. გაზეთმა რამდენიმე დღის წინ პრეზენტაცია გამართა, რომელსაც თავად ბესელიაც ესწრებოდა. ბესელიამ გაზეთის დაფინანსებას "ტრადიციების შენარჩუნება" უწოდა და ქალაქში არსებული "სხვა მედია" ტყუილების გავრცელებაში დაადანაშაულა. 

 

აღნიშნული გაზეთი ადრე"ფოთის უწყებანის"სახელით გამოდიოდა და ის ძირითადად საბიუჯეტო დაფინანსებაზე იყო. სოლიდური სახელმწიფო დავალიანების გამო, მოგვიანებით აღნიშნული გაზეთის გამოცემა შეჩერდა და მოგვიანებით მისი რებრენდინგი მოხდა და მის ბაზაზე "ნიკოლაძის გზით" დაფუძნდა.

 

გაზეთის რედაქცია ფონდის ოფისში განთავსდა. ფონდის დირექტორმა TSpress - ის ინფორმაციით, რედაქციას 30 ათასი ლარი უკვე ჩაერიცხა. აღნიშნულზე გაზეთის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ვანო ნარმანიამ არ უპასუხა და ჟურნალისტს "უსაქმური" უწოდა.  

 

„არ ჩამირიცხავს არაფერი ჯერ, მაგრამ რედაქციის პრეზენტაციისთვის ფული ფონდმა გაიღო.  რედაქცია და ფონდი ერთ ოფისშიც  იმიტომ არის, რომ გაზეთს ქონოდა ადგილი“- აღნიშნა ქვარცხავამ. 

 

მისი თქმით, თანხების ჩარიცხვა მასზე არაა დამოკიდებული, რადგან არ იცის შემომწირველები რამდენს გაიღებენ.

 

ფოთის აღორძინების საქველმოქმედო ფონდი აპრილის დასაწყისში დაფუძნდა და მაისში პრეზენტაცია გამართა, რომელსაც ეკა ბესელიასთან ერთად მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED