თვალთვალი და მუქარა სამართალდამცავთა მხილების გამო [Video]

2013.08.17 ავტორი: იზა სალაყაია

ყოფილი მსჯავრდებულის მამუკა ლაშქარავას განცხადებით, TSpress - ის მიერ 3 დღის წინ გამოქვეყნებული მასალის შემდეგ, მას პოლიცია უთვალთვალებს, რასაც ის ფსიქოლოგიურ ზეწოლად მიიჩნევს. ასევე მისი თქმით, სამხარეო პოლიციის თანამშრომელი ანგარიშწორებით ემუქრება და მასთან კონტაქტში მყოფ პირებს მის წინაღმდეგ საჩივრის შეტანას აიძულებენ. შს სამინისტრო კი ბრალდებებს უარყოფს.

 

პოლიციელის „გამოგზავნილი“ მუქარა

 

TSpress-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში - „ყოფილი პატიმარი პოლიციის უფროსსა და პროკურორს შანტაჟსა და ლიკვიდაციით მუქარაში ამხელს [Video]“  - მამუკა ლაშქარავა ძალოვანი უწყების კონკრეტულ პირებს ასახელებს, რომლებიც ქვეყნის დატოვებას აიძულებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მას ლიკვიდაციით ემუქრებიან. სტატიაში ის ასევე პროკურატურისა და პოლიციის მაღალჩინოსნებს შანტაჟსა და ჩვენების იძულებით ჩამორთმევაში ამხელს.

 

მასალის გამოქვეყნების შემდეგ, TSpress -ს ასევე ყოფილი მსჯავრდებული ტიტე ჩაჩიბაია დაუკავშირდა და სამხარეო პოლიციის თანამშრომლის, ლევან უნგიაძის შემონათვალის შესახებ უამბო.

 

„პოლიციელი ლევან უნგიაძე ჩემი ბავშვობის მეგობარია, მისი სახელით მეგობარმა მითხრა, რომ ლაშქარავს ამ ინტერვიუს არ აპატიებენ და ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს,“- აცხადებს TSpress - თან საუბარში ჩაჩიბაია, თუმცა მეგობრის ვინაობას არ ასახელებს.

 

ჩაჩიბაიამ ყაჩაღობისა და სხვადასხვა ბრალდებით 18-წლიანი პატიმრობა მოიხადა და 2010 წელს გათავისუფლდა.

 

მისი განცხადებით, ის ფოთის მაჟრიტართან ახლობლობს. ის რამდენიმე ხნის წინ მომხდარი "რაღაც ჩხუბის გამო“, პოლიციასთან შექმნილ პრობლემას და ფოთის მაჟორიტარ ეკა ბესელიას ჩარევის შემდეგ მოგვარებას, არ უარყოფს.

 

„ ეკა ბესელია ახლა კი არ გამიცვნია, წლების წინ ის ჩემი დამცველი იყო,“- აღნიშნავს ის.

 

ჩაჩიბაიას ოჯახი, ამჟამად„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, მისი შვილი, ანი ჩაჩიბაია კი ეკა ბესელიას ბიუროს წევრი და "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერია.

 


პოლიციელების თვალთვალი ლაშქარავას სახლის წინ

 

პოლიციელების თვალთვალზე ლაშქარავას განცხადება Tspress - მა გადაამოწმა.

 

მისი სახლიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით, ქუჩის გადასახვევთან ნაგვის ურნასთან, "მერსედესის" ფირმის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით RYR 830 იდგა, რომელსაც პერიოდულად, პოლიციის "პიკაპი" ენაცვლებოდა.

 

პოლიციელმა თავი დავით ჭეიშვილად წარმოადგინა და განმარტა, რომ ის სამსახურებრივ მოვალოებას ასრულებდა და განმარტა, რომ „სადაც გაუხარდება იქ დადგება.“

 

მეზობლების თქმით, ბოლო 3-4 დღეა, რაც აღნიშნულ ადგილას პოლიცია მუდმივად დგას. ისინი აღნიშნულს ლაშქრავას უკავშირებენ და მის შესაძლო დაპატიმრებაზე საუბრობენ.

 

„გვეკითხებიან, დავინახეთ თუ არა, როდის გავიდა სახლიდან,  სად და რა მიმართულებით წავიდა და მსგავსებს“- ამბობს ლაშქრავას მეზობელი გიორგი ტუღუში.

 


პოლიცია ლაშქარავას საწინააღმდეგო ჩვენების მისაღებად მანქანის ხელოსანთან მიდის

 

ფოთში, ნაბადის უბანში, არსებული სახელოსნოს მფლობელის, ზაზა გერგედავას თქმით, ლაშქარავამ მას შესაკეთებლად ავტომანქანა გუშინ მიუყვანა. დაახლოებით, ნახევარ საათში კი, სახელოსნოში ორი პოლიციელი მივიდა, რომელთა ვინაობა არ იცის, მაგრამ სახეზე იცნობს. გერგედავა ეჭვობს, რომ ისინი რაღაცის ჩადებას აპირებდნენ, რადგან ისინი პირდაპირ მანქანაში ჩასხდნენ. თუმცა, მისი წინააღმდეგობის შემდეგ, პოლიციელები მანქანიდან გადავიდნენ.

 

მისი თქმით, პოლიციელები ასევე დაინტერესდნენ, ლაშქრავა მანქანას იძულებით, თანხის გარეშე ხომ არ აკეთებინებდა.

 

მეორე ხელოსნის, მალხაზ გვრიტიშვილის თქმით, ლაშქარავა 6 თვის წინ ციხეში გაიცნო.  რამდენიმე თვის წინ, ლაშქარავას გათავისუფლების შემდეგ, პოლიცია აიძულებდა მის წინააღმდეგ პოლიციაში განცხადება შეეტანა, თითქოს ლაშქარავა სახელოსნოდან წილის მიღებას თხოვდა, რასაც არ დათანხმდა.

 

მისი განცხადებით, თანამშრომლობაზე უარის გამო პოლიციამ პრობლემები რომ არ შეუქმნას, სამსახურშიც იშვიათად დადის.

 


შსს -ს განმარტება

 

Tspress - ის მიერ გამოქვეყნებული სტატიისა და ლაშქარავას განცხადებების შემდგომ დაიწყო თუ არა პოლიციამ გამოძიება, უცნობია. ფოთის პოლიციის უფროსმა, ზურაბ ალანიამ TSpress-თან სატელეფონო საუბრისას, ლაშქარავას საქმეზე კომენტარის გაკეთებაზე, კატეგორიული უარი განაცხადა.

 

შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ეკა ბრეკაშვილმა კი აღნიშნული ფაქტები "სამინისტროში გადამოწმების" შემდეგ უარყო.

 

„არცერთ შემთხვევას ადგილი არ ქონია. ლაშქარავას სახლის წინ პოლიციელების მორიგეობა და თვალთვალი არ მიმდინარეობს. შეგიძლიათ, ასე დაწეროთ,“- განაცხადა Tspress - თან საუბარში მან.

 

 

 

 

ამავე თემაზე:

 

ყოფილი პატიმარი პოლიციის უფროსსა და პროკურორს შანტაჟსა და ლიკვიდაციით მუქარაში ამხელს [Video]

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED