2008 წლის ომის დღეები ფოთში [Photo]

2013.08.08 ავტორი: იზა სალაყაია

5 წელი გავიდა რუსული ინტერვენციისგან, რომელიც სამეგრელოს რეგიონში 2008 წელს 8 აგვისტოს, 24 სთ-ზე დაიწყო. თითქმის ერთდროულად რამდენიმე წუთის ინტერვალით დაიბომბა ფოთის პორტი და სენაკის სამხედრო ბაზა. ორივეგან შეტევა რუსულმა სამხედრო ძალამ საჰაერო სივრციდან განახორციელა. ჩამოგდებულმა ჭურვებმა ფოთში ათი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სენაკის სამხედრო ბაზაზე კი დაიღუპა 14 რეზერვისტი.

 

   ფოთის პორტის დაბომბვა

 

2008 წლის 7 აგვისტოს ღამით, რუსებმა იერიში ფოთის პორტზე მიიტანეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსების მხრიდან იყო ვარაუდი იარაღით დატვირტული გემის შემოსვლასტან დაკავშირებით. ზოგი საუბრობდა, რომ იარაღით დატვირთული გემი ჩაძირეს და პორტში უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებდენენ.

 

ინფორმაციას იარაღით დატვირთული გემის შესახებ ქართველმა მაღალჩინოსნებმა „რუსების ილუზია“ უწოდეს.

 

თუ არსებობდა წინასწარ ინფორმაცია პორტის შესაძლო დაბომბვის შესახებ, რატომ არ გააფრთხილეს თანამშრომლები და მოსახლეობა? იყო თუ არა ყოველივე ხელისუფლების მხრიდან სიტუაციის არასათანადო შეფასება და შეიძლებოდა თუ არა მსხვერპლის თავიდან აცილება? ეს კითხვები ომიდან 5 წლის თავზე ისევ ისმის.

 

მოსალოდნელ საფრთხეებზე წინასწარ რაიმე სახის ინფორმაციის არსებობას  იმდროინელი ხელისუფლება უარყოფდა.

 

სამეგრელო–ზემო სვანეთის იმჟამინდელმა გუბერნატორის ზაზა გოროზიას მტკიცებით, ცისტერნები საწვავით სავსე იყო, ხოლო ფოთის იმჟამინდელი მერის, ვახტანგ ლემონჯავას განცხადებით კი, ოთხიდან სამი დაცლილი იყო. მეოთხის დაცლა ტექნიკურად შეუძლებელი იყო, რადგან ეს ნავთობის ტანკერში უნდა გადაქაჩულიყო, რომელიც პორტში ომის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ შემოვიდა.

 

-"ამიტომ ჩვენ პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას საცხოვრებლის დაცლისკენ მოვუწოდეთ, რომ პორტის ხელმეორედ დაბომბვის შემთხვევისას, მისი აფეთქებით სერიოზული ზიანი არ მიდგომოდა,“ – აცხადებდა ლემონჯავა, თუმცა მსგავსი მოწოდება მედიაში იმ დღეებში არ გაჟღერებულა.

 

საკონტეინერო ტერმინალის დისპეჩერის, თემურ ჭანტურიას თქმით, ჯერ კიდევ დაბომბვამდე გააფრთხილა უფროსმა, რომ „არ იყო გამორიცხული დივერსიული აქტი“, თუმცა იქ მყოფთათვის ოფიციალურად ამის შესახებ არავის უთქვამს და ევაკუაცია არ გამოცხადებულა.

 

„ჩვეულებრივ ღამის ცვლას ვიბარებდი, როცა აფეთქების ხმა გავიგონე. დაბომბვას ვინ იფიქრებდა? რა მოგვეფიქრებინა, ვერ ვხვდებოდით. ბედად სამი ცისტერნა ცარიელი იყო არვიცი რუსებს მართლა ქონდათ თუ არა ინფორმაცია, რომ ფოთში იარაღით დატვირთული გემი იცლებოდა, მაგრამ ბევრი რამ დაზუსტებით იცოდნენ. ტერმინალზე, სადაც ამერიკული „ჰამერის“ ტიპის ჯიპები ინახებოდა, რომელიც პორტის დაბომბვის შემდეგ კონტეინერებით დავმალეთ, რუსები შემოიჭრნენ და პირდაპირ იმ ადგილას მივიდნენ და წაიყვანეს,“ – იხსენებს ჭანტურია.

 

ფოთის პორტის დაბომბვისას გარდაცვლილი გელა ჯიქიას მეუღლე და მამა იხსენებენ, რომ მოსალოდნელი დაბომბვის შესახებ პორტის ადმინისტრაცია ინფორმირებული იყო.

 

„ტყვია- წამლით სავსე კონტეინრეს აფორმებდა იმ საღამოს ფოთის პორტში. ამბობენ მოსალოდნელი დაბომბვის შესახებ პორტი ინფორმირებული იყოო. მანქანებით არავინ შეუშვიათ" - იხსენებს გარდაცვლილის მეუღლე.

 

დაღუპილის მამა, ალბერტ ჯიქია კი ყვება, რომ პორტის ხელმძღვანელობამ სამსახურები დაბომბვამდე დატოვეს.

 

-„იმ ღამეს პორტში, რომ მივვარდი, უფროსობათგან არავინ დამხვდა, ყველა დაბომბვამდე გაქცეულა. ვინმე, რომ მენახა არ ვიცი რას მოვიმოქმედებდი"- იხსენებს გარდაცვლილის მამა.



             ფოთის პორტის დაბომბვის დროს დაღუპული და დაშავებულები

 

დაბომბვის დროს, ნავსადგურში ტერმინალის ოცდახუთი თანამშრომელი, სამხედრო პორტსა და სხვა რაიონებში კი ათობით მუშა იმყოფებოდა. დაბომბვისას დაიღუპნენ: ზვიად ჩიჩუა, გია ღვინჯილია, ზვიად დათუაშვილი, ზვიად ბარბაქაძე, თეიმურაზ ჩიტაძე, თემურ ფიჩხაია, გოჩა კაცაძე, ლევან ტურავა, გელა ჯიქია და ზურაბ ნანავა.

 

პორტში ელექტროენერგიის გათიშვის გამო, მედპერსონალი დაჭრილებს ფანრებით დაეძებდნენ. მსუბუქად დაშავებულები, საკუთარ თავს თავად შველოდნენ. უფრო მძიმედ დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

საკონტეინერო ტერმინალის თანამშრომელ მარიკა გიგიბერიას განცხადებით, სრული პანიკა იყო.

 

“ახალი გასული იყო გემი, როცა ძლიერი აფეთქების ხმა შემოგვესმა. გაითიშა ელექტროენერგია, გათიშული იყო სატელეფონო კავშირი. ნამსხვრევებსა და ნანგრევებში თანამშრომელები ძირს ეყარნენ. შეუძლებელი იყო მათი ამოცნობა. ექიმებს გაჰყავდათ დაჭრილები… იყო დაცვის პოლიცია და ნავსადგურის სამაშველო სამსახური. ხელისუფლების წარმომადგენლები და სამართალდამცავები არ მინახავს. ხოხვით გამოვაღწიე ტერმინალიდან, იქედან სირბილით შუაღამისას სახლში ძლივს მივაღწიე.“



             უპასუხისმგებლო ხელისუფლება  და პოლიტიკაში ჩართული ეკლესია

 

ოფიციალური ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა დაბომბვა კასეტურბომბიანი ბალისტიკური რაკეტების უახლოესი მოდელით განახორციელეს. ფოთის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ქალაქის დატოვება იმავე ღამით, ზოგმა კი მეორე დღეს დაიწყო. დაბომბვის მეორე დღეს, ბანკომატებთან და ბენზინგასამართ სადგურებთან ცოცხალი რიგები იდგა.

 

მოსახლეობის ნაწილი სენაკის სამხედრო ბაზაზე საკუთარი ოჯახის წევრს ეძებდა. ფოთის ნავსადგურის დაბომბვამდე რამდენიმე წუთით ადრე, სენაკის ბაზა დაიბომბა.

 

ინფორმაციული ვაკუუმი მოსახლეობაში არსებულ პანიკას კიდევ უფრო აძლიერებდა. მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლების სატელევიზიო მიმართვას ამაოდ ელოდა.

 

ფოთის პორტის დაბომბვიდან მეორე დღეს, ნავსადგურის დირექტორმა, ალან მილდტონმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ  კომერციულ სტრუქტურაზე თავდასხმისა და მიყენებული ზიანის გამო, რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივლებდა. მოგვიანებით, პორტის სარჩელი საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელში გაერთიანდა.

 

პორტმა მუშაობა დაბომბვიდან მესამე დღეს აღადგინა, თუმცა, თავდაპირველი დატვირთვით ვერ მუშაობდა. უსაფრთხოების კუთხით, გემები ფოთის პორტში შემოსვლას თავს არიდებდნენ.

 

ფუნქციონირება დაიწყო სხვა სამსახურებმაც, თუმცა, მოსახლეობის ნაწილი ქალაქის დატოვებას განაგრძნობდა, რადგან ფოთში, რუსეთის ჯარის შემოსვლის შესახებ არაოფიაციალური ინფორმაცია ვრცელდებოდა.

 

11 აგვისტოს 21სთ–ზე, რუსეთის ჯარი, ქალაქში მძიმე ტექნიკით მართლაც შემოვიდა და თავდაპირველად სამოქალაქო ხიდებზე განლაგდა, რომელიც გვიან ღამითვე დატოვა და ზუგდიდის მიმართულებით გაემართა.

 

12 აგვისტოს ოკუპანტები, ფოთში, თვითნებურად გაკეთებულ  ბლოკპოსტზე განთავსდენენ და ქალაქში თვეზე მეტხანს იმყოფებოდნენ. ამ ხნის განმავლობაში, ჯავშანმანქანებით, „ბეემპებით“, „ურალის“ ტიპის ავტომანქანებითა და  სხვა სახის სამხედრო ტექნიკით აღჭურვილები თავისუფლად მოძრაობდენენ ქალაქში. პარალელურად აკონტროლებდენენ საჰაერო და საზღვაო სივრცეს.

 

ყოველდღე შედიოდნე სამხედრო პორტსა და ბაზაზე, სანაპირო დაცვასა და საზღვაო ძალებში, სადაც ანადგურებდენენ ინფრასტრუქტურას, გაჰქონდათ ნაძარცვი. სამხედრო ობიექტებისაგნ განსხვავებით,  მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმისა და მოროდიორობის შემთხვევები არ ყოფილა.

 

აგვისტოს შუა რიცხვებში, მიუხედავად იმისა, რომ რუსი სამხედროები ქალაქში რჩებოდნენ, ქალაქიდან გასულმა მოსახლეობამ დაიწყო დაბრუნება.

 

მოგვიანებით კი, მოსახლეობის ნაწილმა რუსული სამხედრო აგრესიის გაპროტესტება ხელისუფლების მიერ ორგანიზებული აქციებითა და ცოცხალი ჯაჭვით დაიწყეს. საზღვაო აკვატორიაში შემოსულ ამერიკულ ხომალდებს, ხელისუფლების ორგანიზებით, საზეიმო ვითრებაში ხვდებოდნენ. ოფიციალური ცნობით, სამხედრო ფრეგატებს ხან წყალი და საკვები და სხვა ჰუმანიტარული ტვირთი შემოქონდათ.

 

საპატრიარქომ კი, ყველა მოქმედ ტაძარში წირვა-ლოცვის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. სასულიერო პირები პოზიციას ქადაგებისას ამჟღავნებდნენ.  რუს გენერლებთან ტყვედ აყვანილი 14 ქართველის გათავისუფლების მოლაპარაკების პროცესში მეუფეები აქტიურად იყვენენ ჩართული.

 

ფოთისა და ხობის ეპისკოპოსმა, მეუფე გრიგილმა ერთ-ერთ ქადაგებისას „ლაჩრები და მოღალატეები“ უწოდა იმათ, ვინც დაბომბვისას ფოთი დატოვა.

 

„ჩემი აღშფოთება გამოიწვია, როცა ქალაქი დაცარიელდა და ჩააბარეს რუსებს ხელში. როცა შევიტყვე, რომ ქართველები რუს ჯალათებს ღვინოს ასმევდნენ და სადილზე ეპატიჟებოდნენ, ამგვარი ქმედება სულის ღალატია,“- განაცხადა მან ქადაგებისას.

 

ფოთის შემოსასვლეში აღმართული რუსული დროშა ოკუპანტებმა თვენახევრის შემდეგ დაუშვეს და ფოთის ტერიტორია ალაფით დატოვეს, რის შემდეგაც, სიტუაციის შესასწავლად, ფოთში, ევრკავშირის სადამკვირვებლო მისია შემოვიდა.

 

 

 

გამოყენებულია გაზეთ "თავისუფალი სიტყვის" 2009-2010 წწ მასალები.

ფოტოები აღებულია ფოთის მერიის ვებგვერდიდან. 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED