ჟურნალისტზე თავდამსხმელები "ქართულმა ოცნებამ" დააწინაურა

2013.08.01 ავტორი: TS

ფოთის მერის, დავით სარსანიას თანაშემწედ საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, "ქართული ოცნების" აქტივისტი შორენა მირცხულავა დაინიშნა, რომელიც ფოთის პოლიციამ, Tspress - ის ჟურნალისტ იზა სალაყაიაზე, გასული წლის ივლისში მიყენებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისა და პირადი მიმოწერის გასაჯაროვების ფაქტზე დამნაშავედ ცნო, თუმცა საქმეს შემდეგი მსვლელობა არ მისცემია. 

აღნიშნულ საქმეში მონაწილე მეორე პირი - მაია მაკალათია კი, მაჟორიტარ ეკა ბესელიას ბიუროში მთავარ სპეციალისტად დასაქმდა.

 

მერის თანაშემწედ  მირცხულავას დანიშვნა TSpress - ს ფოთის მერმა, დავით სარსანიამ დაუდასტურა, თუმცა, შერჩევის კრიტერიუმი არ განუმარტავს.

 

შორენა მირცხულავა Tspress - ის ჟურნალისტ იზა სალაყაიას წინასაარჩევნოდ მის მიერ გამოქვეყნებული სტატიის - ქართული ოცნების“ ფოთის ოფისისთვის ბესელიას კანდიდატურა მიუღებელია“ - გამო გაუსწორდა.

 

გასული წლის 20 ივლისს, TSpress–ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარი იყო ბესელიას მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენის მერე კოალიციის ადგილობრივი ორგანიზაციაში გამოწვეულ უკმაყოფილებაზე. სტატიაში "ქართული ოცნების" წევრების მიერ ბესელიას კანდიდატად დასახელებაზე სხადასხვა დროს გაკეთებული განცხადებები იყო მოყვანილი.

 

მასალის გამოქვეყნების შემდეგ, "ქართული ოცნების" აქტივისტმა შორენა მირცხულავამ Tspress - ის ჟურნალისტისა და კოალიციის ერთ-ერთი წევრის, ზვიად შუბითიძის (ამჟამად, ბესელიას გუნდისა და „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრი) სოციალურ ქსელ facebook–ის პირადი პერსონალური მიმოწერა (chat) გამოაქვეყნა და გამოთქვა პრეტენზია, რომ აღნიშნული მიმოწერა ჟურნალისტმა კომენტარად არ გამოიყენა.

 

დავით სარსანია და შორენა მირცხულავა

პირადი მიმოწერის მოპოვების წყარო მირცხულავას გამოცემისთვის არ განუმარტავს, რის შემდეგაც, გასული წლის 27 ივლისს, ჟურნალისტის პირადი მიმოწერა–შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, რაც საქართველოს სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს, TSpress-მა ფოთის რაიონულ პროკურატურას მიმართა.

 

მიმართვიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მირცხულავა ჟურნალისტს ქუჩაში, გვიან ღამით, ბესელიას ბიუროს ამჟამინდელი თანამშრომლის, მაია მაკალათიას ძმის მანქანით (სანომრე ნიშანი CBC-727) დახვდა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა (სახეში დაარტყა და სახესა და ხელზე დაკბინა) მიაყენა. პროცესშითავად მაია მაკალათიაც  მონაწილეობდა. მან ჟურნალისტს, რომელიც პატრულში დარეკვას ცდილობდა, ხელები დაუკავა და ტელეფონი წაართვა.

 

"როცა მსგავს რამეებს წერ ყველაფრისთვის უნდა იყო მზად, არ დაგეწერა და არ მიიღებდი ამას!"– მიმართავდა მაკალათია ჟურნალისტს, ხოლო მისი ძმა, რომელიც საჭესთან იჯდა, მომხადრს თვალს შორიდან ადევნებდა. 

 

შემთხვევის ადგილზე გამოძახებულმა პატრულმა ფიზიკური ძალადობისას მიყენებული დაზიანება დააფიქსირა, რაც შემდეგ ექსპერტიზამაც დაადასტურა, რომელიც თანდართული ჰქონდა რედაქციის მიერ პოლიციაში შეტანილ საჩივარს. წინასაარჩევნო პერიოდში, პოლიციას რეგირება არ მოუხდენია საჩივარზე, მიმდინარე წლის აპრილში კი, პოლიციამ ჟურნალისტი დაზარალებულად ცნო. 

 

გამომძიებლის თქმით, საქმისთვის მსვლელობა პროკურატურას უნდა მიეცა. ფოთის პროკურორ ალექსანდრე გოგუაძის განმარტებით, მირცხულავაზე გამოძიება დაწყებული იყო სხეულის  მსუბუქი დაზიანებით (სისხლის სამართლის 120-ე მუხლი), რასაც ამნისტია შეეხო, ხოლო პოლიციის წინასწარ გამოძიების მიხედვით, მაია მაკალათიას ბრალეულობა არ იკვეთებოდა.

 

პროკურორის განცხადებით, პირადი მიმოწერის ფაქტზე გამოძიებამ დაადგინა, რომ ის მირცხულავას შუბითიძემ თავად გაუგზავნა, თუმცა აღნიშნულს შუბითიძე გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში უარყოფს. რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით იხელმძღვანელა და რის საფუძველზე მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება, პროკურორი არ განმარტავს.

 

 

ამავე თემაზე:

ჟურნალისტის პირადი მიმოწერის უნებართვოდ გასაჯაროების ფაქტზე tspress.ge-მ პროკურატურას მიმართა 

 

tspress.ge-ის ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო 

 

"ქართული ოცნების" ფოთის ოფისისთვის ბესელიას კანდიდატურა მიუღებელია 

 

ფოთის პოლიციამ TSpress – ის ჟურნალისტი დაზარალებულად ცნო

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED