"კოლხეთის" მწვრთნელობიდან გათავისუფლებული სოსო ფილია სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს

2013.07.23 ავტორი: იზა სალაყაია

ფოთის საფეხბურთო კლუბ "კოლხეთის" მთავარი მწვრთნელი, სოსო ფილია ზაზა ინიაშევმა შეცვალა. ფილიას განცხადებით, გადაწყვეტილება ქალაქის მერმა პირადი ინტერესების გათვალისწინებით მიიღო, რასაც სასამართლოში გაასაჩივრებს.

სოსო ფილია

სოსო ფილიას განცხადებით, მის გათავისუფლებაზე ბრძანება კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა, თემურ ბარქაიამ დაწერა, თუმცა ის მას ჯერ არ ჩაბარებია.

 

მისი თქმით, ფოთის მერმა, დავით სარსანიამ თანამდებობის დატოვება მას შემდეგ მოთხოვა, რაც გუნდის ძირითად შემადგენლობაში მისი შვილი, აპოლონ სარსანია არ ათამაშა.

 

-"როცა გუნდი შევკრიბე, მე ჩემს გუნდს ვკითხე - რა ვქნათ, ავიყვანოთ თუ არა მერის შვილი გუნდში? მოკლედ, იმას ვამბობდი, რადგან მერის შვილი იყო, მაინც ვიფიქრეთ, არ ეწყინოს და შანსი მივცეთო. ჩემი მოსაზრება იყო, აგვეყვანა, მისთვისაც მიგვეცა შანსი. დამეთანხმა ყველა, თუმცა ვაღიარებ, რომ შესაძლოა, შევცდი და მერის შვილზე მეტად სხვა იმსახურებდა მთავარ გუნდში მოხვედრას. მაგრამ შემდეგ ცუდი შედეგები აჩვენა და ფიზიკურად ძალიან სუსტია, არ არის მზად და მე რა შემიძლია?" - აღნიშნავს გაზეთ "ლელოსთან" საუბრისას ფილია.

 

მისი განცხადებით, თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით უახლეეს დღეებში სასამართლოსთვის  მიმართავს არ გამორიცხავს.

 

"ღირსების საკითხია, თორემ სკამზე დახარბებული არასდროს ვყოფილვარ. ამდენწლიანი მუშაობის მერე ასე, რომ გაგიშვებენ სირცხვილია"- აღნიშნავს TSpress - თან საუბრისას ფილია.

 

მისი თქმით, კლუბთან კონტრაქტი გაფორმებული არ ქონია და სიტყვიერი შეთანხმებით მუშაობდა.

 

"ახლა კი ამბობენ, რომ კონტრაქტი არსებობს და ხელი გაქვს მოწერილიო, მაგრამ მე ასეთი არაფერი მახსოვს. უახლოეს დღეებში გავეცნობი და ვნახავ ნამდვილად არის თუ არა ჩემი ხელმოწერა."- განაცხადა მან.

 

სოსო ფილიას თანამდებობის შენარჩუნებისთვის ფოთის მაჟორიტარის, ეკა ბესელიასა (ფილია ბესელიასთან ნათესაურ კავშირს ადასტურებს) და სპორტის მინისტრის, ლევან ყიფიანის მხარდაჭერის იმედი ქონდა, თუმცა ფოთში სტუმრობისას ყიფიანმა განმარტა, რომ "კოლხეთის“ მწვრთნელის საკითხი სპორტულმა საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს.

 

საფეხბურთო კლუბის მწვრთნელსა და მერს შორის არსებულ დაპირისპირებაზე ყიფიანმა ფოთში, "კოლხეთის" სტადიონზე გამართულ შეხვედრაზე საფეხბურთო კლუბის თანამშრომლებსა და სპორტის სფეროს სხვა წარმომადგენლებსაც ესაუბრა.

 

"საფეხბურთო კლუბი „კოლხეთი“ არ უნდა გახდეს პიროვნებებს შორის საჭიდაო ქვა. ვფიქრობ საღი აზრი გაიმარჯვებს და უფრო მეტი აქცენტი იქნება სპორტულ პრინციპებზე" - განაცხადა Tspress - თან საუბრისას ყიფიანმა, რომლის ვიზიტის შემდეგ მიიღო მერმა ფილიას გათავსიუფლების საბოლოო გადაწყვეტილება. მიზეზად კი გუნდის ცუდ შედეგებსა და უმაღლესი ლიგიდან გავარდნას ასახელებს.

 

საფეხბურთო კლუბი "კოლხეთი" ფოთის მერიის საკუთრებაა (შპს, 100% სახელმწიფო წილით). ქალაქის ხელმძღვანელობა ნიშნავს, კლუბის დირექტორს, ეს უკანსაკნელი კი მერთან შეთანხმებით არჩევს მწვრთნელს.

 

ფილიას "ფოთის კოლხეთის" მწვრთნელად 1990 - 2002 წწ მუშაობდა, შემდეგ კი სენაკის საფეხბურო გუნდს ხელმძღვანელობდა. 2010 წელს ადგილობრივი ხელსიუფლების გადაწყვეტილებით ის გუნდში ისევ მიიწვიეს.

მისი თქმით, ამ პერიოდში „ფოთის კოლხეთი“ უმაღლესი ლიგიდან გაგდების კანდიდატი იყო და გუნდის ლიგაში დარჩენის მხოლოდ თეორიული შესაძლებლობა არსებობდა. 18 თამაშიდან გუნდს მხოლოდ 3 ქულა ქოდა და არცერთი მოგება.

 

ფილიას განცხადებით, ის მომავლის გუნდის ჩამოყალიბებას გეგმავდა. 

 

"ფოთის კოლეხეთთან" მუშაობის გამოცდილება ახლადდანიშნულ მწვრთნელს, ზაზა ინიაშევსაც აქვს. წინა წლებში, მისი მწვრთნელობის პერიოდში გუნდი რეგიონულ და პირველ ლიგაში თამაშობდა.

 

 

ამავე თემაზე:

 

ლევან ყიფიანი - „ ფოთის კოლხეთის“ მწვრთნელის საკითხი სპორტულმა საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს [Video]

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED