ეკა ბესელიას ბიურო საქმიანობის შესახებ ინფორმაციას არ გასცემს

2013.07.22 ავტორი: იზა სალაყაია

ინტერნეტგამოცემა TSpress - მა ფოთის მაჟორიტარის, ეკა ბესელიას ბიუროს საქმიანობის შესახებ სპეციალური კითხვარით, ერთი თვის წინ,  17 ივნისს მიმართა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

ეკა ბესელია და ვალერი ტეტუნაშვილი

მაჟორიტარის ბიუროს ხელმძღვანელის, ვალერი ტეტუნაშვილის განცხადებით, კითხვარის შევსებას კანონი არ ავლდებულებს და ეს მისი კეთილი ნებაა.

 

კითხვარის შეუვსებლობის მიზეზად მოუცლელობას ასახელებს, თუმცა უკვე თვეზე მეტია გამოცემას პასუხის გაცემას ყოველდღიურად პირდება. 

 

"ეს არაა საჯარო ინფორმაციის გაცემა, ჩემი სურვილით შემიძლია ვიმოქმედო, შევავსო ან არ შევავსო. ძალიან ბევრი საქმე მაქვს. მარტო ეს კითხვარი ხომ არაა, მთელ დროს ამას ხომ ვერ დავუთმობ"- აღნიშნავს TSpress - თან საუბრისას ტეტუნაშვილი.

 

კითხვარი მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების საქმიანობის შესახებ კვლევის ფარგლებში მომზადდა, რომლის მიზანი  დეპუტატის  ბიუროს საქმიანობის, ფუნქციების, მოქალაქეებთან კომუნიკაციისა და სერვისის ხარისხის განსაზღვრაა.

 

კითხვები ეხებოდა, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან, არსამთავრობო და მედია ორგანიზაციებთან ურთიერთობას: რომელ ორგანიზაციებთან და როგორ ურთიერთობს ბიურო; რა სახით ახდენს ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე მოსახლეობის პრობლემების წამოწევას; საკრებულოში რამდენი და რომელი საკითხების ინიცირება მოახდინეს; რა კონკრეტული პრობლემები მოგვარდა მათი უშუალო ლობირებით და სხვა.   

 

კვლევას "სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი ახორციელებს", რომელშიც გაერთიანებულია ორმოცამდე არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის „ადამიანის უფლებათ და სოციალური სამართლიანობის დაცვის კვლევითი ცენტრი“ ( Tspress.ge )

 

"სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის"  ინფორმაციით, აღნიშნული კვლევა ემსახურება ბიუროების მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებას, მოქალაქეთა უფრო მეტ ჩართულობას მისი ფუნქციონირების პროცესში, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს მაჟორიტარი დეპუტატის კომუნიკაციის გაუმჯობესებას საკუთარ ამომრჩეველთან.

 

„სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის“ პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“, აღმოსავლეთისა და დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის G-PAC-ის მხარდაჭერითა და  ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID დაფინანსებით.

 

 

 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED