ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ფიზიკურად გაუსწორდა

2013.07.05 ავტორი: TS

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბაბილუას, საკუთარ სამუშაო ოთახში, საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ალექსანდრე თოფურია ფიზიკურად გაუსწორდა. ფაქტის შესახებ სამართალდამცავი ორგანოებისთვის არავის შეუტყობინებია და მისი შესწავლა ოფიციალურად არც საკრებულოში დაწყებულა.

დათო ბაბილუა და ალექსანდრე თოფურია

აღნიშნული ინფორმაცია TSpress-ს ინციდენტის თვითმხილველმა საკრებულოს წევრმა, გოჩა დოლბაიამ დაუდასტურა.

 

თოფურია საკრებულოს თავმჯდომარისგან, სპორტული დარბაზის სარემონტო სამუშაოებისთვის ფოთსი პორტის მიერ გამოყოფილი მეორადი სამშენებლო მასალის დროულად გადმოცემასა და რემონტის სწრაფად დასაწყებად პორტთან შუამდგომლობას თხოვდა, რაც დაპირისპირების მიზეზი გახდა.

 

ბაბილუამ მას განუმარტა, რომ პორტს ამის გაკეთებას ვერ აიძულებდა, რადგან კერძო კომპანიაა, რაც თოფურიასთვის მისაღები არგუმენტი არ აღმოჩნდა. თოფურიამ თავმჯდომარე უმოქმედობაში დაადანაშაულა, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო შემდეგ სახეშიც გაარტყა.

 

საკრებულოს თანამშრომელთა თქმით, თავმჯდომარე თვალთან არსებული სისხლჩაქცევების გამო, რამდენიმე დღე სამსახურშიც არ გამოჩენილა.

 

საკრებულოს წევრი გოჩა დოლბაია დაპირისპირების კონკრეტულ მიზეზებზე არ საუბრობს, თუმცა, მისივე განმარტებით, თოფურიას უარგუმენტო და უსაფუძვლო მოთხოვნები ჰქონდა.

 

დაპირისპირებას ადასტურებს საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბაბილუა, თუმცა, ფიზიკური შეურაცხყოფაზე დასმულ კითხვას უკომენტაროდ ტოვებს. 

 

შელაპარაკებას ადასტურებს, მაგრამ ხელის დარტყმას უარყოფს თოფურია. მისი განმარტებით, ეს კონკრეტულ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა იყო.

 

 

ინციდენტის თვითმხილველი გოჩა დოლბაიას ვარაუდით, თოფურიას ქმედება გარკვეულ მიზანს ემსახურება. საკრებულოს "ნაციონალი" წევრი დარეჯან ცხვიტარია TSpress-თან აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, მაჟორიტარსა და ფოთის მერს შორის ურთიერთობის დაძაბვის შემდეგ, ბესელია მერობას ბიზნესმენ გურამ წიწილაშვილის შვილს დაპირდა. ალექსანდრე თოფურია კი გურამ წიწილაშვილის სიძეა.

 

ცხვიტარიას აზრით, მსგავსი პროვოკაციული ქმედებები საკრებულოს წევრებზე ზეწოლას, ამ გზით მერის იმპიჩმენტის მიღწევასა და ბესელიას კადრისთვის ადგილის გამოთავისუფლებას ემსახურება. "როგორც გავიგე, წიწილაშვილს უთქვამს, მილიონს გადავიხდი, ჩემი შვილის გამერებაშიო,"-აცხადებს ცხვიტარია TSpress-თან საუბრისას.

 

ცხვიტარიას განცხადებით, თუ თავმჯდომარე არ შეიტანს საჩივარს, საკრებულოს სხვა წევრები შეიტანენ.

 

"თავმჯდომარემ მას უთხრა: წადი, ან გიჩივლებო"- აცხადებს ცხვიტარია. მისივე თქმით, სხვა კოლეგებმაც თოფურიას "კაცურად წასლა" ურჩიეს, თუმცა თოფურიას გადაწყვეტილება უცნობია. ცხვიტარიას ვარაუდობს, რომ თოფურიას ხულიგნობისთვის, თავდასხმისთვის და უფლებამოსილების გადამეტებისთვის პასუხისგება მოუწევს.

 

ცხვიტარია ბესელიას გუნდის სურვილებისთვის მხარდაჭერას კატეგორიულად გამორიცხავს. "მერობაზე სარსანიას რამდენიმე თვის წინ ხელი ავუწიეთ და ახლა ბესელიასთან დაპირისპირების გამო, არ გადავაყენებთ. ქალაქში თუ არაფერი კეთდება და ცენტრალური ხელისუფლება ტრანსფერს არ რიცხავს, ეს მერის ბრალი სულაც არაა,"-აცხადებს ცხვიტარია.

 

შეგახსენებთ, რომ ფოთის მერის პოსტზე "ქართული ოცნების"კანდიდატი დავით სარსანია, მიმდინარე წლის იანვარში დაინიშნა. ის მაჟორიტარის ფავორიტი კანდიდატი იყო.

 

საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბაბილუა საკრებულოს თავმჯდომარე 1 ოქტომბრის არჩევნებისა და "ნაციონალური მოძრაობის" დატოვების შემდეგ გახდა. მან ნაციონალი ივანე საღინაძე ჩაანაცვლა. ამჟმად ის საკრებულოს დამოუკიდებელი ფრაქციის წევრია. 

 

ალექსანდრე თოფურია კი ორი მოწვევის საკრებულოში „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდა და საკრებულოს საბიუჯეტო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე იყო. მის მიერ ბიუჯეტის შემოწმების ყველა დასკვნა დადებითია.

 

ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ თოფურიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა საერთოდ უარყო. მისი თქმით, 2010 წელს ის აიძულეს საკრებულოში პარტიული სიით შესულიყო.

 

ბოლო პერიოდში, თოფურია საკრებულოს სხდომებს ესწრება, თუმცა კენჭისყრის მომენტში დარბაზს ტოვებს, რასაც ხან საპირფარეშოში გასვლით ან „საქმის გამოჩენის“ მიზეზით ხსნის, რის შემდეგაც ქვორუმის პრობლემა იქმნება. არის შემთხვევები, როცა საკრებულო ამის გამო გადაწყვეტილებებს ვერ იღებს. ამ ქმედებას მისი კოლეგები საკრებულოს გევრდით შენობაში -"ქართული ოცნების" ოფისში კონსულტაციების მისაღებად გასვლით ხსნიან. 

 

 

ამავე თემაზე:

 

საქმის გარჩევა "ტოიოტა პრადოს" გამო ბესელიას ბიუროსა და ფოთის თვითმმართველობას შორის

 

ფოთის მერი - თვიმმართველობაში ჩარევის უფლება, არც პარტიას და არც მაჟორიტარს არა აქვთ[Video]

 

აქვს თუ არა ბესელიას მინისტრის დაბარების უფლება და რატომ ცრუობს პარლამენტარი?

 

ძალაუფლებისთვის ბრძოლა ბესელიასა და ფოთის მერს შორის

 

ფოთის მაჟორიტარის უკანონო მოთხოვნა საკრებულოს

 

დაკარგული და მაჟორიტარის კადრებისთვის დარიგებული ძვირადღირებული ავტომანქანები [Video]

 

კუდ-ის მიერ ფოთის მერიისთვის დაბრუნებული მანქანით ბესელიას ბიუროს უფროსი სარგებლობს

 

ბესელიას კადრის მიერ 1000 ლარით გაზრდილი ხელფასი და 42 ათასიანი მანქანა

 

დაპირისპირება ბესელიასა და მის ფავორიტ მერს შორის

 

ბესელია - ფოთის პოლიციის უფროსს რეკომენდაცია მე გავუწიე, ის ჩემი ნათესავია [Video]

 

"მაგრად" შემოჭერილი ქამრები"

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED