აზერბაიჯანის საპრეზიდენტო მარათონში ცოლ-ქმარი ალიევები კონკურენტები იქნებიან

2013.06.23 ავტორი: TS

ალიევების სახელმწიფო მმართველობაში და პოლიტიკურ არენაზე ოჯახის კიდევ ერთი წევრი - მეჰრიბან ალიევა ერთვება. ცოლ-ქმარი ერთმანეთის კონკურენტები არიან.

აზერბაიჯანის მორიგ საპრეზიდენტო კანდიდატად მოქმედი პრეზიდენტის მეუღლე, მეჰრიბან ალიევა დასახელდა.

 

Contact.az-ის ცნობით, გადაწყვეტილება  „აზერბაიჯანის დემოკრატიული სამყაროს“ პარტიის შეკრებაზე 15 ივნისს მიიღეს, მაგრამ ოფიციალურად ცნობა გუშინ გამოქვეყნდა. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეშია დაგეგმილი. რადგანაც არჩევნების დღე ყურბან-ბაირამს ემთხვევა, შესაძლოა, თარიღი შეცვალონ.

 

საინფორმაციო საშუალებებმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 7 ივნისს აზარბაიჯანის მმართველმა პარტიამ საპრეზიდენტო კანდიდატად მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დაასახელა. გადაწყვეტილება პარტიის მეხუთე ყრილობაზე მიიღეს. ამავე ყრილობაზე ქალბატონი მეჰრიბანი პარტიის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.

 

 „აზერბაიჯანის დემოკრატიულმა სამყაროს“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, „მეჰრიბან ალიევა ჩვენი ლიდერია და ჩვენი უფლებაა ლიდერის კანდიდატად დასახელება.“

 

მმართველი პარტია და არც თავად მეჰრიბან ალიევა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებენ.

 

ილჰამ ალიევი უკვე ორჯერ იყო არჩეული ქვეყნის მეთაურად, 2003 და 2008 წლებში. როცა ილჰამ ალიევი მოვიდა ხელისუფლებაში, მის გამოუცდელობას და ახალგაზრდობას უსვამდნენ ხაზს და  ვარაუდობდნენ, რომ მას გაუჭირბებოდა ქვეყნის მართვა. თუმცა, ალიევ-უმცროსმა რეჟიმიც გააძლიერა და საკუთარი ძალაუფლებაც. პარალელურად, დასუსტდა საზოგადოების სხვა სფეროები, მათ შორის, მასმედია და ოპოზიცია.

 

ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ ყოველი არჩევნების შემდეგ ძალაუფლება აღმასრულებელ ხელისუფლებაში მტკიცდებოდა, ამასთანევე, ადამიანის უფლებები იზღუდებოდა პერმანენტულად. ამიტომ, ანგარიშებში აზერბაიჯანი განსაზღვრულია, როგორც ავტორიტარული ქვეყანა, რომელიც „ნახევრადავტორიტარულიდან სრულად ავტორიტარული ჩამოყალიბდა.“ ამასთანევე, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები უმნიშვნელოდ სრულდება, რადგანაც მათი გავლენა აზერბაიჯანის მთავრობაზე, ასევე უმნიშვნელოა. 

 

მათ არ შეუძლიათ აზერბაიჯანის ხელისუფლება დაარწმუნონ იმაში, რომ აუცილებელია საზოგადოების ლიბერალიზაცია, რომელიც, პირველ რიგში მათ, როგორც ხელისუფლებას სჭირდებათ.

 

„კრიზისის საერთაშორისო ჯგუფის“ განცხადებით პოლიტიკური პარტიები, რელიგიური დაჯგუფებები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მასმედია იქამდეა მიყვანილი, რომ საკუთარი აზრის დაფიქსირებას ერიდებიან და კრიტიკაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ასევე, დღეს აზერბაიჯანში მიტინგების და დემონსტრაციების თავისუფლად ჩატარების საშუალება არ არის. ოპოზიციას აქციების ჩასატარებლად ან ნებას არ რთავენ, ან არბევენ.

 

დამოუკიდებელი მასმედია აზერბაიჯანში ფაქტობრივად არ არსებობს. შეზღუდულია რადიო „თავისუფლების,“ „ამერიკის ხმის“ და ВВС-ის მაუწყებლობა.



აზერბაიჯანში ალიევების ოჯახური მმართველობა ორ ჯგუფად იყოფა - ალიევები და პიშაევები (პრეზიდენტის მეუღლის გვარი). ეს უკანასკნელები ბაქოს ინტელიგენციას წარმოადგენენ და გამოირჩევიან ლიბერალური შეხედულებებითაც.

 

ნახიჩევანის მკვიდრი უფროსი ალიევის ფოტოები კი სრულიად აზერბაიჯანშია მოფენილი - მისი სახელობის პარკები, ქუჩები, სკვერები, სკოლები, ბიბლიოთეკები და ა. შ.

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED