საქმის გარჩევა "ტოიოტა პრადოს" გამო ბესელიას ბიუროსა და ფოთის თვითმმართველობას შორის

2013.06.20 ავტორი: იზა სალაყაია

ფოთის მაჟორიტარ ეკა ბესელიას ბიურო, დროებით სარგებლობაში გადაცემულ ავტომანქანას, ადგილობრივ ხელისუფლებას არ უბრუნებს. ფოთის მერმა კი ძვირადღირებული ავტომანქანის ამჟამინდელი ადგილსამყოფელისა და მოსარგებლის შესახებ, არაფერი იცის. TSpress-ის ინფორმაციით, ავტომანქანას მაჟორიტარის თანაშემწედწოდებული და ოფიციალურად გაურკვეველი სტატუსის მქონე, ბესელიასთან დაახლოებული პირი ზურაბ ჩაჩუა უკანონოდ სარგებლობს.

 

ფოთის მერი დავით სარსანია მხოლოდ იმას განმარტავს, რომ ბიუროს მანქანა ჯერ არ დაუბრუნებია.

 

საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბაბილუას განცხადებით, ის ელოდება როდის დააბრუნებს ბიურო თვითმმართველობის ქონებას, რომლის გასხვისებაც აუქციონის გზით იგეგმება. 

 

როგორც ცნობილი გახდა, ავტომანქანით სარგებლობის 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, ბესელიას ბიურომ, ავტომანქანით სარგებლობის ვადის კიდევ 1 წლით გაგრძელება ითხოვა.

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მაჟორიტარის ბიუროს უფროსი, ვალერი ტეტუნაშვილი უკვე მეორე კვირაა საჭესთან ჯდომისა და მუდმივად მოუცლელობის მიზეზით, TSpress - თან კომენტარს არ აკეთებს.

 

მოგვიანებით, მან კითხვების წერილობით გაგზავნა ითხოვა. TSpress -ის მიერ გაგზავნილ კითხვებზე: სად იმყოფება ამჟამად ავტომანქანა; ვინ სარგებლობს მისით; რომელი კანონის თანახმად ითხოვდა ბიურო 1 წლიანი ვადის გაგრზელებას; რატომ არ აბრუნებს ბიურო ავტომანქანას; რამდენი დასაქმებულია ოფიციალურად ბიუროში; - ტეტუნაშვილმა უპასუხა:


ავტომანქანა ტოიოტა პრადო სახ.ნომრებით BBT 880-ით ბიურო არ სარგებლობს ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ და ბიურო ელოდება თვითმართველობამ დროულად გამოყოს პასუხისმგებელი პირი რომელიც გადაიბარებს აღნიშნულ ავტომანქანას, რადგან მიღება-ჩაბარების აქტში უნდა აღინიშნოს ავტომანქანის ტექნიკური მდგომარეობა ჩაბარების დროისათვის. აქვე გთხოვთ, რომ დაინტერესდეთ რა ეტაპზეა აუქციონის საკითხი და გაითვალისწინეს თუ არა მაჟორიტარის რჩევა თვითმართველობის ძვირადღირებული ავტომანქანების(რომლითაც სარგებლობს ქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე), აუქციონზე გაყიდვასთან დაკავშირებით, რამეთუ ამ ფონზე, როდესაც უამრავი სოციალურად შეჭირვებულია ქალაქში, უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა თუ ქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, ეკონომიური და საშუალო კლასის ავტომობილებით ისარგებლებენ“- აღნიშნულია ტეტუნაშვილის მიერ მოწერილ პასუხში.

 

მერის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, როგორ უნდა ჩაუტარდეს იმ მანქანას ტექნიკური დათვალიერება, რომელსაც ბიურო არ აბრუნებს.

 

 ვინ სარგებლობს ბიუროსთვს გადაცემული 80 ათას ლარიანი TOYOTA PRADO-თი

 

მიმდინარე წლის დასაწყისში, ფოთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს სამართალდამცავი უწყებებისთვის გადაცემული ძვირადღირებული ავტომანქანების ნაწილი უკან დაიბრუნა, მათ შორის, კუდი-სთვის გადაცემული 80 ათას ლარიანი TOYOTA PRADO.

 

აღნიშნული ავტომანქანით მაჟორიტარის ბიუროს იმჟამინდელი უფროსი ზურაბ ჩაჩუა, ავტომანქანის დაბრუნებისთანავე არაოფიციალურად და კანონგარეშე სარგებლობდა. 

 

მოგვიანებით, ჩაჩუამ ფოთის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს, ბიუროსთვის მანქანის გამოყოფის მოთხოვნით, წერილობით მიმართა. საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ბიუროს ავტომანქანა  3 თვით გადაეცა.

 

ამის შემდეგ, ბიუროს ხელმძღვანლად ზურაბ ჩაჩუას ნაცვლად, ვალერი ტეტუნაშვილი დაინიშნა.

 

როგორც ბიუროში განმარტავენ, ჩაჩუამ, რომელიც არჩევნების პერიოდში ბესელიას საარჩევნო შტაბის წევრი იყო, მუშაობა პარლამენტარ ეკა ბესელიასთან, ქუთაისში გააგრძელა. ფოთის თვითმმართველობიდან მიღებული ინფორმაციით, ავტომანქანა ჩაჩუამ თან გაიყოლა. ფოთში ჩაჩუა, ეკა ბესელიას ჩამოსვლისას, მხოლოდ სხვადასხვა სახის შეხვედრებზე ჩნდება. 

 

პარლამენტის აპარატის სამდივნოს ხელმძღვანელის, თიკო ძნელაძის განმარტებით, ზურაბ ჩაჩუა ფოთის მაჟორიტარის ბიუროს თანამშრომლად ირიცხება. რეგლამენტის თანახმად კი, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის საპარლამენტო ბიუროს სამუშაო ადგილად ფოთი განისაზღვრება. ის პარლამენტში ჩაჩუას ოფიციალურად მუშაობას არ ადასტურებს. ქუთაისში მისი კონკრეტული თანამდებობის დასადგენად, თავად ჩაჩუასთან დაკავშირება შეუძლებელი გახდა. ის Tspress - ის სატელეფონო ზარებს მუდმივად არ პასუხობს.

 

ავტომანქანის დროებითი სარგებლობის სამთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, ბიუროს ახალმა ხელმძღვანელმა, ვალერი ტეტუნაშვილმა, მიუხედავად იმისა, რომ მანქანით თავად არ სარგებლობდა, მერია-საკრებულოს ვადის გაგრძელება კიდევ ერთი წლით თხოვა, თუმცა, უარი მიიღო.

 

ბიუროსთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს, რომ თვითმმართველობა არ აქვს საშუალება დააკმაყოფილოს თხოვნა და ბიუროს ავტომანქანის აუქციონის წესით გაყიდვის შესახებ აუწყებს.

 



 "ქ.ფოთის საკუთრებაში

არსებულიოსატრანსპორტო საშუალებები, გარდა თვითმმართველობის სამსახურეობრივი საჭიროებისათვის განკუთვნილისა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უნდა გაიყიდოს აუქციონის წესით გამომდინარე ზემოაღნიშნულისა, თვითმმართველ ქ. ფოთს არა აქვს საშუალება დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა ქ. ფოთის საკუთრებაში არსებული ავტოსტრანსპორტო საშუალების TOYOTA PRADO სანომრე ნიშნით, BBT – 880 , თხოვების ფორმით, აუქციონის გარეშე, ერთი წლის ვადით გადაცემის შესახებ“- აღნიშნულია ბიუროსთვის გაგზავნილ წერილში, რაზეც ბიურომ თვითმმართვლობას შემხვედრი ულტიმატუმი  წაუყენა. 

 

ბიუროს უფროსმა, ვალერი ტეტუნაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარეს წერილობით მიმართა და იმ ავტომანქანების აუქციონზე გაყიდვა მოთხოვა, რომლითაც მერი და საკრებულოს თავმჯდომარე სარგებლობენ. აღნიშნული წერილი ტეტუნაშვილმა სოციალურ ქსელ Facebook -ზე მაჟორიტარის ოფიციალურ გვერდზე გაასაჯაროვა,  თუმცა რა უძღოდა ამ წერილს წინ, მას არ გამოუქვეყნებია.

 

ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში კოტე კანდელაკის შეფასებით, ფოთის მაჟორიტარის ბიუროს ქმედება სამართლებრივ ჩარჩოებს ცდება და საქმის გარჩევას ემსგავსება.

 

მისი თქმით, როცა მაჟორიტარის ბიუროს დაფინანსების წესი შეიცვალა და ბიუროები თვითმმართველობის ბიუჯეტებიდან არ ფინანსდებიან და ეს ვრცელდება ქონების გადაცემასა და სხვა მომსახურების ხარჯების გაწევაზეც.

 

მისი განმარტებით, თვითმმართველობას შეუძლია ბიუროს ქონება გადასცეს იჯარით ან სხვა ფორმით, რაშიც ბიურომ  შესაბამისი ანაზღაურებაც უნდა გაიღოს.

 

„თუ საკრებულო თხოვს ქონების დაბრუნებას, ბიურო კი რაღაც პირობებს უყენებს, ეს ყველანაირ სამართლებრივ ნორმას ცდება და საქმის გარჩევას ემსგავსება. თუ თვითმმართველობა მიიჩნევს საჭიროდ, რომ მერი და საკრებულოს თავმჯდომარეს ესაჭიროება მანქანები, ხოლო დამატებითი მანქანების გასხვისება უნდა, ესეც მისი გადასაწყვეტია. თვითმმართველობა საკუთარ ქონებას როგორც უნდა ისე განკარგავს. ბიურომ მანქანები ყველა შემთხვევაში უნდა დააბრუნოს,“ - აღნიშნავს კანდელაკი.

 

წინა მოწვევის პარლამენტარ თემურ წურწუმიას ბიურო, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30 ათასი ლარით ფინანსდებოდა. ეკა ბესელიას განცახდებით, მან აღნიშნულ დაფინანსებაზე უარი თქვა და ხარჯი სოციალურ მუხლს დაემატა, თუმცა, სინამდვილეში, თავად ბიუროების დაფინანსების წესი შეიცვალა, რომლის თანახმად ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ბიუროების დაფინანსება აიკრძალა. ბესელიას წინამორბედი "ნაციონალი" დეპუტატის ბიურო, ფოთის ბიუჯეტიდან შეძენილი ძვირადღირებული ავტომანქანით არ სარგებლობდა. 

 

ზურაბ ჩაჩუა

ზურაბ ჩაჩუა ეკა ბესლიასთან ერთად ერთ-ერთ შეხვედრაზე

ზურაბ ჩაჩუა ეკა ბესელიასთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრაზე

ზურაბ ჩაჩუა ეკა ბესელიასთან ერთად გურიაში გამართულ დოღზე

 

* ფოტოები აღებულია ეკა ბესელიას ბიუროსა და ზურაბ ჩაჩუას ფეისბუქის გვერდებიდან


ამავე თემაზე:

 

ძალაუფლებისთვის ბრძოლა ბესელიასა და ფოთის მერს შორის

 

ფოთის მაჟორიტარის უკანონო მოთხოვნა საკრებულოს

 

დაკარგული და მაჟორიტარის კადრებისთვის დარიგებული ძვირადღირებული ავტომანქანები [Video]

 

კუდ-ის მიერ ფოთის მერიისთვის დაბრუნებული მანქანით ბესელიას ბიუროს უფროსი სარგებლობს

 

ბესელიას კადრის მიერ 1000 ლარით გაზრდილი ხელფასი და 42 ათასიანი მანქანა

 

დაპირისპირება ბესელიასა და მის ფავორიტ მერს შორის

 

ბესელია - ფოთის პოლიციის უფროსს რეკომენდაცია მე გავუწიე, ის ჩემი ნათესავია [Video]

 

"მაგრად" შემოჭერილი ქამრები"


 

 

 

 

 

 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED