ზუგდიდში ქუჩის ფესტივალი „არტ აქტივი“ გაიმართა [Photo]

2013.06.16 ავტორი: ქეთი გიგოლაშვილი

ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში ქუჩის ფესტივალი „არტ აქტივი“ გაიმართა.

როგორც TSpress–ს ღონისძიების ორგანიზატორმა თამარ ბოკუჩავამ განუცხადა, ფესტივალი ბავშვების ჩართულობასა და ინტერგრაციას ითვალისწინებს ხელოვნებაში. მათ საშუალება ექნებათ საკუთარი აზრები და ემოციები გამოხატონ და სპეციალურად განკუთვნილ კედელზე გადაიტანონ.

 

„ჩვენ ამ ღონისძიებაში გვეხმარება ესპანური ჯგუფი „ბოამისტურა“, რომელიც ბავშვებთან ერთად გრაფიტისა და ფუნჯების საშუალებით კედელს მოხატავს. პირველ ნაწილში თავად ბავშვები მოხატავენ კედელს, ხოლო შემდეგ „ბოამისტურა“ ერთგვარად საბოლოო სახეს მისცემს მას. ჩვენ ასევე გვეყოლება სტუმრები თბილისის 203–ე სმენა და მეტყველებადაქვეითებული სკოლიდან, რომლებიც ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლისა და სამხატვრო სკოლის ბავშვებთან ერთად კედლის მოხატვაში მიიღებენ მონაწილეობას,“ – აღნიშნა თამარ ბოკუჩავამ.

 

მისივე თქმით, ღონისძიება ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ხორციელდება და იგი ზუგდიდის გარდა, მესტიასა და რუსთავშიც გაიმართება.

 

ქუჩის ფესტივალის ერთ–ერთი მხარდამჭერია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

 

როგორც TSpress–ს გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი თოდუამ განუცხადა, დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია იმით, რომ ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა ესპანელი მხატვრების დახმარებით ლამაზი ნამუშევრები შეასრულონ. გარდა ამისა, განურჩევლად იმისა, ვის რა შესაძლებლობა აქვს, შესაძლებელია ადამიანებმა ერთმანეთს უსიტყვოდაც გაუგონ და სითბო და სიყვარული გამოხატონ.

 

თბილისის 203–ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილის თამარ კივრვალიძის თქმით, დღევანდელ ღონისძიებას სკოლის მე–3, მე–4 და მე– 5 კლასების 18 ბავშვი ესწრება.

 

„ბავშვები ძალიან ბედნიერები და გახარებულები არიან. ძალიან თბილი გარემო დახვდათ აქ და სიამოვნებით მივიღებთ ყველა იმ ღონისძიებაში მონაწილეობას, რომელიც მათთვისაა განკუთვნილი,“ – განუცხადა TSpress–ს თამარ კირვალიძემ.

 

გარდა კედლის მოხატვისა, ბავშვები სხვადასხვა ვიქტორინებსა და სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ ერთმანეთს. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზებიც გადაეცათ.

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED