ბრძოლა "ნაციონალების" "ქართული ოცნების" აქტივისტებით ჩანაცვლებისთვის

2013.06.13 ავტორი: იზა სალაყაია

ფოთის მერიაში, დაახლოებით 60 ადამიანი გათავისუფლდება. საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ შედეგები უკვე შეაფასა და გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა თანამშრომლებს პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. მიზეზად, ფოთის მაჟორიტარსა და მერს შორის არსებული დაპირისპირება სახელდება, რის გამოც საერთო გადაწყვეტილებაზე ვერ თანხმდებიან.

ფოთის მაჟორიტარ ეკა ბესელიას თანამშრომელთა მაქსიმალური შემცირება და კადრების „ქართული ოცნების“ წევრებით ჩანაცვლება სურს. პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი კაკულია კი, მერიის თანამშრომელთა "ბოროტმოქმედებაზე" საუბრობს და ამ მიზეზით სამსახურიდან მათ გაშვებას ითხოვს, თუმცა, ოფიციალურ მიზეზად ატესტაციის შედეგებს ასახელებს, მერს კი მიღებულ ვაკანსიებზე საკუთარი კადრების მოყვანა სურს.

 

TSpress - ის ინფორმაციით, საატესტაციო-საკონკურსო კომისიამ 11 თანამშრომელი პირდაპირი წესით გაათავისუფლა, 48-ზე კი კომისია ფოთის მერს რეკომენდაციით მიმართავს, რაზეც საბოლოო გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს. შემცირებები ძირითადად, ქალაქის ტერიტორიული მართვის ორგანოების (მუნიციპალიტეტი), ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კულტურის სამსახურებს შეეხება.

 

ფოთის მაჟორიტარსა და მერს შორს დაპირისპირება, თანამშრომელთა ატესტაციისა და გადაწყვეტილების მიღების პერიოდში, კიდევ უფრო გამწვავდა, რადგან სარსანიამ მხარი 60-ზე მეტი თანამშრომლის გაშვებას არ დაუჭირა. 

 

TSpress - ის ინფორმაციით, ბესელია დაახლოებით 150-მდე თანამშრომლის გაშვებას ითხოვდა. საატესტაციო-საკონკურსო კომისიაში ბესელიას პოზიციებს „ქართული ოცნების“ ფოთის ორგანიზაციის წევრი, ირაკლი კაკულია იცავდა.



ირაკლი კაკულიას ბრალდებები მერიის თანამშრომლებს და თავსუფლებებიბოროტმოქმედობისმიზეზით

 

პარტიული ნიშნით თანამშრომლების შემცირებაზე ისაუბრა "ქართული ოცნების" ფოთელმა ლიდერმა ირაკლი კაკულიამ ადგილობრივი ტელეკომპანია „მეცხრე ტალღის“ ეთერში.

 

„ხელი არ ამიკანკალდება, ისე მივცემ სამსახურიდან გათავისუფლებაზე "ნაციონალური მოძრაობის“ წევრების წინააღმდეგ ხმას“- განაცხადა კაკულიამ.

 

ზეპირი ტესტირებები მერიაში, რამდენიმე დღის წინ დასრულდა. თანამშრომელთა ნაწილი პარტიული ნიშნით სამსახურის დაკარგვის შიშის გამო სტრესულ მდგომარეობაზე საუბრობდა, რასაც ტელევიზიის ეთერში საუბრისას, არც კაკულია უარყოფს.

 

-„მთავარი არის ის, რომ კომისიის წევრები მაინც გამოვედით მორალურ-ზნეობრივი ნორმებიდან... იურიდიული, რა თქმა უნდა... თავიდან მიდიოდა საუბარი თუ რას აკეთებს ადამიანი თავის სამუშაო ადგილზე და როცა შემოვიდოდა დიალოგში, შემდგომ ისმებოდა პროფესიული კითხვები, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომელებსაც კითხვაც ვერ დავუსვით, სტრესულ მდგომარეობაში იყვნენ,“- განაცხადა ტელევიზიის ეთერში კაკულიამ.

 

მან საჯარო სამსახურის თანამშრომლები, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“პერიოდში მუშობდნენ ბოროტმოქმედებად მოიხსენია. კაკულიას არ უარყვია, რომ თანამშრომელთა შემცირებისთვის „ძალისხმევა“ ჭირდება, რომელსაც არ დაიშურებს.

 

„ვთქვი, რომ ბოროტმოქმედების წინააღმდეგ მივცემ ხმას, მაქვს ჩემთვის ჩანიშნული, მოწოდებული ინფორმაცია. როგორც „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ამა თუ იმ პიროვნების შესახებ მომდიოდა ინფორმაცია. თქვენ წარმოიდგინეთ, არ დამჭირდება ბევრი ძალისხმევა ამ პიროვნებების წინააღმდეგ იმიტომ, რომ მათ, ვინც ამას აკეთებდა ვერ გასცეს ფაქტიურად კითხვებს პასუხები,“- განაცხადა პარტიის ლიდერმა.

 

 

TSpress - თან საუბრისას კაკულია არ აკონკრეტებს რა სახის დანაშაულის შესახებ ფლობს ინფორმაციას, ან რატომ არ აწვდის შესაბამის ორგანოებს რეაგირებისათვის და რატომ იყენებს ამას გათავისუფლებისას შანტაჟის იარაღად. მისი თქმით, კანონდარღვევის ფაქტებზე სამართალდამცავი უწყებებისთვის არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებია. კაკულია არც აღნიშნული ინფორმაციის მიმწოდებლებს აკონკრეტებს.

 

ის უარყოფს იმ ფაქტს, რომ მაჟორიტარის ბიუროსთან ერთად, სამსახურიდან გასაშვებთა სია წინასწარ ჰქონდა შედგენილი.

 

„ბოროტმოქმედობასა და დანაშაულზე კონკრეტულად არ ვსაუბრობ, ზოგადად ვამბობ და არა მგონია, ეს ჩემის მხრიდან დანაშაულის დაფარვა, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა ან მსგავსი რამ იყოს. კონკრეტულ დანაშაულებებზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ, მაგალითად, მასიურად დაუნგრიეს ხალხს ავტოფარეხები. ეს ხალხი იყო მაშინ თანამდებობეზე და სამსახურებში,“- განაცხადა TSpress-თან საუბრისას კაკულიამ.

 

მას მიაჩნია, რომ წინა წლების გათვალისწინებით, სამსახურიდან ორჯერ მეტი ადამიანი უნდა წავიდეს, ვიდრე იგეგმება და ისინი ახალი კადრებით უნდა ჩანაცვლდეს.

 

 

საატესტაციო კომისიის ნაციონალი წევრის, კახა გუგუჩიას განცხადებით, ატესტაციის ერთადერთი მიზანი სამსახურიდან თანამშრომელთა გათავისუფლება და მათი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებით ჩანაცვლება იყო და არა თანამშრომელთა კვალიფიკაციის შემოწმება.

 

მისი განცხადებით, კომისიაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელები ატესტაციის შედეგებზე დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას ვერ იღებენ, რის გამოც პროცესები დროში ჭიანურდება.

 

                                                       მაჟორიტარის თათბირი

 

ფოთის მერი დავით სარსანია, მაჟორიტარ ეკა ბესელიას სასურველი კანდიდატების დანიშვნაზე უარს აცხადებს, რაზეც რამდენიმე დღის წინ ფოთის მერიაში ორი თათბირი გამართვა და მერის მოადგილედ მერის მეგობრის, ლაშა კუპრეიშვილის მაჟორიტარისგან დამოუკიდებლად დანიშვნაც მიუთითებს. ეკა ბესელია საატესტაციო კომისიის წევრებსა და პარტიის წარმომადგენლებს საკუთარ ბიუროში ხვდებოდა, ხოლო პარალელურ რეჟიმში ფოთის მერი სამსახურის უფროსებთან მართავდა შეხვედრებს.

 

TSpress-ის ინფორმაციით, ბესელიასთან შეხვედრაზე ირაკლი კაკულია გამოთქვამდა ეჭვს, რომ ფოთის მერი "ნაციონალებთან" იყო შეკრული.

 

"თავიდანვე იგრძნობოდა, რომ შეკრული იყო ნაციონალებთან"- არწმუნებდა შეხვედრაზე კაკულია ბესელიას, თუმცა შეხვედრის დასასრულს, კაკულიამ  აღნიშნული და მერთან დაპირისპირება უარყო. 

 

იმავე დღეს, შერიგებისა და თანამშრომლობის გაგრძელების მიზნით, ფოთის მერთან ეკა ბესელიას წარმომადგენელი ომარ ხუხუნი მოლაპარაკებას მართავდა, მერთან შეხვედრიდან გამოსული ომარ ხუხუნი ბესელიასაც შეხვდა. მასთან ერთად იმყოფებოდა მერის ახლადდანიშნული მოაგდილე ლაშა კუპრეიშვილი, რომელიც მერის მეგობარია. მათ TSpress - თან კომენტარი არ გააკეთეს. მოგვიანებით, ბესელიამ მერია ისე დატოვა, რომ ფოთის მერს არ შეხვედრია.

 

 

ფოთის მერის დავით სარსანია ომარ ხუხუნთან და ლაშა კუპრეიშვილთან შერიგებაზე საუბარს ადასტურებს, მისი თქმით,  მათ თხოვეს, რომ მაჟორიტართან თანამშრომლობა ისევ მშვიდ ვითარებაში გაგრძელებულიყო.

 

კაკულიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ სარსანია "ნაციონალურ მოძრაობასთან" გარიგებიაშია, სარსანია არაკორექტლს უწოდებს. ის კაკულიას წინასაარჩევნო პერიოდში მის საქმიანობას ახსენებს.

 

სარსანიას განცხადებით, ის პიროვნულად არავისთანაა დაპირისპირებული, ზოგადად უსამართლობის წინააღმდეგ მოქმედებს. ის კონკრეტულ უსამართლობაზე არ საუბრობს.

 

"მე გამოვთქვი მზაობა, კანონის ფარგლებში თანამშრომლობასა და საქმის კეთებაზე ნებისმიერ ადამიანთან მზად ვარ. პიროვნულად არავის ვუპირისპირდები, კლანურ მმართველობას ვეწინააღმდეგები. რატომ მიპირისპირდება კაკულია, ეს მას უნდა კითხოთ"- განაცხადა სარსანიამ TSpress - თან საუბრისას. 

 

მოგვიანებით, კაკულიამ სარსანიასთან დაპირისპირება "მეცხრე ტალღის" ეთერში დაადასტურა, თუმცა მიზეზები არ განუმარტავს. 

 

ბესელია-კაკულიას მერთად დაპირისპირებაზე ინფორმაცია თავდაპირველად  TSpress -მა გაავრცელა, რის შემდეგაც კაულია გამოცემასთან კომენტარს არ აკეთებს,  ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს ან ტელეფონს თიშავს.



                         " ქართული ოცნების" აქტივისტები დასაქმების მოლოდინში

 

ბესელიას ბიუროში შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ირაკლი კაკულიამ შეხვედრა პარტიის ოფისში პარტიის წევრებთან გამართა, სადაც TSpress-ის ინფორმაციით, პარტიის წევრებთან მერიაში გამოთავისუფლებულ ადგილებსა და მათთვის მიცემულ დასაქმების დაპირებაზე ისაუბრა.

 

შეხვედრაზე კაკულია განმარტავდა, რომ თანამშრომლების მასობრივად შემცირება დაბრკოლდა, რის გამოც აქტივისტების დასაქმება ისევ პრობლემაა. მის ამ განცხადებას,  პროტესტი და ხმაური მოყვა.

 

კაკულიას ინიციატივით პარტიის წევრებმა მერიის გადადგომის მოთხოვნითა და მისი კაბინეტის კარის აჭედვის გადაწყვეტილება მიიღეს. 

 

"მეცხრე ტალღის" ეთერში კაკულიამ აღნიშნული ინფორმაციაც დაადასტურა, თუმცა, აღნიშნა, რომ ინიციატორები თავად პარტიის წევრები იყვნენ, რაც თითქოს მან გადააფიქრებინა.

 

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფლობს ფოთის მერი, დავით სარსანიაც, თუმცა, მისი თქმით, უცნობია რა მიზეზით ითხოვენ მერის გადადგომას.

 

მერის გადაყენების შემთხვევაში, მერად ირაკლი კაკულია მოიაზრება.

 

"მერის გადადგომის იურიდული საფუძველი ან კონკრეტული მიზეზი უნდა არსებობდეს. კონკრეტულად არავის დავასახელებ, მაგრამ ვიღაცას, რომ მერობა სურს ეს არ კმარა."- აღნიშნა სარსანიამ TSpress-თან საუბრისას. 

 

ბოლო 4 წელიწადია, პარტიის ამჟამინდელი ლიდერი ირაკლი კაკულია ბიზნესსაქმიანობით ყაზახეთში იმყოფება, ის საქართველოში და ფოთში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაბრუნდა და მერის ვაკანტურ პოსტზე კონკურსის გამოცხადება მოითხოვა. კაკულია კონკურსში მონაწილეობას არ გამორიცხავდა, თუმცა, მოგვიანებით, კონკურსში მონაწილეობა არ მიიღო. პარტიის წევრები განმარტავდნენ, რომ კონკურსში მონაწილეობა ბესელიამ გადააფიქრებინა და სანაცვლოდ, პარტიის თავმჯდომარეობა შესთავაზა.


                                             გაუმჭვირვალე ატესტაცია

 

TSpress-ს ფოთის მერიაში საკადრო ცვლილებებისა და საატესტაციო–საკონკურსო კომისიის მუშაობის პროცესის მონიტორინგი, ორგანიზაცია "კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კლევითი ინსტიტუტის" პროექტის ფარგლებში უნდა განეხორიციელებინა. აღნიშნულთან დაკავშირებით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ფოთის საკრებულოსა და საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე დავით ბაბილუასთანაც შედგა, სადაც ამ უკანასკნელმა პროცესების გამჭვირვალობის მიზნით, თანამშრომლობაზე მზადყოფნა გამოთქვა.

 

მერიაში საატესტაციო–საკონკურსო კომისიის ბოლო სხდომებზე, რომელზეც თანამშრომელთა ტესტირება მიმდინარეობდა, ხოლო შემდგომ კი გადაწყვეტილება მიიღებოდა, TSpress-ის ჟურნალისტი არ დაასწრეს. მიზეზად, კომისიის თავმჯდომარე დავით ბაბილუამ გადაწყვეტილების მიღების "პროცესი" დაასახელა და აღნიშნული სხდომა სასამართლო კოლეგიის სხდომას შეადარა.

 

მისი თქმით, კონკურსის საბოლოო შედეგები საკრებულოს მისაღებში გამოიკვრება და ინფორმაციის მიღების პრობლემა არ იქნება. 

 

"ეს იყოს ჩვენი თათბირი, გაადწყვეტილების მიღებაზე ვთათბირობდით. მოსამართლე, რომ მიდის გადაწყვეტილების მისაღებად და სათათბიროდ გადის ჟურნალისტები მიყვებით, ხომაა დახურული?"- განმარტა ბაბილუამ. კომისიის სხვა წევრების განმარტებით, ჟურნალისტის არდაშვების შესახებ გადაწყვეტილება ირაკლი კაკულიამ მიიღო, რასაც სხვები ვერ შეეწინააღმდეგნენ. ამას თავად კაკულია უარყოფს.

 

ინტერნეტგამოცემა Tspress–ს, რომელსაც თვითმმართველობის საქმიანობის მონიტორინგის 8-წლიანი გამოცდილება აქვს, საატესტაცციო კომისიის მუშაობის პროცესში ჩართვაზე უარი განუცხადეს, რაზეც გამოცემას მერისგან ოფიციალური პასუხი მოუვიდა.

 

მერი კომისიაში ჩართვის შესახებ უარს, დავით ბაბილუას პრეროგატივით ხსნიდა, რომელიც საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეა, რასაც თავად ბაბილუა უარყოფს და აცხადებს, რომ კომისიის წევრები მერის სურვილით შეიცვალა. კომისიის შემადგენლობიდან ამოიღეს "სამართლიანი არჩევნების" ფოთის წარმომადგენელიც. აღნიშნული ორგანიზაცია, საკადრო ცვლილებების მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით ახორციელებს.

 

 

ამავე თემაზე:

 

მაჟორიტარი და მერი საკადრო წმენდაზე ცალ-ცალკე თათბირობენ


დაპირისპირება ბესელიასა და მის ფავორიტ მერს შორის



მერიაში საჯარო სხდომას TSpress-ს არ ასწრებენ


ფოთის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში არასამთავრობოები არ შეიყვანეს


გათავისუფლებები ფოთის მერიაში ზეპირი ტესტირების საფუძველზე [Video]


ფოთის მერი - არამიზანშეწონილად მიმაჩნია შეხვედრებზე ჟურნალისტების დასწრება


ფოთის მერის მეგობარი და მაჟორიტარის მხარდამჭერის შვილი თანამდებობებზე უკონკურსოდ დაინიშნენ


ფოთის მერი და მაჟორიტარი თანამშრომლების შემცირების მეთოდების ძიებაში


ბესელიას განცხადებას ფოთის მერიაში კონკურსის გამოცხადების შესახებ, მერი არ ადასტურებს [Video]


ფოთის მერის თანამშრომლებმა გათავისუფლების შესახებ გაფრთხილება მიიღეს


ფოთის მერის ვაკანტურ თანამდებობაზე შესარჩევი კომისია შეიქმნა


ფოთის მერისა და მაჟორიტარის უარი კომენტარზე TSpress-ს [Video,Audio]


ირაკლი კაკულია ფოთის მერის ვაკანტურ პოსტზე კონკურსის გამოცხადებას ითხოვს


 


 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED