დავით ებრალიძე გადადგომის მიზეზებზე საუბრობს

2013.06.13 ავტორი: TS

ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ებრალიძე, რომელიც 30 მაისს საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგა, გადადგომის მიზეზებს სოციალურ ქსელში "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე განმარტავს. გადადგომის შემდეგ ეს მისი პირველი კომენტარია, გთავაზობთ მას უცვლელად:

„პრინციპები, რომელიც გახდა შეუთანხმებლობის მიზეზი:
შემუშავებული კანონპროექტი რამოდენიმე მნიშვნელოვან სიახლეს ითვალისწინებდა, რომელთა შორის იყო მაგალითად, შემოსავლების სამსახურის მიერ დავებზე მიღებული გადაწყვეტილებების გამოქვეყნების მოთხოვნა. თავდაპირველი მიუღებლობის მიუხედავად შემოსავლების სამსახური ჯანსაღად დათანხმდა ამ აუცილებლობას.

 

შემოსავლების სამსახურის მხრიდან დაუძლეველი წინააღდეგობა გამოიწვია დებულებამ, რომ: დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება სავალდებულო უნდა ყოფილიყო გამოსაყენებლად საგადასახდო ორგანოებისთვის იდენტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღებისას. შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობამ მოიკლა თავი, რათა ამ პრინციპის საგადასახადო კოდექსში ასახვა არ მომხდარიყო. არადა, დღეს მოქმედი კანონმდებლობა (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე- 3 პუნქტი) შემოსავლების სამსახურს (და არა მხოლოდ მას) სწორედაც, რომ ამ პირნციპით მოქმედებას ავალებს („საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება“), მაგრამ დღემდე ეს არ სრულდება.

 

აღნიშნული დებულების ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსიდან საგადასახადო კოდექსში ასახვის მიზანი იყო იმის ხაზგასმა, რომ ამ პრინციპის გატარება მეტად მნიშვნელოვანია საგადასახადო ადმინისტრირების დაჩქარებული გაჯანსაღებისთვის. თუ რევიზორები არ იქნენ ვალდებული ანალოგიურ საკითხზე დავების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მსგავსად მოახდინონ შემდგომი დარიცხვები, მაშინ ისინი ყოველ შემდგომ ჯერზე ძველებურად და მაშასადამე არასწორად დაარიცხავენ. (ასეც ხდება, არ ხდება დავების პრაქტიკის საფუძველზე რევიზიის დახვეწა) არავითარი შვება არ არის, რომ მერე ეს საქმე დავების საბჭოში ამოვა და საბჭო მას მოხსნის. მცირე და საშუალო მეწარმეების უდიდესი ნაწილი რესურსების შეზღუდულობის გამო ვერ უმკლავდება საგადასახადო დარიცხვიდან გამომდინარე სხვადასხვა პრობლემებს და მანამდე კოტრდება სანამ მათი დავა ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოში ადის.

 

შემოსავლების სამსახურის პარალელურად, ფინანსური პოლიცია დაუპირისპირდა კანონპროექტის იმ დებულებას, რომელიც ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოს წევრებს მოსამართლეების მსგავსი იმუნიტეტით აღჭურვავდა. პროექტის თანახმად დავების საბჭოს წევრისთვის, მისი შინაგანი რწმენის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე პასუხის მოთხოვნა იზღუდებოდა.

 

თუ მსგავსი იმუნიტეტი არ ექნება დავების საბჭოს, მაშინ დავების საბჭო ვერასდროს ვერ გახდება ეფექტური ორგანო. დავების საბჭო იხილავს ფინანსური პოლიციის დარიცხვებს. თუ დავების საბჭო გააბათილებს ფინანსური პოლიციის დარიცხვას და ფინანსური პოლიცია ამას მტკივნეულად მიიღებს (ფინანსური პოლიცია ასეთ გადაწყვეტილებებს აუცილებლად მტკივნეულად მიიღებს მისი ბუნებიდან გამომდინარე), მას, არსებული კანონმდებლობით შეუძლია საბჭოს წევრებზე სისხლისამართლებრივი დევნა განახორციელოს. (და ამას ადგილი ჰქონდა.) სწორედ ამიტომ იყო აქამდე უფუნქციო და ამიტომ იღებდა დავების საბჭო როგორც წესი (განსაკუთრებით ფინანსური პოლიციის დარიცხვებისას) უარყოფით გადაწყვეტილებებს. არავის სჭირდებოდა ზედმეტი თავისტკივილი და ფინანსურ პოლიციასთან მტყუან-მართლის გარკვევა.

 

საქართველოში ბიზნესისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკფაქტორია საგადასახადო პრობლემატიკა. პრობლემურია არა იმდენად გადასახადები, განაკვეთების მოცულობები (იგი ერთერთი დაბალია საქართველოში), არამედ ბუნდოვანება, სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობა და გამომდინარე საგადასახადო და შესაბამისი სისხლისამართლებრივი სანქციები. ბიზნესისთვის საგადასახადო საკითხებზე სახელმწიფოსთან ურთიერთობა არაპროგნოზირებადია, შესაბამისად იგი ბიზნესაქმიანობის ყველაზე დიდ სტრესფაქტორს წარმოადგენს. სტრესია უკლებლივ ყველა მეწარმესთვის, ჰქონდა თუ არა შეხება უკვე შესაბამის საგადასახადო სამსახურებთან. მეწარმეობა საგადასახადო კუთხით რეალურად დანაღმულ ველზე ორიენტაციის გარეშე მოქმედებაა. თუ ჩვენ ამ სტრესს მოვხსნით, ან მინიმუმამდე დავიყვანთ, ეს ბიზნესს სულ სხვა სიცოცხლესს, ახალ ენერგიას შესძენს.

 

ამ საკითხების დალაგებაში დავების მოწესრიგებას სწორედ რომ გადამწყვეტი როლი ეკისრება. თუ საგადასახადო დავების ორგანო იფუნქციონირებს გამართულად, სამართლიანად, ტრანსფარანტულად და ერთგვაროვნად და მისი ამ პრინციპებზე მიღებული გადაწყვეტილებები დაუბრკოლებლად გატარდება შემდგომ დარიცხვებისას ანალოგიურ გარემოებებისას, მაშინ ძალიან მალე ზემოთ აღნიშნული ბიზნესის საგადასახადო სტრესი მოიხსნება. ბიზნესისთვის ნათელი და პროგნოზირებადი გახდება საგადასახაო ადმინისტრირებასთან დაკავშირებული საკითხები.

 

აღნიშნულს ადგილი არ ექნება თუ დავების საბჭო არ იქნა სამართლებრივად დაცული და მისი გადაწყვეტილებები მსგავსი გარემოებების არსებობისას არ გახდება შესასრულებლად სავალდებულო საგადასახადო შემოწმებებისას. ბიზნესისთვის და რევიზორისთვის არ იარსებებს რეალური ორიენტირი.

 

ჩვენი ხელისუფლების მთავარი გამოწვევაა შევძლოთ ადმინისტრირების დონის შენარჩუნება სამართლებრივ სივრცეში. მის მიღწევას მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება სჭირდება. რეფორმები დროულად უნდა გატარდეს. მათი გაუტარებლობის შემთხვევაში იმ ადმინისტრირების დონის შენარჩუნებაც კი შეუძლებელი იქნება რაც დღეს არის,“ - ნათქვამია დავით ებრალიძის განცხადებაში.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED